თბილისი, 15 დეკემბერი– Sputnik. თბილისში, 24 დეკემბერს, საშობაო ბაზრობა გაიმართება, სადაც ლამაზი და ორიგინალური საჩუქრების შეძენას შეძლებთ.
„და აი, დადგა წელიწადის ჯადოსნური დრო, როდესაც უფროსებს და პატარებს ერთნაირად უხარიათ! ყველას გვინდა გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი საახალწლო განწყობა, საყვარელი ადამიანებისთვის შევიძინოთ განსაკუთრებული საჩუქრები და მეგობრებთან ერთად გავატაროთ შესანიშნავი დრო“,- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საავტორო ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები, ასევე საახალწლო სასუსნავები და სასმელები.
ბაზრობის გარდა ამ დღეს სხვა გასართობი ღონისძიებებიც არის დაგეგმილი. სტუმრები ნახავენ კრისტოფერ კოლამბუსის ლეგენდარულ კომედიებს „მარტო სახლში“ და „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“ მაკოლეი კალკინით მთავარ როლში.
ცნობილ საშობაო მელოდიებს სტუმრებისათვის ვალდორფის სკოლის ორკესტრი და გუნდი დაუკრავს.