„შავთვალა მადინა“ ჩემი ინტერპრეტაციითა და ვალერი ლეონტიევის შესრულებით...

© FB/ Санкт-Петербургბრინჯაოს მხედარი, სანკტ-პეტერბურგი
ბრინჯაოს მხედარი, სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნაური დამთხვევაა თუ კანონზომიერება, არ ვიცი, მაგრამ კურიოზული შემთხვევების უმეტესობა, რატომღაც, საახალწლოდ ხდება...

თენგიზ ჩოჩუა

1986 წელს გამგზავნეს ლენინგრადში კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ხელმძღვანელ მუშაკთა უმაღლეს კურსებზე). ამ ინსტიტუტს ორი საერთო საცხოვრებელი ჰქონდა. ერთი — ცენტრში, „ლიტეინიზე“, მეორე ქალაქგარეთ (იმ დროს) – „რჟევკაზე“. იმდენი მოვახერხე, რომ ორივეგან ჩავეწერე. კვირის სამუშაო დღეებში ცენტრში ვცხოვრობდი, რადგან აქედან ინსტიტუტამდე უფრო ახლო იყო, შაბათ-კვირას კი ქალაქგარეთ, რადგან იქ, ძირითადად, ახალგაზრდობა იყო თავმოყრილი, თან იქვე ცხოვრობდნენ ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ჩამოსული სტუდენტებიც.

ახალ წლამდე ორიოდე კვირით ადრე შემომისახლეს კალინინგრადელი ვლადიმირ ილიჩ გუსევი; გაცნობის აღსანიშნავად საწოლის ქვემოდან ე.წ. იაუფი (კინოფირის გადასატანი რკინის ყუთი) გამოვაძვრინე, რომელიც ჭაჭის ჩუმად გადასატანად გამოვიყენე. ილიჩმაც გახსნა თავისი ჩემოდანი, რომელშიც, სავარაუდოდ, ტანსაცმელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამჯერად ბალტიის ზღვის შებოლილი „რებეცებით“ იყო სავსე. ასე დაიწყო ჩემი და ვლადიმირ ილიჩის მეგობრობა.

© FB/ Валерий Леонтьевვალერი ლეონტიევი
ვალერი ლეონტიევი - Sputnik საქართველო
ვალერი ლეონტიევი

საახალწლო სესიებისას ერთ საღამოს მეგობართან ერთად დაბრუნდა, რომელიც უკვე კარგად ცნობილი მომღერალი ვალერი ლეონტიევი აღმოჩნდა. გაცნობისა და სტუმრობის მიზეზი კი, აი, რა ყოფილა: ინსტიტუტში ინტერნაციონალურ საახალწლო საღამოს მართავდნენ და ლეონტიევს ქართული სიმღერის შესრულება დაავალეს, ამას კიდევ არც ერთი სიმღერა არ სცოდნია. ილიჩს უთქვამს, მე მყავს ქართველი მეგობარი და ის დაგვეხმარებაო. აბა რა იცოდნენ, რომ ჩემი მუსიკალური შესაძლებლობა ტაშტის ხმაურის დონეს ვერ სცდებოდა, მაგრამ უკან არ დავიხიე და სასწრაფო წესით ვაფრინე დეპეშა თბილისში მეგობარ მუსიკოსთან, ასეთი შინაარსით: Ромелиме картули симгерис тексти гамомигзавне, мчирдеба. მეგობარმა იფიქრა, მეხუმრებაო და მეორე დილით ვიღებ ელვა–დეპეშას ასეთი ტექსტით: Иа уао уао, иа уао… гаимеоре рамденджерац гинда…  მაშინ რა გამაცინებდა, ჩემი რეპუტაცია კატასტროფის წინაშე იდგა.

„ლიტეინიზე“ ქართველ თანაკურსელებს მივაკითხე საშველად და ერთობლივი ძალისხმევით, როგორც იქნა, ერთი სიმღერის ნახევარი ტექსტი აღვადგინეთ: „მე შენ გელი, რახანია, შავთვალა მადინა, უშენობამ, ჩემო კარგო, მე ცრემლი მადინა“… მეტი ვეღარ გავიხსენეთ და ჩვენი სიტყვებით შევავსეთ. აზრის რა მოგახსენოთ, მაგრამ რითმა დავიცავით. შინ დაბრუნებულმა, რის ვაი-ვაგლახით მელოდია „წავუმღერე“ ვალერის და დანარჩენი მის ნიჭიერებას მივანდე.

ინტერსაღამოს გამართვის დღეს შინ ადრიანად დაბრუნებულს ბარათი დამხვდა: Жди, вместе будем праздновать. რა თქმა უნდა, ფეხი არ მომიცვლია და ორიოდ საათში სახეგაბრწყინებული ილიჩი და ლეონტიევი შემოცვივდნენ ოთახში. მოკლედ მოვყვები — ვალერის ნამდვილი ფურორი მოუხდენია და ჯილდოც დაუმსახურებია – ერთი ბოთლი ყირიმული შამპანური, რომელიც იმ დროს იშვიათობა იყო. ასეთი მოვლენის არაღნიშვნა სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო და მალე სახელდახელო სუფრაც გაეწყო.

ტელევიზორი მხოლოდ ფოიეში იყო, ოთახში კი რადიოლები გვედგა. რატომღაც ჩავრთე. ჩემს თაობას ახსოვს, ალბათ, მუსიკალური გადაცემების ციკლი „თქვენი თხოვნით, მეგობრებო“… უეცრად დიქტორის ხავერდოვანმა ბარიტონმა გამოაცხადა: ვოკალური ანსამბლი „ორერა“, „შავთვალა მადინა“…

სიმღერის დასრულების შემდეგ სიჩუმე ვალერი ლეონტიევმა დაარღვია: აფსუს, რა კარგი სიმღერა ყოფილა!!!

P.s. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჩემი და ვალერი ლეონტიევის გზები აღარ გადაკვეთილა.

ყველა ახალი ამბავი
0