შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის" პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა ცნობილი უნგრელი მხატვრის — მიხაი ზიჩის სახელთან არის დაკავშირებული. იგი უნგრეთში 1827 წელს დაიბადა, უნივერსიტეტი და ვენის სამხატვრო აკადემიაც იქვე დაამთავრა.
1847 წელს მიხაი ზიჩი რუსეთში მიიწვიეს, რათა იმპერატორის სასახლეში ხატვა ესწავლებინა. მეფის სასახლესთაკავშირმა ზიჩი რუსეთის ოთხი უკანასკნელი იმპერატორის მხატვარი გახადა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის" მხატვრის წოდება მიიღო. მაგრამ კარის მხატვრის ინტერესების წრე მხოლოდ სამეფო ესკიზებით არ შემოიფარგლებოდა.
ლეგენდის მიხედვით, რომელიც უნგრელმა მეცნიერმა და მთარგმნელმა ბელა ვიკარმა ჩაიწერა, ქართული ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს თხოვნით მიმართეს: „თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ გყავთ ცნობილი მხატვარი, ჩვენ კი გვაქვს ცნობილი პოემა. ნება გვიბოძეთ ისინი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. დაე, თქვენი დიდი მხატვარი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთანაც დარჩეს და დიდებული ეროვნული გამოცემისთვის ჩვენი დიდი პოეტის თხზულების ილუსტრაცია შეასრულოს". მეფე ზიჩის შეეკითხა: „გინდა? წინააღმდეგი არ ვარ". მხატვარმა განაცხადა, რომ იგი ქართველი ხალხის სურვილს უდიდესი სიხარულით შეასრულებს.
მიხაი ზიჩი თბილისში 1881 წელს ჩამოვიდა. სანამ მუშაობას დაიწყებდა, მხატვარი საქართველოში მოგზაურობდა, მის ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, ქართველი ხალხის ყოფასა და ცხოვრებას ეცნობოდა, მის კულტურას სწავლობდა. სათანადო ტიპების შესარჩევად იგი თბილისსა და ქუთაისის თეატრებში პოემის ცალკეული ეპიზოდების მიხედვით ცოცხალ სურათებს აწყობდა.
აი,როგორ ხდებოდა ეს: მიხაი ზიჩი წინასწარ არჩევდა ეპიზოდებს პოემიდან, სცენის გასახალისებლად ადამიანებს პოულობდა, მათ შესაბამის ტანსაცმელს
აცმევდა, სცენაზე გამოჰყავდა და აუცილებელ სურათს „კრეფდა". სცენის იქით კი რომელიმე მსახიობი კითხულობდა ტექსტს პოემიდან, რომელიც ცოცხალ სურათს შეესაბამებოდა. რუსთაველის კითხვის დროს ხალხით სავსე დარბაზში დამსწრეთა აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, - იხსენებდა მიხაი ზიჩი. — „ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის თავისებური ბიბლიაა".
მაყურებელი ნანახით კმაყოფილი იყო. თავად მიხაი ზიჩი კი, მისთვის დამახასიათებელი სისწრაფითა და გულისყურით, ჩანახატებს აკეთებდა.
მიხაი ზიჩმა ათი ცოცხალი სურათი დადგა, რომლებშიც პოემის საკვანძო ეპიზოდების გახსნა შეძლო. მოგვიანებით მხატვარმა მეთერთმეტე ცოცხალი სურათიც დადგა, რომლის სცენარიც თავისი ხელით დაწერა: მეფე თამარი ტახტზე ზის. პოემის ავტორი შოთა რუსთაველი მას მუხლმოყრით აწოდებს „ვეფხისტყაოსანს". „ეს სურათები იმდენად საუცხოო იყო, - წერდა გაზეთი „დროება", — რომ მტერიც და მოყვარეც, ქართველიც, რუსიც, გერმანელიც, თათარიც - ყველა აღტაცებული იყო".
აი, რას წერს თავისი უფროსი ძმის ანტალ ზიჩისთვის თბილისიდან გაგზავნილ წერილში თავად მხატვარი თავის პირველ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმისგან მიიღო.
„ქალბატონმა ბარათოვამ, რომელიც მიუხედავად თავისი ხანდაზმულობისა, თვალშისაცემი სილამაზით გამოირჩევა, დადგმის შესახებ კეთილშობილური მიზნით მთხოვა, რათა უძველესი ქართული უნიკალური ნაწარმოებიდან „ვეფხისტყაოსანი" ცოცხალი სურათები შემექმნა. ცოცხალი სურათების დადგმაში, უმთავრესად თავადები და ქალბატონები მონაწილეობდნენ. ერთი სიტყვით, მთელი არისტოკრატია. მათი უშუალო დახმარებით თეატრში ცოცხალი სურათები დავდგი, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე. რეპეტიცია დაახლოებით დღის პირველის ნახევარზე დავიწყეთ. მოქმედი პირნი თეატრში დარჩნენ, იქვე სადილობდნენ, საღამოს რვა საათზე კი წარმოდგენა დაიწყეს. შუაღამისას ყველაფერი დამთავრდა და მთელი სხეული მიტოკავდა…
ბოლო სურათში 105 კაცი მონაწილეობდა, დანარჩენებში - 30-40 კაცით მეტი! თეატრი სავსე იყო მაყურებლებით, მათს აღტაცებას ბოლო არ უჩანდა.
ცალკეულ სურათებს შორის, მეც კარგად არ მახსოვს, სცენაზე რამდენჯერ მიმიწვიეს.
საკუთარ თავზე დავრწმუნდი, რა სასიამოვნოა, როდესაც მაყურებელი ტაშს გიკრავს და გთხოვს, სცენაზე კიდევ ერთხელ გამოხვიდე… უკანასკნელი სურათის შემდეგ სცენაზე, აღარც მახსოვს, რამდენჯერ გამომიძახეს. ტაშის ხმა არ წყდებოდა, ხელი მომკიდეს, სცენიდან აღარ მიშვებდნენ, თავბრუ დამეხვა. თურმე, ადამიანი ასეთ უხერხულ მდგომარეობასაც ეჩვევა. თავადებიდან როცა გამოვიქეცი, ქალბატონებთან შევედი, მაგრამ აქაც მომნახეს და კვლავ მაყურებელთან გამიყვანეს, რომელიც ტაშს აღფრთოვანებით უკრავდა და დარბაზს გამაყრუებელი შეძახილებით ავსებდა. გვერდით მდგარ ყველა შესანიშნავ ქალბატონს ხელები სათითაოდ დავუკოცნე; ყველას დავკოცნიდი, რომ მისალმებებისთვის დრო არ დამეკარგა.
ხალხის მასა თეატრის შესასვლელთანაც მელოდა. რომ შეძლებოდათ, ალბათ, ხელს დამავლებდნენ და სახლში ხელით წამიყვანდნენ. მე ქურდების ცნობილი მეთოდით ვისარგებლე და სხვებივით თავად დავიწყე ყვირილი — „ბრავო, ზიჩი"… ქალბატონმა ბარათოვამ, რომელიც ამ ცოცხალი სურათების დადგმის ინიციატორი იყო, ძვირფასი ფოლადის ხანჯალი მაჩუქა წარწერით და ვერცხლის სახელურით. ეს ლეკური ნაკეთობაა. ვინც მათ (ქართველები მყავს მხედველობაში) სამსახურს გაუწევს, მზად არიან, ამისთვის რაც შეუძლიათ, გადაუხადონ. თანაც ისინი ამას წარმოუდგენლად ნაზი მეგობრული გრძნობით აკეთებენ. ერთი სიტყვით, საუცხოო ხალხია ქართველები… ჩემგან
“ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმას ქუთაისშიც ელოდებიან. იქაც ხომ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. იქ ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან…"
მიხაი ზიჩი საქართველოში თითქმის წელიწადნახევარი იყო. მან პეტერბურგში შესარჩევად და დასამუშავებლად ბევრი ესკიზი წაიღო. მიხაი ზიჩმა, პოემის სულისკვეთებას რომ ჩასწვდომოდა, ნაწარმოების იმ ადგილების ფრანგულად გადათარგმნა ითხოვა, რომელთა ილუსტრირებაც მას უნდა მოეხდინა.
ილია ჭავჭავაძის წინადადებით ეს სამუშაო ქართველმა ლიტერატორმა იონა მეუნარგიამ მოკლე დროში შეასრულა. 1885 წელს მიხაი ზიჩმა თბილისში ესკიზები და ილუსტრაციები გამოგზავნა, მათ თან წერილი ახლდა: „გიგზავნით არა თორმეტ, არამედ ოცდათოთხმეტ ესკიზს ასარჩევად, აღნიშნეთ, რაც აღსანიშნია, დანომრეთ და სასწრაფოდ უკან გამომიგზავნეთ, რომ ამ სამუშაოს სწრაფად დამთავრება შევძლო. მოხარული ვიქნები, თქვენს იმედებს თუ გავამართლებ… ჩემი მხრიდან, არა მხოლოდ
34 ნახატს გამოვცემ, არამედ შეიძლება სხვები დავუმატო კიდეც და მათ დასავლეთ ევროპაში პატარა ფოტოგრაფიულ ალბომში დავბეჭდავ.
ამით ქართველი პოეტის რუსთაველის სახელი და დიდება უფრო ფართოდ გავრცელდება. დასასრულ, გთხოვთ ჩემს სურათებს ისე მოეპყრათ, როგორც ქართველები ეპყრობიან უცოდველ ქალებს - ნაზად და ფრთხილად".
როცა ესკიზები შეარჩიეს (წიგნში ჩასართველად 27 ილუსტრაცია შეირჩა), მიხაი ზიჩმა მათი დაბეჭდვის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. უცხოეთში გამგზავრების დროს მან თავისი ნახატები თან წაიღო, რათა ვენაში, სამხატვრო სახელოსნოში „ანგერერი და გეშლი" კლიშეები დაემზადებინათ. ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მეთვალყურეობით იბეჭდებოდა: ფერადი - ლეიფციგში, დანარჩენები — პეტერბურგში. ილუსტრაციები საბოლოო სახით მხატვარმა თბილისში 1887 წელს გამოაგზავნა.
თბილისში მეორედ ჩამოსულმა მიხაი ზიჩმა პოემის გამომცემლებს აჩუქა
„ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების ალბომი ასეთი წარწერით: “ქართველ ხალხს ჩემი სიმპათიისა და გულითადი ერთგულების ნიშნად. ზიჩი. ს. პეტერბურგი.
1889 წლის 10 მარტი".
პოემის ილუსტრაციების გარდა, მიხაი ზიჩმა, რომელიც XII საუკუნის ძველი ქართველი ოსტატების ვერცხლისა და ოქროს ჭედურობას გაეცნო, ორი მითოლოგიური სურათი შეასრულა ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ცხოვრებიდან. ეს სურათები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის ბაგრატის ტაძრის, გელათის მონასტრის, ხერთვისის ციხის, გორის ციხის ჩანახატები. საქართველოში ყოფნის დროს ზიჩი აგრეთვე მეგობრულ შარჟებს და კარიკატურებსაც ხატავდა.
მაგალითად, მან დახატა რუსთაველის პოემის ფრანგულ ენაზე თარგმნაში ჩაფლული იონა მეუნარგია. ამ ნახატებიდან 12 ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ
მუზეუმში ინახება. ზიჩი ხშირად ხელს უწყობდა პეტერბურგში ტრადიციული ქართული მეჯლისის ორგანიზაციას, რომელსაც საქველმოქმედო მიზნით იქ მოსწავლე
ღარიბი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად აწყობდნენ; რუსთაველის პოემის თემებზე ცოცხალ სურათებს დგამდა.
მიხაი ზიჩის წყალობით „ვეფხისტყაოსანი" უნგრულ ენაზე ითარგმნა.
მთარგმნელი ბელა ვიკარი პოემის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ გაჩნდა და მზადდება უნგრული თარგმანი: „ფინეთში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს 1889 წელს ცნობილ მხატვარს მიხაი ზიჩის შევხვდი. იგი პატარა სოფელში ცხოვრობდა, სადაც, როგორც თავისი თანამემამულე, სიყვარულით და ნამდვილი უნგრული სტუმართმოყვარეობით მიმიღო. აქ ზიჩიმ იმ დროისთვის პირველი ძვირფასი გამოცემები მიჩვენა. მათ შორის იყო XII საუკუნის უდიდესი პოეტის რომანტიკული ეპოსი, ჩვენთვის სრულიად უცნობ ქართულ ენაზე. ნახატები ზიჩმა შეასრულა. ზიჩმა პოემის შინაარსი გამაცნო და მიამბო, თუ
როგორ მუშაობდა ამ კლასიკური ნაწარმოების ილუსტრაციაზე, რომელიც მანამდე ილუსტრირებული არ ყოფილა. „თარგმნე", — მითხრა ზიჩიმ.
მე იმ დროს „კალევალას" თარგმანზე ვმუშაობდი. აზრადაც არა მქონია, რომ ოდესმე რუსთაველის თარგმნის დაწყება მომიწევდა, მაგრამ დიდი მხატვრის სიტყვები არ დამვიწყებია, ასეთი აღფრთოვანებით რომ იყო წარმოთქმული.
ქართული ენის სწავლა დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, მალე დავრწმუნდი, რომ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ძნელი ენის იმ დონემდე შესწავლას ვერ შევძლებდი, რომ ამ ენის ყველაზე დიდი ოსტატის სრული შინაარსი გადმომეცა. ამ სირთულეების დასაძლევად გადავწყვიტე მომენახა დამხმარე თავად რუსთაველის სამშობლოდან და მე ეს შევძელი. ეს იყო გიორგი წიკლაური - ახალგაზრდა პოეტი, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა და რომელსაც მისთვის დაკისრებული ამოცანის შესრულება შეეძლო… როდესაც ლექსად ვთარგმნიდი, ვცდილობდი, შინაარსი მაქსიმალურად ზუსტად გადმომეცა.
თარგმნის დროს დავრწმუნდი, რომ ზიჩი მართალი იყო: „ყველა ლიტერატურამ ევროპაში მართლაც თავისად უნდა ჩათვალოს „ვეფხისტყაოსანი".
მხოლოდ ისეთი დიდი გულის ადამიანს, როგორიც ზიჩი იყო, შეეძლო ასე უანგაროდ ემსახურა მისთვის უცხო კულტურისთვის. და ქართველი ხალხიც ყოველთვის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებს უნგრელ მხატვარს, რომელიც ქართველი ხალხის მეგობარი გახდა. თბილისში გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს სამხატვრო აკადემიის პირდაპირ დაიდგა მიხაი ზიჩის ძეგლი, რომელიც მისმა თანამემამულემ შანდორ კიშმა შექმნა.