— ეს ცხოვრება იმად არ ღირს, რომ ვიღაცის და რაღაცის გამო ნერვები ვიშალოთ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი, რასაც ჩვენს თავს გავუკეთებთ, არის მოგზაურობა. ადამიანი რაც უფრო მეტს ნახავ, უფრო მეტი ემოცია დაილექება შენ გონებაში და ბედნიერებას მოგანიჭებს. ზოგადად ყოველდღიურ საზრუნავზე დიდი დრო და ენერგია არ უნდა დავხარჯოთ, ჯობს იგი მოგზაურობისთვის შემოვინახოთ, მით უმეტეს, დღეს ძალიან ადვილია მოგზაურობა. მე ერთი კვირის წინ მიუნხენში 12 ევროდ ვიფრინე. ასე რომ, უკვე ყველა სოციალური სტატუსის ადამიანს შეუძლია წელიწადში ერთხელ წავიდეს სამოგზაუროდ. ერთი მოგზაურობის პერიოდში შეგიძლია ნახევარი ევროპა ნახო, რადგან ბუდაპეშტიდან ვენაში ორ საათში გადადიხარ ავტობუსით, მერე პრაღაში და ა.შ.
– გაიხსენეთ პირველი მოგზაურობა. ალბათ, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო…
– პირველად სამოგზაუროდ ანტალიაში წავედი. ეს იყო ჩემთვის მართლა დაუვიწყარი მოგზაურობა. წარმოიდგინეთ, 90-იანი წლებია, საქართველოში სიბნელეა, გაჭირვების პერიოდია და მოულოდნელად ჩადიხარ სხვა განზომილებაში და ხედავ, თურმე, როგორ ცხოვრობს ხალხი. გზად კაბადოკიაში და ტაო-კლარჯეთში გავიარეთ. კაბადოკია არის საოცრება — ოთხსართულიანი მიწისქვეშა ქალაქი. ჩადიხარ მიწის ქვეშ და ათვალიერებ საოცარ ადგილებს. შემდეგ დავათვალიერე სიდე. სიდე არის ქალაქი, სადაც ოცჯერ ვარ ნამყოფი. ყოველ წელს სიდეში ტარდება თეატრალური ფესტივალი „ივსაატი“ და გერმანელ რეჟისორთან სტეფანი ლაკნერთან ერთად ყოველ წელს ამ ფესტივალის ჟიურის წევრი ვარ. ბოლო წლებია ოჯახთან ერთად დავდივარ იქ, შარშან სესილიაც (ქალიშვილი) მყავდა წაყვანილი.
ყოველთვის ვცდილობ, რომ 3-4 თვეში ერთხელ აუცილებლად წავიდე სადმე სამოგზაუროდ. მოგზაურობაში ძალიან მეხმარება თეატრალური ფესტივალები, ვორქ-შოფები, სხვადასხვა თეატრალური საქმიანობები. ჩემს ცოლსაც ძალიან იტაცებს მოგზაურობა, ამიტომ დასასვენებლად ხშირად დავდივართ საზღვარგარეთ. ჩემი დანაზოგი ხმარდება მთლიანად მოგზაურობას. ამ ბოლო დროს უფრო სამსახურებრივი საქმიანობით მიწევს მოგზაურობა.
– როგორი ქვეყნები გიტაცებთ?
– თავდაპირველად სურვილი მქონდა მართლმადიდებლური ადგილები დამეთვალიერებინა, ისეთი, როგორიც არის ტურინი იტალიაში, სადაც იესოს სუდარა ინახება. არასოდეს დამავიწყდება იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და წმინდა გიორგის საფლავის ლოდი. ყველა მართლმადიდებლური ადგილი ქრისტიანმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს. როცა უკვე ჩემთვის საინტერესო მართლმადიდებლური სიწმინდეები დავათვალიერე, გადავწყვიტე „ევროპა ამეთვისებინა“. ევროპაში სანახავი დამრჩა სკანდინავიის ქვეყნები. აქედან მხოლოდ ფინეთში ვარ ნამყოფი, დანარჩენი ევროპის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი.
– განსაკუთრებით რომელმა ქალაქებმა მიიქცია თქვენი ყურადღება?
– უპირველესი არის ლონდონი, სადაც ყოველ წელს დავდივარ. ეს არის ქალაქი, სადაც გაშლი ხელებს და იმის იქით კიდევ გრჩება ადგილი. ამ ქალაქში ყველასთვის არის ადგილი, ყველა ბედნიერია, არავინ ზედმეტად არ გრძნობს თავს. ცხოვრების რიტმი სწრაფია, იციან დროის ფასი, ყველა გიღიმის ქუჩაში. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
ჩემი ფავორიტი ქალაქების სიაშია პარიზი, მილანი, კრაკოვი. კრაკოვი ყველაზე ლამაზი ქალაქი ნამდვილად არ არის, მაგრამ რატომღაც იქ ძალიან მშობლიური განცდა მეუფლება.
როდესაც ევროპა ამოვწურე, დავიწყე კუნძულებზე მოგზაურობა. ყველაზე გამორჩეულად სამი კუნძული დამამახსოვრდა. ერთია შრი–ლანკა. აქ დამეუფლა განცდა, რომ ოლიგარქი ვიყავი, რადგან ერთი დოლარი იყო 133 რუპია. იქ ყოველთვიური ანაზღაურება 700–1000 რუპიაა. მოკლედ, იქ 10 დოლარად კაცი ხარ და ქუდი გხურავს. გავდიოდით ჯუნგლებში, ჩვენი ძირითად ტრანსპორტი სპილოები და რაქშა იყო. მეორე კუნძული იყო მადეირა, რომელიც პორტუგალიას ეკუთვნის, სადაც დაიბადა კრიშტიანუ რონალდუ. იქ ბანანის პლანტაციებში ვცხოვრობდით. მესამე კუნძული საბერძნეთში მდებარეობს — სანტორინი, სადაც ყველაფერი არის თეთრი და ყველა შენობას აქვს ლურჯი სახურავი. მზის ამოსვლა-ჩასვლა ისეთი ლამაზი არსადაა, როგორც სანტორინში. მე და ჩემს მეუღლეს სწორედ ამ კუნძულზე გვქონდა თაფლობის თვე და სასტუმროში, სადაც ჩვენ ვიყავით, აუცილებლად უნდა გვცმოდა თეთრი ტანსაცმელი.
– თეთრ ფერს რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა?
— უბრალოდ ასეთი ტრადიცია აქვთ. მართლა საოცარი ადგილია. იქ ძირითადი ტრანსპორტი არის ვირი და კვადროციკლი. იშვიათად, რომ იქ მანქანა შეგხვდეთ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ამსტერდამმაც. აქ ცხოვრების სრულიად სხვა რიტმია. ძალიან საინტერესოა ბელგია. კარგად მახსენდება ვენაში, პრაღაში და ბუდაპეშტში მოგზაურობა, იქ 30 მეგობართან ერთად ვიყავი. ჩემი მეუღლე, დედაჩემი, ჩემი და და სიძეც ჩვენთან ერთად იყვნენ. ამიტომ ეს მოგზაურობა ძალიან კარგად მახსენდება.
– ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაოცათ?
— ძალიან გამაოცა ფინეთმა. დაორსულების დღიდან ქალი, სანამ მისი შვილი სრულწლოვანი არ გახდება, იღებს სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას. მაგალითად, ჰელსინკში ავტობუსში ბავშვთან ერთად რომ ახვიდე, მგზავრობა უფასოა, რადგან შენ ამრავლებ იმ ერს. იქ არ არსებობს გაჭირვებული ადამიანი.
– რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
— ალბათ 70 ქვეყანაში ვიქნები ნამყოფი, მაგრამ, ვფიქრობ, როცა მსოფლიოში 200–ზე მეტი ქვეყანაა, ეს ბევრი არ არის. ახლა „აზიის დაპყრობას“ ვაპირებ.
– რომელი ქვეყნის სამზარეულომ გაგაოცათ?
— შრი–ლანკაზე ვჭამე ღომი და ხარჩო. ღომი იყო ქოქოსით გაკეთებული, ხარჩო კი ნიგვზითა და სუნელებით. სასწაული გემო ჰქონდა. მე ასეთი დამთხვევა არ მინახია. მიუნხენში ჩინურ რესტორანში ვჭამე ხინკალი, ისიც საოცარი იყო.
– რამე განსაკუთრებულ თავგადასავალს ხომ არ გაიხსენებდით?
— მე, დათო ტურაშვილი, გიგა აგლაძე (ისინი ოჯახებით იყვნენ) ერთი კვირა ვცხოვრობდით ხუთვარსკვლავიან გემზე, რომლითაც გავცურეთ ნილოსის სათავიდან მის ბოლომდე. არასოდეს არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილებები, რაც იქ განვიცადეთ. გვხვდებოდა მოცურავე ბაზრები. ბაზარში რომ შევცურავდით, დავუძახებდით ვაჭარს, ის თოკს გვაძლევდა, რომელსაც ჩვენ ნომრის კარებზე მოვაბამდით და ის მოგყვებოდა ცურვა-ცურვით. გემზე ჩემი თვალით ვნახე, როგორ შეჭამა წერომ თევზი და მერე წერო როგორ შეჭამა ნიანგმა. გვაფრთხილებდნენ, სადაც საშიში ზონები იყო, ფრთხილად ვყოფილიყავით. ხოლო სადაც კამკამა და სუფთა წყალი იყო, აჩერებდნენ გემს და ცურვაც იყო შესაძლებელი. ერთხელ კინაღამ გაგვიტაცეს მე და დათო ტურაშვილი. ერთ–ერთ ქალაქში ეტლით გადავაადგილდებოდით, ფული მოგვთხოვეს. სანამ ფული არ მივეცით, არ მოგვეშვნენ. უარი რომ გვეთქვა და თანხა არ მიგვეცა, უდაბნოში სად დაგვტოვებდნენ, ღმერთმა უწყის.
– ახალ წელს უცხო ქვეყანაში თუ შეხვედრილხართ?
— არასოდეს. ახალ წელს ტრადიციულად ვხვდები ჩემ ქვეყანაში, ჩემ ოჯახთან ერთად.