ყველაფერი კი, როგორც ჩვენთან ხდება, უბანში ბიჭებთან ჭიდაობით დაიწყო. ამჟამად მსოფლიო ტიტულისთვის ემზადება.
— მერაბ, შეგიძლიათ მითხრათ, თქვენი ამერიკაში ცხოვრების ოთხმა წელმა რა მოგცათ, რა გასწავლათ და რაში დაგარწმუნათ?
– აქ, პირველ რიგში, ჩამოვედი იმისთვის, რომ სპორტში წარმატებული გავმხდარიყავი და ჩემი ქვეყანა მესახელებინა, ამას გარდა, ჩემ წონით კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი გავმხდარიყავი. ეს ყველაფერი არც ისეთი ადვილია, რადგან ეს სპორტის ინდივიდუალური სახეობაა, სადაც ყველაფრის გაკეთება თავად გიწევს, ანუ სახელმწიფოსა და ფედერაციების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე, მაინც მიმაჩნია, რომ ყველა დიდი წარმატება ჯერ კიდევ წინ მაქვს.
— ამბობენ, უცხოეთში ქართველი, პირველ რიგში, დროის ფასს იგებსო, მართალია?
– ასეა, ამერიკაში ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. ვისწავლე დროის სასარგებლოდ გამოყენება და ყოველი წუთის დაფასება. ყოველთვის ვცდილობ, განვვითარდე, მეტი ვისწავლო და დრო უქმად არ დავკარგო. სპორტი დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს და სხვაგვარად განვითარებაც ხომ საჭიროა? ამიტომ დღევანდელი ცხოვრების სირთულეების გასამკლავებლად ყოველთვის მზად უნდა ვიყო. ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია, მთავარია, მონდომება.
— მერაბ, რამდენადაც ვიცი, საქართველოში სპორტთან ურთიერთობა ჭიდაობით დაიწყეთ – ძიუდოთი და სამბოთი იყავით დაკავებული…
– დიახ, ადრე ჩემი უფროსი ძმები ვარჯიშობდნენ და პირველი მოტივაციაც მათგან მივიღე. რადგან ძმები ჭიდაობდნენ, მეც ამიტომ გადავწყვიტე მოჭიდავე გავმხდარიყავი, მაგრამ მანამდე უბანში ბიჭებთანაც ხშირად მიწევდა ჭიდაობა, ამიტომ ძიუდოსა და სამბოზე შესვლაც ყოველთვის მინდოდა.
— ბრძოლა წესების გარეშე — ამ სახეობას საქართველოში, მეჩვენება, რომ ისე არ სწყალობენ, როგორც უცხოეთში…
– თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტად ჩემი თავი სწორედ სპორტის ამ სახეობაში ვიპოვე და ამიტომ მიყვარს. სხვათა შორის, საქართველოშიც კარგად არის განვითარებული, მაგრამ აქ მაინც დიდი რანგის სარეიტინგო თუ საჩემპიონო ბრძოლები ტარდება და, შესაბამისად, კონკურენციაც მეტია და დაფასებაც. ამერიკაში ჩატარებული მაქვს 16 ორთაბრძოლა, აქედან 2 კიკბოქსში, 4 — კრივში და 10 – mma-ს ეგიდით, ანუ ბრძოლა წესების გარეშე. მხოლოდ ორი წაგება მაქვს, ისიც თანაბარ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით მსაჯებმა მოწინააღმდეგეს მიანიჭეს უპირატესობა. ამას გარდა, ბრაზილიურ ჯიუჯიცუს ტურნირებშიც ხშირად გამოვდივარ და ვიმარჯვებ.
— ამჟამად მსოფლიოს ტიტულზე და ქამრისთვის ბრძოლას აპირებთ?
— დიახ, ქამარზე ვიბრძვი და მაქსიმალურად ვემზადები, რათა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამ ბრძოლაში გამარჯვება და ტიტული მოვიპოვო. თქვენი საშუალებით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, ჩემს მეგობრებს მინდა მივმართო: თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, რომ საგულშემატკივროდ მოხვალთ და ერთად გავახარებთ ქართულ სულს!
— მერაბ, როგორ ფიქრობთ, თვითონ ამერიკული ცხოვრების წესი ხომ არ არის „ბრძოლა წესების გარეშე“?
— ამერიკული ცხოვრება ნამდვილად არის ბრძოლა, მაგრამ არა წესების გარეშე, არამედ ყველანაირი ბრძოლა.
— ცხოვრებაში რომელ წესს ემორჩილები და რომელს არა?
— რაც შეეხება ცხოვრებაში წესებს, ზოგადად კანონმორჩილი ვარ, მაგრამ წესები და ჩარჩოები არ მიყვარს, რადგან თავისუფალი ადამიანი ვარ. ახლა უცებ გამახსენდა: ერთ-ერთი ბრძოლის მოგების შემდეგ ჩემთან ამერიკელი გოგო მოვიდა, ჩხუბში გამარჯვება მომილოცა და გავიცანი. ბანკეტზე დავპატიჟე, რომელიც ორთაბრძოლების მერე იმართება ხოლმე. მოკლედ, დამიახლოვდა. ბოლოს კი ფული მომპარა. როცა გავიგე და ჩემი ფულის უკან დაბრუნება მოვითხოვე, მითხრა, ახლა დაცვას დავუძახებო და გარეთ გავარდა, თითქოს დაცვის მოსაყვანად, მაგრამ გაიპარა. მას მერე თვალით არ მინახავს… ეს შემთხვევაც ხომ წესების გარეშე ცხოვრების ბრძოლის ერთი მაგალითია, რაც იმაში გარწმუნებს, რომ, სამწუხაროდ, ყველას ნდობა არ შეიძლება…
— საქართველოში ვინ დატოვეთ და რა და ვინ გენატრებათ?
— საქართველოში მყავს მთელი ოჯახი – მშობლები, ძმები, ძმიშვილები და რძლები, მთელი სამეგობრო და სანათესაო. ყველა მენატრება, მაგრამ განსაკუთრებით მშობლები…