დედა სიდონიას ლოცვით გამთბარი სამკაული და ფერთა საოცარი გამა

გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილია თმის ორიგინალური თავსაბურავები, სამკაულები, სამაჯურები, ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ქალის ეროვნული სამოსი. ასევე გამოფენილია ქართველი მოდელების ფოტოსურათები, რომლებსაც დედა სიდონიას საავტორო ნამუშევრები ამშვენებთ.

დედა სიდონია (ნატალია ყაჭიაშვილი) 17 წლის იყო, როდესაც პირველად მივიდა სამთავროს დედათა მონასტერში, რის შემდეგაც თავისი ცხოვრება დედა ეკლესიას დაუკავშირა. მან ხელსაქმე, ქარგვა, გობელენი სწორედ სამთავროს დედათა მონასტერში შეისწავლა. შემდეგ საბერძნეთში წავიდა, იქ ისწავლა ჯვრიანი, მძივებით აწყობილი სამაჯურის კეთება. იმდენად გაიტაცა ფერთა შეხამებამ, მძივებზე მუშაობამ, გადაწყვიტა ხელსაქმეს დაბრუნებოდა და ნაქარგობა შემოეტანა თანამედროვე აქსესუარებში. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ინოვაცია. მრავალფეროვანი, სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით დატვირთული ხელნაკეთი სამკაულები დედა სიდონიასთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთგვარ გამოხატულებად იქცა.

© FB/ დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრებიდედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები
დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები

მისი დახვეწილი და საუცხოო სამკაული იქმნება უჟანგავ მეტალზე, ვერცხლზე შერეული ქვებით. ძირითადი მასალა საბერძნეთიდან ჩამოაქვს და ყოველთვის ცდილობს კარგი ხარისხის ქვებზე იმუშაოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს საოცარ ელფერს.

„მუშაობის დროს ძალიან დიდი ნებისყოფა და დაკვირვებაა საჭირო. ყოფილა შემთხვევა, ხუთჯერ გამწყვეტია ძუა, დამბნევია ქვები, გაფანტულა, მომიკრეფია და თავიდან ამიწყვია. თავსამკაულის აწყობას 5 საათი სჭირდება, სულ ბოლოს, კვანძის გაკეთებისას გამწყვეტია“, — იხსენებს დედა სიდონია.

დედა სიდონიას რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. „კახაბერი და ხანუმებისთვის“ შექმნა განსხვავებული და ორიგინალური სამკაულები. მის გამოფენაზე სუხიშვილებმა „სამაია“ დედა სიდონიას მიერ მოქარგული თავსამკაულით შეასრულეს. სულ ცოტა ხნის წინ მისი ნაკეთობებით დაინტერესდა დიზაინერი საშა არუთინოვი. მან თავად შეარჩია ნამუშევრები, რომელსაც მოსკოვში წარადგენს. ძველი ორნამენტებითა და ქარგვის ხელოვნებით შთაგონებულმა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა კი დედა სიდონიასთან ერთად ახალი, არაჩვეულებრივი და საოცარი კოლექცია შექმნა. დიზაინერმა უახლესი კოლექცია ქართული ნაქარგობის ტრადიციის გამოყენებით, ფერადი ძაფებით, ბროლით და მარგალიტებით კონცეპტუალური ბრენდისთვის შექმნა. აბრეშუმის ბახრამებსა თუ დანარჩენ სამოსზე ნაქარგობა, თითოეული ბისერი, ძვირფასი თვალი თუ ქვა დედა სიდონიამ ხელით გადაიტანა. მას რამდენიმე მოსწავლე და მონაზონი უწევდა დახმარებას.

21 დეკემბერს კი თბილისში, სასტუმრო „მუზეუმში“ დედა სიდონიას ახალი ნამუშევრების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც ქართული ორნამენტული ნაქარგები და ექსკლუზიური სამკაულები გამოიფინა.

გამოფენაზე წარმოდგენილია თმის ორიგინალური თავსაბურავები, სამკაულები, სამაჯურები, ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქალის ეროვნული სამოსი, რომლებიც დედა სიდონიამ ცნობილ ქართველ დიზაინერთან დათუნა სულიკაშვილთან ერთად შექმნა. ასევე გამოფენილია ქართველი მოდელების ფოტოსურათები, რომლებსაც დედა სიდონიას საავტორო ნამუშევრები ამშვენებთ.

© FB/ დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრებიდედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები
დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათისაა და გაყიდვებით შემოსული თანხა ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის ცენტრის (ჰოსპისის) აშენებას მოხმარდება.

„გამოფენა გავაკეთე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც სხვადასხვა დროს ცალ-ცალკე მქონდა გაკეთებული კოლაბორაცია. საშობაოდ კი ჩვენ ოთხივე გავერთიანდით. გვსურს ამ მეგობრობამ ნაყოფი გამოიღოს და რაღაც კარგისკენ მივმართოთ. ეს არის პატარა წვლილი ქართული ტრადიციული ორნამენტის და ფერების, ქართული სულის გადარჩენის საქმეში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის, რომ აღნიშნული გამოფენის მიზანი სიკეთე და ქველმოქმედება იყო. იხსნება პალიატიური მზრუნველობის ცენტრი (ჰოსპისი) და ჩვენ გვინდა შემოსული თანხა გადავცეთ მათ“, — განაცახდა დედა სიდონიამ.

დედა სიდონიას საშობაო გამოფენა-გაყიდვა 25 დეკემბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0