თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ვინილი-2016“ წელს პირველად გაიმართა. მუსიკალური პრემია "ოქროს ვინილი 2016"-ის პირველი ლაურეატის წოდება ანსამბლ "ცისფერ ტრიოს" მიენიჭა. მუსიკოსებმა პრემიის სახით ათი ათასი ლარიც მიიღეს.
პრემია "ოქროს ვინილი“ ტვ-რადიო „ვინილის“ დამფუძნებლებმა დააარსეს და წელს ის პირველად გაიცა. ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოება ყოველწლიური გახდება. ის შემსრულებლებსა და ბენდებს გადაეცემათ ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ცისფერ ტრიოს“ ჯილდო "ოქროს ვინილის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გადასცა.
„ჩვენი მიზანია პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. „ცისფერი ტრიოს“ მუსიკაზე თაობები გაიზარდნენ და მართლაც შეუფასებელია მათი ღვაწლი ქართული მუსიკის განვითარებაში. ჩვენი მოკრძალებული ჯილდო კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ ისინი კვლავ ახსოვს და უყვარს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.
ღონისძიებაზე ცნობილმა შემსრულებლებმა მოიყარეს თავი. მათთვის სიმფონიურმა ორკესტრმა ნაცნობი ქართული და უცხოური მელოდიები შეასრულა. საღამო სასიამოვნო გარემოში გაიმართა. „ცისფერი ტრიოს“ წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ჯილდო. მათ მადლობა გადაუხადეს დაჯილდოების ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას დაფასებისა და სიყვარულისთვის.
„საოცარი გრძნობაა. ბიჭებიც დამეთანხმებიან, რომ ამ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდით. ყოველთვის სასიხარულოა, როცა შენს ნაშრომს ადამიანები აფასებენ“, – განაცხადა „ცისფერი ტრიოს“ წევრმა თამაზ სეფერთელაძემ.
1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებმა თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ და დავით აბესაძემ პირველ რეპეტიციაზე ერთად აახმიანეს გიტარა, მათი ხმები პირველად შეეგება ერთმანეთს და შეიქმნა „ცისფერი ტრიო“. მას მერე დიდი დრო გავიდა. „ცისფერი ტრიო“ ქართველ მსმენელს გულგრილს არასდროს ტოვებდა. 2002 წელს ცისფერი ტრიოს წევრები „ღირსების ორდენით“ დაჯილდოვდნენ.