ალბათ ამიტომ იყო, რომ მომღერალი ფარმაცევტების მოსასმენად სტუდენტები სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდანაც მოდიოდნენ და ისინი ქვეყნის მთავარ საკონცერტო დარბაზშიც კი გამოდიოდნენ. ჩვენ დავუკავშირდით კვარტეტის წევრებს: ქეთი ქვათაძეს, ნანა ნიჟარაძეს, ნანა ტუხაშვილსა და მაია აზარაშვილს და მათ სტუდენტური წლები და გამორჩეული კონცერტები გავახსენეთ.
ნანა ტუხაშვილი:
— გასახსენებელის მეტი რა არის? სტუდენტობა რომ საუკეთესო პერიოდია ცხოვრებაში, ეს ჩემი აღმოჩენილი არ არის.. ეს არის დრო, როდესაც ყოფითი პრობლებემები არ გამძიმებს და თუკი ცოტაც შემოქმედებითი ნიჭითაც ხარ დაჯილდოვებული- ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა გავიხსენო… 80-იანი წლების დასაწყისში სამედიცინო ინსტიტუტის შენობის ნაწილი დაიწვა, რის გამოც ზოგიერთი ლექცია სხვადასხვა ადგილზე გვიტარდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ინსტიტუტის საკონცერტო დარბაზი იყო. ერთხელაც, სანამ ლექცია დაიწყებოდა, ქეთი ქვათაძე ამ დარბაზის სცენაზე ავიდა და როიალს მიუჯდა. მერე მას ჩვენც მივუდექით. ისე, საოცრებაა, რომ ასი სტუდენტიდან მაშინ ერთმანეთის გვერდით მაინცადამიანც ჩვენ აღმოვჩნდით. იქვე სპონტანურად გავაჯაზეთ უცხოური მულტფილმიდან არაჩვეულებრივი მელოდია და ამის მერე წავიდა და წავიდააა.
შემდგომ როგორ განვითარდა ამბები და რაც გავიარეთ, არასოდეს დამავიწყდება. დღევანდელი გადასახედიდან ის ყველაფერი ზღაპრად მეჩვენება, თითქოს მე არც გადამხდენია. ჩვენთვის საამაყოა ისიც, რომ მფარველი არავინ გვყოლია. პირველ რიგში გვყავდა უნიჭიერესი ქეთი ქვათაძე და არაჩვეულებრივი სმენისა და ვოკალური მონაცემების მქონე გოგოები: მაია და ნანა… და მე, ისე როგორ მოვხვდი ამ მშვენიერ „გაუგებრობაში“, ნამდვილად არ ვიცი…. მადლიერების გრძნობით მინდა გავიხსენო არაჩვეულებრივი ადამიანი, ნოდარ პალადაშვილი, რომელმაც პირველმა დაგვინახა და ტელევიზიაში მიგვიყვანა.
ქეთი ქვათაძე:
-ქეთი, გოგოებს არ ეწყინება თუ ვიტყვი, რომ „ფარმაცევტების კვარტეტში“ თქვენ „პირველი ვიოლინო“ იყავით, რადგან სიმღერებს თქვენ ამუშავებდით და ხმებშიც თქვენ შლიდით. რაც მთავარია, გოგოებს არაჩვეულებრივ აკომპანიმენტს უწევდით…
— ეს არცაა გასაკვირი, იმიტომ, რომ მე ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი. ყველას ეგონა, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, მაგრამ ბოლოს რატომღაც სამედიცინოზე ჩაბარება გადავწყვიტე და ეს არასდროს მინანია. თუმცა, რაც რამე კარგი მახსოვს, სტუდენტობის პერიოდიდან, ყველაფერი მაინც მუსიკასთანაა დაკავშირებული. პიანინოზე დაკვრა, (როგორც ამბობენ) 2,5 წლიდან დამიწყია. სიმღერებს სმენით ვაწყობდი. სამედიცინოს სწავლის დროს პირველ კურსზევე გავაკეთეთ კვარტეტი და ქართულ საკვარტეტო სიმღერებს ვმღეროდით. ასევე ვიყავი ინსტიტუტის ანსამბლში "P.S." —ში. კონცერტები ძირითადად გვქონდა სამედიცინო ინსტიტუტში, ასევე სხვა უმაღლესებშიც. მაშინდელი აქტიური სტუდენტები ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. მახსენდება პირველი შეხვედრა თემურ ყვითელაშვილთან, რომელსაც ძალიან მოვწონდით. ბუთხუზ ბასილაიამ როცა მომისმინა, ივერიის „სასტავს“ უთხრა გოგო რომ ასე უკრავდეს, იშვიათიაო. მახსოვს, მაშინ მისი სიტყვები, მართალია, მესიამოვნა, მაგრამ ცოტა მომერიდა კიდეც….
ნანა ნიჟარაძე:
— სტუდენტობა განუმეორებელი ხანაა ჩვენს ცხოვრებაში, რომელშიც ახლაც ვცხოვრობთ… როცა ვიკრიბებით, სტუდენტობისდროინდელ სიმღერებს მღერით, ერთი და იგივე ამბავს მეათასედ ვიხსენებთ და არ გვბეზრდება. მე ბათუმიდან ვიყავი ჩამოსული და თბილისი ჩემთვის უდიდესი კულტურული ცენტრი იყო. თუმცა ჩამოსვლისთანავე, ბათუმურ ურთიერთობებს მიჩვეულს, ეს ქალაქი მაშინ ცოტა ცივიც მომეჩვენა… მერე ყველაფერი „დათბა“, იმიტომ, რომ ჩვენი კვარტეტი შეიქმნა. კონცერტები გვქონდა: უნივერსიტეტში, „გეპეი“-ში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონკურსი, რომელსაც ალექსანდრე ბასილაია ხელმძღვანელობდა და ფილარმონიაში ჩატარდა. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: რობერტ ბარძიმაშვილი, ზურაბ იაშვილი და სხვები. იმ კონკურსში ჩვენთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ: ეკა კვალიაშვილი, ლელა წურწუმია, ლელა სიხარულიძე, მიშა ზაქარეიშვილი და სხვები. ბევრჯერ მომისმენია მათგან, რომ ეს კონცერტი მათი წარმატების დასაწყისი გახდა. სასცენო ფორმები ოპერიდან გამოგვქონდა.
მაია აზარაშვილი:
— მეც გამორჩეულად მახსენდება კონკურსი, რომელიც ანსამბლმა „ივერიამ“ ფილარმონიაში ჩაატარა. ეს იყო ახალგაზრდული შემსრულებლების კონკურსი, რომელზეც სპონტანურად მივედით და მაშინვე აგვიყვანეს. წინა ტურები ჩავლილი იყო და დავაგვიანეთ, მაგრამ მაინც აგვიყვანეს. მერე უკვე „ივერიის“ თანხლებით ფილარმონიაში 5 თუ 6 კონცერტზე გამოვედით. ბატონი ალექსანდრე ბასილაია ქეთი ქვათაძით აღფრთოვანებული იყო, იმდენად მოვწონდით, რომ ჩვენი გამოსვლის დროს სცენაზე ამოვიდა, როიალთან დაჯდა და თვითონაც დაუკრა. ასეთი რამ პროგრამით არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ ვმღეროდით და ქეთი აკომპანიმენტს გვიკეთებდა, მაგრამ ბატონი ბუთხუზი იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ თავადაც დაიწყო დაკვრა, ეს ამბავი ძალიან გაგვიხარდა და ჩვენთვის ძალიან დიდხანს საამაყო იყო. მოკლედ, რა დროც უნდა გავიდეს, იმ ბედნიერი დღეების გახსენება არასოდეს მოგვბეზრდება…