სამკაულების დიზაინერი ფერადი მძივებით ბავშვობიდან მოიხიბლა და ეს გატაცება შემდეგ სერიოზულ საქმიანობად აქცია. მის მიერ შექმნილ თითოეულ სამკაულზე ხელით შეხებისას დარწმუნდებით, რომ ისინი ბევრად მეტია, ვიდრე სამკაული. ეს არის ხელოვნების ნიმუში, დახვეწილი ორნამენტებით, საოცარი კომბინაციებით და თვალისმომჭრელი სილამაზით.
თამუნა ლეჟავა: სამკაული, რომელსაც ვქმნი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პირველ პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი სამკაულები გავაკეთე ბისერების იმ მარაგით, რაც ბავშვობიდან მქონდა დაგროვილი. ძალიან დიდი ყუთი იყო, რომელიც სავსე იყო ჩეხური სხვადასხვა ფერის, გრძივად აწყობილი ბისერებით.
– პატარა გოგონამ როგორ მოაგროვეთ ამდენი ბისერი?
– ბავშვობაში ბებიაჩემის ნათესავთან ვისვენებდით თიანეთში. ვიყავი ძალიან უჭმელი ბავშვი, ჩემი ჭამა ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. ერთ–ერთი სეირნობის დროს სოფლის დიდ მაღაზიასთან მოვხვდით, სადაც ჩეხური მძივების სექცია იყო. იქ მოხდა ჩემი აღფრთოვანება და გარდასახვა. ეს ბებიას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მკითხა, მძივები რომ გიყიდო საჭმელს შეჭამო? რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ბავშვობიდან მოყოლებული სიტყვის ადამიანი ვარ, ვინმეს თუ რამეს შევპირდები, არასოდეს გადავთქვამ. ბებიამაც, რა თქმა უნდა, მიყიდა მძივები. სამი კვირის თავზე ბისერებით სავსე მთელი ყუთი ჩამოვიტანე თბილისში. დაახლოებით 15 წლის წინ, როცა დავიწყე სამკაულების გაკეთება, რთული პერიოდი იყო, თბილისი სულ სხვა ქალაქი იყო, არ იშოვებოდა არანაირი მასალა. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი სიმდიდრე მაქვს სახლში. ყუთი მაქვს სავსე ძალიან სერიოზული, ხარისხიანი მასალით. პირველი პერსონალური გამოფენა 2007 წელს გავაკეთე. სწორედ ამ მძივებით შექმნილი სამკაულები მქონდა წარმოდგენილი გამოფენაზე.
– სპეციალობით ვინ ხართ?
– სრულიად განსხვავებული სპეციალობა მაქვს – ფიზიკოსი ვარ. ერთი პერიოდი ვმუშაობდი ფიზიკის ინსტიტუტში, ომიანობის პერიოდში აირია სიტუაცია, ფიზიკის ინსტიტუტიც გახუნდა და დავანებე თავი.
– პირველი გამოფენის შემდეგ რა წარმატებები გქონდათ?
– პირველი გამოფენა იყო ერთგვარი ტესტი, როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს საზოგადოება. ჩემდა გასაოცრად ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. იმ პერიოდში ასეთი სამკაულები ძალიან უცხო იყო. ბევრს ვერც წარმოედგინა, რომ უბრალო ბისერით შეიძლება ასეთი სირთულის ნამუშევრები გააკეთო. საზოგადოებამ ძალიან მომიწონა ნამუშევრები, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. გადავწყვიტე სერიოზულად მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. ორი წლის მერე გავაკეთე მეორე პერსონალური გამოფენა. ამის მერე დაიწყო მოდის კვირეულები ჯერ საქართველოში, მერე მის ფარგლებს გარეთ. სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს ტალინის მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერთან ერთად. ანუკა არეშიძეს და ბიჭოლას ერთ-ერთი კოლექცია გავაფორმე სამაკულებით. ამის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო წარმატებები. 2009 წელს ვმონაწილეობდი მოსკოვის „ბისერ-ფესტში“. ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული წარმატება იყო 2012 წელს, როდესაც ჩემ მიერ წარდგენილი ოთხივე სამკაული მოხვდა მსოფლიო კატალოგში. აშშ–ში არის ასეთი ჟურნალი SHOWCASE 500 BEADED JEWELRY, რომელსაც აქვს სერიები: ერთ წელს გამოდის 500 საუკეთესო საავტორო კერამიკული ნამუშევარი, შემდეგ წელს 500 საუკეთესო ყელსაბამი და ა.შ. ყველა მსურველი აქ ვერ ხვდება, არის შეზღუდვები. მაგალითად, ერთ არტისტს მხოლოდ ოთხი ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვს, მაგრამ, კატალოგის წესით, მაქსიმუმ ორი ნამუშევრის არჩევა შეიძლება. საკვირველი ის იყო, რომ ჩემი ოთხივე ნამუშევარი მოხვდა კატალოგში. წარმოუდგენელი ფაქტია ერთი არტისტის ოთხივე ნამუშევარი მოხვდეს ამ კატალოგში. გარდა ამისა ყელსაბამი 1001 NIGHTS ავტორებმა მიიჩნიეს ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მთელ კატალოგში, რაც მითითებულია კატალოგის ანოტაციაში, მის გარე ყდაზე. სხვათა შორის, ეს სამკაული იყო ანუკი არეშიძის პერსონალური დაკვეთით შესრულებული. 2013 და 2015 წელს საერთაშორისო კონკურსზე BEAD DREAMS (აშშ) ორჯერ გავხდი ფინალისტი. აქ მოხვედრა შვიდ საუკეთესოს შორის ბევრი ხელოვანის აუხდენელი ოცნებაა. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი წარმატება, თითოეულ მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
– თქვენი ნამუშევრები საკმაოდ რთული დეტალებისგან შედგება, ალბათ ძალიან რთულია მათზე მუშაობა?
– ვაკეთებ პატარა ზომის საყურედან დაწყებული, დამთავრებული უდიდესი ზომის სამკაულით. ძირითადად დიდი ზომის სამკაულებს ვქმნი კონკურსებისთვის, განსაკუთრებული დანიშნულებებისთვის. დიდი სამკაულის შექმნას სჭირდება სამი კვირიდან თვე-ნახევრამდე. საკმაოდ რთულია ბისერზე მუშაობა. შესაძლოა სამკაული დიდი არ იყოს, მაგრამ არის დეტალები, რომელთა დამუშავებასაც ძალიან დიდი დრო მიაქვს. ყველაზე რთული კომპოზიციის შეკვრაა. შეიძლება არაჩვეულებრივი დეტალი შეკრათ, მაგრამ გაგიჭირდეთ ეს დეტალები ერთ კომპოზიციად შეკრათ. აქ კიდევ ბევრი ნიუანსია. როცა ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, ყოველთვის ვეუბნები, მიაქციონ ყურადება, როგორ გამოიყურება სამკაული. გრავიტაცია მოქმედებს ყოველთვის. დადებული სამკაული შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ ყელზე ფორმები დაკარგოს. აუცილებელია წონა ზუსტად გადაანაწილო.
– გაქვთ ნამუშევარი, რომელსაც არასოდეს გააჩუქებთ და არ გაყიდით?
– კი, მაქვს ასეთი ნამუშევრები, რომლებიც მიზანმიმართულად ჩემთვის შევქმენი. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ სამკაულებს არასოდეს არ გავყიდდი და არასოდეს გავაჩუქებდი.
– სამკაულის შექმნის დროს რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
– სამყაროში უამრავი შთაგონების წყარო არსებობს. კარგი ამინდი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო, ან რაღაც განსაკუთრებული ყვავილი ნახო და მისი შექმნა მოგინდეს. ცხოვრება ეს არის უშრეტი შთაგონების წყარო. როცა ბისერებზე ვიწყებ მუშაობას, დროის შეგრძნებას ვკარგავ. ეს არის ძალიან სერიოზული თერაპია და აწყნარებს ნერვულ სისტემას.
– ფერთა გამას როგორ ქმნით?
– ფერები ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. როცა ხატვით ვიყავი გატაცებული, ვგრძნობდი, რომ ფერის მხატვარი ვიყავი და არა ფორმის. ფორმები იმდენად არ მიტაცებდა, როგორც ფერი. ასე გაგრძელდა სამკაულების შემთხვევაშიც. ფერთან მიმართებაში ძალიან თამამი ვარ. არ ვიცი საიდან მოდის ფერთან ასეთი „თავხედური“ დამოკიდებულება. არ მაქვს ერთი კონკრეტული სყვარელი ფერი. ყველა ფერი მისაღებია კონკრეტულ კომბინაციაში. იშვიათად ვაკეთებ შავ სამკაულს, მიყვარს ხალასი ფერები.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმა მაქვს, რომელიც მომწიფების ეტაპზეა, ამიტომ ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.