რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ვარშავაში პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციაში. მიტინგი პოლონეთის სეიმში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩატარდა.
პოლონეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "სამოქალაქო პლატფორმის" ერთ-ერთი მომხრის სეიმის ქვედა პალატის საბჭოდან გათავისუფლების გამო ტრიბუნები დაიკავეს და სესია ჩაშალეს. სეიმის სპიკერი იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა. შემდეგ კი სხდომა სხვა დარბაზში დანიშნა, სადაც დეპუტატებმა, მიუხედავად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის არქონისა, რამდენიმე კანონ-პროექტი მიიღეს, იუწყება "რია ნოვოსტი".
ოპოზიციამ კანონების დამტკიცება არალეგიტიმურად მიიჩნია. პარასკევს საღამოს სეიმის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
მომიტინგეთა უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი 1 იანვრიდან პოლონეთის პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებისთვის მუშაობის შეზღუდვის დაწესების გეგმა გახდა.
პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ მიტინგზე პარტიები "სამოქალაქო პლატფორმა", "ნოვოჩესნა" და ოპოზიციური "დემოკრატიის დაცვის კომიტეტის" მომხრეებიც მონაწილეობდნენ.