ქეთი მელქაძე: უნიჭო ადამიანები არ არსებობენ

© FB/ Qeti Melqadzeქეთი მელქაძე
ქეთი მელქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი მელქაძე პროფესიით ფილოლოგია, ხატვა არასოდეს უცდია, თუმცა რკინის სამშენებლო ბადისგან ნივთების დამზადება ორი წელია დაიწყო. ამ ხნის მანძილზე უკვე ექვსი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დაწესებულებებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკრებულოსა და პარლამენტშია განთავსებული.

– ქალბატონო ქეთი, თქვენ შემთხვევაში ნიჭმა მოულოდნელად და ერთ მშვენიერ დღეს იფეთქა, რა გახდა ამის იმპულსი?

— პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ადამიანს როცა წლებთან ერთად გამოცდილებაც ემატება, გარკვეულ მოვლენებსა და ფაქტებს სულ სხვა თვალით უყურებს. ახალგაზრდობაში ისე არ ხედავ, როგორც მერე, მაგრამ რაღაცის მიმართ აზრი არც ახლა შემცვლია. თავიდან რომ დავიწყე მუშაობა, წარმოდგენა არ მქონდა, რა სახის ბადე და სად უნდა მეყიდა. როცა მაღაზიაში შევდიოდი და არჩევას ვიწყებდი, გამყიდველები გაოცებული მიყურებდნენ, რა ბადეს ვეძებდი, ვერ ხვდებოდნენ. ახლა მაღაზიაში რომ შევდივარ, უკვე იციან რა მინდა. საკუთარი სახელოსნო არ მაქვს, მხოლოდ ჩემი კუთხე მაქვს, სადაც ერთი მაგიდაა. სამუშაოსთვის მაკრატელი მჭირდება. არანაირი სპეციალური განათლება არ მაქვს მიღებული, თქვენ წარმოიდგინეთ, ხატვაც კი არ ვიცი. დღეში 10-12 საათს ვმუშაობ. ჩემი ნამუშევრები ძირითადად ვერცხლისფერია, ამ ბოლო დროს მათი დაფერვაც დავიწყე.

© FB/ Qeti Melqadzeქეთი მელქაძის ნამუშევარი
ქეთი მელქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი მელქაძის ნამუშევარი

– ნამუშევრების თემებს წინასწარ არჩევთ?

— არა, დილით რომ ვიღვიძებ, რაღაც იდეა მაქვს თავში, ვჯდები და პირდაპირ ესკიზის გარეშე ვიწყებ მუშაობას. მიყვარს დამოუკიდებელი პერსონაჟების გაკეთება. თბილისში ბევრ ადგილზე დაიდგა ჩემი ბაბუა და შვილიშვილი: ტუბერკულიოზის ცენტრში, პარლამენტში, საკრებულოში, მუზეუმებში, თეატრებში, ფუნიკულიორზე… აი, ძალიან ბევრ ადგილზე. ჩემ არც ერთ ნამუშევარში თანხა არ ამიღია, საჩუქრად გავეცი. ერთ წელიწადში 6 პერსონალური გამოფენა მქონდა. ორი თბილისში მქონდა, გამოფენები გაიმართა ასევე ბათუმში, ქუთაისში და ერევანში. ერთი წლისთვის, მგონი, საკმაოდ ბევრია. არადა, დღესაც მთხოვენ, გამოფენა გააკეთეო.

© FB/ Qeti Melqadzeქეთი მელქაძის ნამუშევარი
ქეთი მელქაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი მელქაძის ნამუშევარი

– თქვენთვის რა არის ყველაზე მთავარი?

— ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანი და ჩემი მის მიმართ სიყვარულია. ცხოვრებაში განვლილი უსიამოვნო წუთებიც კი ახლა კარგად მახსენდება. თუ რამე დამიშავებია, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ აქ მხოლოდ სტუმრადაა, ასე ცუდად აღარ მოიქცევა…

სამშენებლო რკინის ბადეებისგან დამზადებული საახალწლო ნაძვის ხე

– მალე ახალი წელი დადგება, როგორია თქვენი სურვილები?

— დღეს ასე ამბობენ: სიყვარულს გაუმარჯოსო, მე კი არ ვამბობ, რადგან სიყვარული თვითონაა გამარჯვებული. ახალ წელს ყველას ვუსურვებ, რაც შეიძლება მეტი სიყვარულის და სიკეთის კეთების სურვილი ჰქონდეთ.

– და, იქნებ, ახალ წელს ერთ მშვენიერ დღეს მათშიც რაიმე დაფარულმა ნიჭმა იფეთქოს?..

— რა თქმა უნდა. მე ნამდვილად მჯერა, რომ უნიჭო ადამიანები არ არსებობენ…

ყველა ახალი ამბავი
0