რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად დააკავეს ბოევიკები, რომლებიც მოსკოვში თვითნაკეთი მძლავრი ნაღმებით ტერაქტების სერიის ჩატარებას გეგმავდნენ.
როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იუწყება, დაჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ ტაჯიკეთის მოქალაქეები და მოლდოვის ერთი მცხოვრები. დაკავებულები მოსკოვში რეზონანსული ტერაქტების სერიას ამზადებდნენ.
ბოევიკები ტერაქტებს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თურქეთში მყოფი ემისრის პირდაპირი მითითებით ამზადებდნენ, იუწყება რუსეთის ფედერალური სამსახური.
დაკავების ადგილზე ძალოვნებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ვაზნები, გამოსაყენებლად გამზადებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და მნიშვნელოვანი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ნარევი – დიდი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად.