ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს ჩვენი დილა განსაკუთრებით აქტიური იქნება, შეიძლება ითქვას, სპორტულიც. წინასწარ გაგაფრთხილეთ, რომ არ გაგიკვირდეთ, თუ რატომ გამოვედი ჩვენ აივანზე ამ შუა ზამთარში სპორტულებში და ვვარჯიშობ გამწარებული. უფრო სწორედ, ვცდილობ აერობიკის ილეთების გახსენებას, რომელსაც ოდესღაც, დიდი ხნის წინ ვეუფლებოდი.
საქმე კი ისაა, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარია შესანიშნავი მსახიობი და მშვენიერი მანდილოსანი, ორგზის „ოსკაროსანი“, სამგზის „ოქროს გლობუსისა“ და თითოჯერ „ბაფტასა“ და „ემის“ მფლობელი, პროდიუსერი, პოლიტიკური მოღვაწე, აერობიკის ფუძემდებელი და დღემდე მისი მიმდევარი, უბერებელი ჯეინ ფონდა, რომელსაც მიაჩნია, რომ „ქალის სილამაზის მთავარი ფაქტორია მისი ჯანმრთელობა, ხოლო ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ცხოვრებაზე“, და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 21 დეკემბერს. წელიწადს არ გეტყვით, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან ის უკვე 78 წლისა იყო, როდესაც აერობიკის ახალი ვარჯიშების დემონსტრირებას ახდენდა.
ჯეინის მამა გახლდათ ჰოლივუდის კინოვარსკვლავი პიტერ ფონდა, რომელზეც, უნდა გამოგიტყდეთ, თავის დროზე შეყვარებულიც კი ვიყავი. მისი დედა კი კანადელი დახვეწილი ქალბატონი ფრენსის ფორდ ბროკოუ (ქალიშვილობაში სეიმური) იყო.
სხვათა შორის, ჯეინს ეს სახელი დედამისის შორეული წინაპრის, ჰენრი VIII-ს მესამე მეუღლის, ლედი ჯეინ სეიმურის პატივსაცემად დაარქვეს.
ჯეინ ფონდამ საოცრად საინტერესო და ლამაზი ცხოვრება განვლო. ჯეინი რომ მსახიობი გახდებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ პირველ ფილმებში რეჟისორები მეტწილად ყურადღებას მის მშვენიერ ფიზიკურ მონაცემებს აქცევდნენ და ნაკლებად ცდილობდნენ დაენახათ მასში ნიჭიერი და თვითმყოფადი მსახიობი. ჯეინმა ღირსეულად გადაიტანა ეს პერიოდი და შემდგომში მონაწილეობა მიიღო ორ კომედიაში, სადაც პაროდია გააკეთა თავისივე ადრინდელ პერსონაჟებზე.

60-იან წლებში ჯეინმა გადაწყვიტა დაეწყო დამოუკიდებელი ცხოვრება და გადავიდა საფრანგეთში, სადაც გაიცნო თავისი პირველი მეუღლე, ცნობილი ფრანგი რეჟისორი როჟე ვადიმი, რომელიც რამდენიმე წლის დაშორებული იყო ყოფილ მეუღლე ბრიჯიდ ბარდოსთან. 1968 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, რომელსაც ჯეინმა კინოვარსკვლავ ვანესა რედგრეივის პატივსაცემად ვანესა დაარქვა. სამწუხაროდ, 1973 წელს წყვილი დაშორდა ერთმანეთს.
1969 წელს ჯეინმა შეასრულა გლორია ბიტის როლი სიდნი პოლაკის ცნობილ დრამაში „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ ეს მართლაც საოცარი ფილმია და ჯეინიც განუმეორებელია ამ როლში. მართალია, ამ ფილმმა მას „ოსკარი“ ვერ მოუტანა, თუმცა, კინოკრიტიკოსების შეფასებით, ის ნამდვილად იყო ამ მაღალი ჯილდოს ღირსი.
პირველი „ოსკარი“ ჯეინმა მიიღო 1971 წელს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში „კლუტი“. მეორე „ოსკარი“ ჯეინს მიანიჭეს 1978 წელს – ფილმში „შინ დაბრუნება“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
70-იანი წლების დასაწყისში ჯეინ ფონდამ დაიწყო აქტიური გამოსვლები ომის წინააღმდეგ. ის აფინანსებდა ორგანიზაციას „ვიეტნამის ომის ვეტერანები ომის წინააღმდეგ“, რომელსაც იმ დროს სათავეში ჯონ კერი ედგა. 1972 წელს ჯეინ ფონდა ჩავიდა ჩრდილოეთ ვიეტნამში, რამაც შოკში ჩააგდო ამერიკული საზოგადოება. სწორედ მაშინ შეარქვეს მას მეტსახელი „ჰანოელი ჯეინი“.

1973 წელს ჯეინ ფონდა ცოლად გაჰყვა ამერიკელ მემარცხენე რადიკალურ აქტივისტ ტომ ჰეიდენს. მათ გაუჩნდათ ვაჟი ტროი, რომელიც დღეს საკმაოდ ცნობილი კინომსახიობია. ჯეინი და ტომი ერთმანეთს დაშორდნენ 1990 წელს, ხოლო 1991 წელს ჯეინი მესამედ გათხოვდა — ცოლად გაჰყვა ცნობილ ამერიკელ კინომაგნატს, საკაბელო ტელევიზიის ქსელის მფლობელ ტედ ტერნერს. მათ ერთ-ერთ ულამაზეს, იმპოზანტურ და სამაგალითო წყვილს უწოდებდნენ, მაგრამ 2001 წელს ჯეინმა შეიტყო, რომ ტედი ღალატობდა და ვერ აპატია.
1990 წელს ჯეინ ფონდამ გამოაცხადა, რომ ტოვებს დიდ ეკრანს. როგორც ამბობენ, ამ ნაბიჯისკენ მას უბიძგა ფილმ „სტენლი და აირისის“ წარუმატებლობამ, რომელშიც მას პარტნიორობას უწევდა თავად რობერტ დე ნირო.
ეს ფილმი ნანახი მაქვს და, მართალი გითხრათ, ძალიანაც მომეწონა. ჩემი აზრით, ფონდამ და დე ნირომ შესანიშნავი დუეტი შექმნეს.
რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეინ ფონდა აგრძელებდა საზოგადოებრივ ცხოვრებას, ის ახდენდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, შექმნა ვარჯიშების ცნობილი კომპლექსი აერობიკა, გამოუშვა საკუთარი წიგნი და ვიდეოკასეტები, შემდეგ კი მთელ ამერიკაში დააარსა აერობიკის სპორტული დარბაზების ქსელი.
2005 წელს მსახიობი დაუბრუნდა კინემატოგრაფს. ის რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მათ შორის, ცნობილ კომედიაში „როცა დედამთილი მონსტრია“ — ჯენიფერ ლოპესთან დუეტში. 2012 წელს კი ჯეინ ფონდამ ტელევიზიაში გადაინაცვლა, სადაც მონაწილეობდა სატელევიზიო სერიალებში. 2015 წელს ჯეინ ფონდამ შეასრულა მთავარი როლი იტალიელი რეჟისორის პაოლო სორენტინოს ფილმში „ახალგაზრდობა“, რომლისთვისაც „ოქროს გლობუსზეც“ იყო ნომინირებული.
ჯეინ ფონდა დღესაც შესანიშნავ ფორმაშია. როდესაც მას მომხიბვლელობის საიდუმლოს ეკითხებიან, ის ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობს:
„მთელი ცხოვრება ვაქცევდი უდიდეს ყურადღებას ჯანმრთელობას და ყოველთვის მახსოვდა, რომ არ მაქვს უფლება, დავკარგო ფორმა. ერთადერთი, რისი დაძლევაც ვერ შევძელი, დედამიწის მიზიდულობის კანონია“.
ერთი მთავარი რჩევა ჯეინ ფონდასგან: ადამიანმა უნდა მიიღოს რაც შეიძლება ბევრი სითხე, ყველაზე კარგია ლიმონიანი წყალი, და, კიდევ, უნდა ბევრი იმოძრაოს, რადგან გაახალგაზრდავების მთავარი საშუალება კოლაგენია, რომელიც ტახტზე წოლისას, სამწუხაროდ, არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდება.
ვუსურვოთ შესანიშნავ ქალბატონს სულ ასეთ ოპტიმისტ და პოზიტიურ პიროვნებად დარჩენილიყოს!
თქვენ კი გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და კოლაგენით სავსე დღეს!
ლელა ანჯაფარიძე