მოქეიფე მინისტრები და დამუნჯებული ნუგზარ ერგემლიძე...

© photo: Sputnik / Said Tsarnayevსადღესასწაულო სუფრასთან
სადღესასწაულო სუფრასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა

1986 წლის მიწურულია, კომუნიზმის იდეებს წყალი მუხლამდე აქვს შეყენებული, სუსტად, თუმცა მაინც ქრის ახალი ცხოვრების სიო, 17 დეკემბერი რომ ბარბარობა და ბედობაა, ამის თქმისაც აღარავის ეშინია.

იმ ხანად ხშირად მიწევდა ტელევიზიით გამოსვლა და, აქედან გამომდინარე, პოპულარობაც არ მაკლდა. 17 დეკემბრის დილით დამირეკა ერთმა ცნობილმა მინისტრმა და, დღეს რომ კორპორატიულ სადილებს ვეძახით, იმდაგვარ წვეულებაზე მიმიპატიჟა. თან დააყოლა, ერთი ვინმე ცნობილი მომღერალი წამოიყვანე, რომ სუფრა გაგვიხალისოსო.

დავურეკე ნუგზარ ერგემლიძეს და დანაბარები გადავეცი, თან დავამატე — რას კარგავ, ცოტა ფულს იშოვი და თან ვიქეიფებთ–მეთქი. უარი არ უთქვამს და საღამოს პირს ბარათაშვილის ძეგლის უკან, კიბალჩიჩის აღმართზე მდებარე სასტუმრო „მთის ბროლში“ გამოვცხადდით მე და ზურგზე გიტარამოკიდებული ნუგზარი (მსგავსი კორპორატიული საღამოები, ძირითადად, იქ იმართებოდა).

დიდებულ სუფრასთან რამდენიმე იმდროინდელი მინისტრი და მათი თანმხლები პირები დაგვხვდნენ.

დაიწყო ქეიფი, სადღეგრძელოები ერთმანეთს ენაცვლება, არის ერთმანეთის ქება-დიდება, ხვავი, ბარაქა, ბარბარობა საღამოს რაგინდარა სურვილების ასრულების  გარანტიების გაცემა და ა.შ. ჩვენ ორს ყურადღებას არავინ გვაქცევს;

გავიდა ერთი საათი, ორი, ვითარება არ იცვლება… ნუგზარმა ერთი-ორჯერ გადმომხედა, თვალებით მკითხა, რა ხდებაო და მეც მუნჯურად მხრები ავიჩეჩე.

რაღაც მომენტში სუფრაზე წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, თამადა (ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრი) ის იყო მორიგი სადღეგრძელოსთვის ემზადებოდა და… მკვეთრად გაისმა ბროლის ჭიქაზე დანის წკარუნი.

ყველამ ჩვენკენ გამოიხედა, რადგან ამ მცირე ხმაურის ავტორი ნუგზარ ერგემლიძე გახლდათ. მუსიკოსი კაცი, და თან ძალიან პოპულარული, პარტიულ ნომენკლატურას არ შეეპუა, ჭიქა აიღო და თამადისგან სადღეგრძელოს ნება ითხოვა.

რაჭა, სოფელი გონა - Sputnik საქართველო
საახალწლო „მიწუნწკლება“ და რაჭაში დაკარგული სამი დღე

იმ დროს ეს ისეთი გაუგონარი საქციელი იყო, რომ მთელი სუფრა გაისუსა. პატარა პაუზის შემდეგ თანხმობა მიიღო და დაიწყო: „პატივცემულო საზოგადოებავ! მოგეხსენებათ, დღეს ბარბარობაა, ბედობის დღე, მიხარია, რომ მომავალ წელს ყველა თქვენგანს დიდი წარმატებები გელით, ამდენი სურვილებიდან ნაწილი მაინც როგორ არ აგიხდებათ, მაგრამ… მინდა ერთი ცნობილი პიროვნება გაგახსენოთ — სტანისლავსკი, რომლის ასევე ცნობილი ფრაზა, ალბათ, ყველას გახსოვთ: სცენაზე თუ თოფი კიდია, სპექტაკლის დასრულებამდე ამ თოფმა უნდა გაისროლოსო… მე რა დაგიშავეთ? მოგეხსენებათ, ლუკმა-პურს მუსიკით, ხატვით და ლექსებით ვშოულობ. ჰოდა, ამ ბედობა დღეს ეს გიტარა უსარგებლო ტვირთივით რომ მიდევს გვერდით, ნუ დამამუნჯებთ, ან მამღერეთ, ან ლექსი მათქმევინეთ, ან, იქნებ, ფურცელი—ფანქარი მომიტანოს ვინმემ, დაგხატავთ და ისტორიას შემოვუნახავ. თორემ დამებედება ეს სიმუნჯე და მთელი მომავალი წელი მშიერმა უნდა ვიარო…

ამ ადგილზე ნუგზარის ტირადა ჯერ ფრთხილმა, მერე კი დამსწრეთა ისეთმა ხარხარმა შეწყვიტა, მასპინძლები შემოვარდნენ — არიქა, რამე ხიფათი ხომ არ შეემთხვათო… ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის საღამო ნუგზარ ერგემლიძის ბენეფისად იქცა. ლექსიც ბევრი წაიკითხა, სიმღერაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩანახატებიც გააკეთა და, რაც მთავარია, ერთწლიანი შიმშილიც აიცილა…

მეორე დღეს თამადა მინისტრმა დამირეკა და მითხრა, მართალი იყო შენი მეგობარი, სუფრის პირველი ნაწილი ბიუროს სხდომას უფრო ჰგავდა, ნამდვილ ქეიფს კი სიმღერა, ლექსი და ნიჭიერი ხალხი უხდებაო…

ყველა ახალი ამბავი
0