თბილისი, 15 დეკემბერი— Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში თავიდან აიცილა ტერაქტების სერია. ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ თურქეთში მყოფი ემისრის მითითებით მზადდებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის ფედერალური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„აღკვეთილია დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელშიც ტაჯიკეთის მოქალაქეები და მოლდოვის ერთი მოქალაქე შედიოდა. დიდი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ისინი მოსკოვში რეზონანსული ტერორისტული აქტების სერიის მოწყობას გეგმავდნენ“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.
სპეცსამსახურის მონაცემებით, ბოევიკები ტერორისტულ აქტებს „ისლამური სახელმწიფოს“ თურქეთში მყოფი ემისრის პირდაპირი მითითებით ამზადებდნენ, რომელზეც ტაჯიკეთის ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.
მოსკოვში დღეს, ხუთშაბათს ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად მათი საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს გამოყენებისთვის გამზადებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე „ასაფეთქებელი ნივთიერების ნარევის მნიშვნელოვანი რაოდენობა დიდი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად“.
ძალოვანებმა ბოევიკები მოსკოვში ტერაქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს.