საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წიგნების პრეზენტაცია, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროში 2016 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველების გამარჯვებას მიეძღვნა.
რიოს ოლიმპიადაში ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობის შესახებ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოსცა ფოტოალბომი, სადაც შევიდა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრთა სურათები, ასევე გამოქვეყნდა წიგნები ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ მე ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი ვარ დღევანდელ სპორტულ სამყაროში, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. ვეცდები გავაკეთო ყველაფერი შესაძლებელი, რათა აქტიურად ვიყო ჩართული შემდეგ ოლიმპიურ ციკლში და ვიბრძოლო მესამე ოლიმპიური მედლისთვის", — განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა თავისუფალი სტილის ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ოლიმპიადის გმირმა პირობა დადო, რომ მომავალშიც ღირსეულად წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო შეჯიბრებზე.
"მომავალში ჩემი მთავარი მიზანია უკეთესი შედეგების მიღწევა. ვგეგმავ საკუთარი გამარჯვებების გამეორებას და უფრო მაღალი ტიტულების მოპოვებას ოლიმპიადაზე და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე", — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ასევე კმაყოფილი დარჩა ქართული ნაკრების მიღწევებით რიოში გამართულ ოლიმპიადაზე.
"ამ ოთხწლიან ციკლს ძალიან მაღალ დონეზე შევაფასებდი. საერთო ჯამში ეს კარგი პერიოდი იყო საქართველოს გუნდებისთვის", — განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
წიგნების პრეზენტაციას ესწრებოდნენ თავად ოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელობა.