თბილისი, 22 დეკემბერ — Sputnik. თბილისში დედა სიდონიას ახალი ნამუშევრების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც ქართული ორნამენტული ნაქარგები და ექსკლუზიური სამკაულები გამოიფინა.
ექსპოზიციაზე, რომელიც 25 დეკემბრამდე გასტანს, წარმოდგენილია თმის ორიგინალური თავსაბურავები, სამკაულები, სამაჯურები, ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქალის ეროვნული სამოსი, რომლებიც დედა სიდონიამ ცნობილ ქართველ დიზაინერთან დათუნა სულიკაშვილთან ერთად შექმნა. ასევე გამოფენილია ქართველი მოდელების ფოტოსურათები, რომლებსაც დედა სიდონიას საავტორო ნამუშევრები ამშვენებს.
„სხვადასხვა წლებში ლაშა დევდარიანთან, კახაბერ ცისკარიძესთან და ხანუმებთან, დათუნა სულიკაშვილთან ერთობლივი პროექტები განვახორციელე. დღეს ყველანი გავერთიანდით და ეს გამოფენა გავაკეთეთ. ის იმას ემსახურება, რომ ქართული ქარგვის ტრადიციის სული დავიწყებას არ მიეცეს, პირიქით, განვითარდეს. და ამავე დროს სიკეთის მომტანი იყოს“, — განუცხადა დედა სიდონიამ ჟურნალისტებს.
მონაზონ სიდონიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას საქველმოქმედო დანიშნულება აქვს – გაყიდვით მიღებული თანხა ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის ცენტრის (ჰოსპისის) აშენებას მოხმარდება.