„მის სამხრეთი იტალიის“ ტიტულის მფლობელი ქართველი საოპერო მომღერალი

© FB/ Sofi Koberidzeსოფი კობერიძე
სოფი კობერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს იტალიაში მოღვაწე საოპერო მომღერალსა და ფოტომოდელს სოფი კობერიძეს გაგაცნობთ.

საოპერო მომღერლის წარმატებული კარიერა თბილისის კონსერვატორიაში უწინასწარმეტყველეს. შემდეგ სწავლა იტალიაში განაგრძო და დღეს ქართველი მომღერალი სოფი კობერიძე ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების საოპერო სცენებზე იტალიელების აღფრთოვანებული „ბრავას“ ფონზე გამოდის. სამოდელო გარეგნობის ქართველი გოგო სხვა სფეროს სცენაზეც შეამჩნიეს და მრავლისმნახველმა სიცილიელებმა „მის სამხრეთი იტალიის“ ტიტული უკამათოდ მიანიჭეს. სოფი, როგორც ხდება ხოლმე, მარტო სილამაზეს არ დასჯერდა და ფსიქოლოგიის სერიოზული შესწავლაც დაიწყო. ყველაფერში წარმატებულს გული ერთ რამეზე სწყდება – საქართველოში რომ არ იცნობენ, თუმცა ეს, ვფიქრობ, მისი კი არა, უფრო ჩვენი პრობლემაა…

© FB/ Sofi Koberidzeსოფი კობერიძე
სოფი კობერიძე - Sputnik საქართველო
სოფი კობერიძე

– სოფი, ადამიანს საკუთარი თავი დაახლოებით 4 წლიდან ახსოვს. რა გახსოვთ თქვენი მუსიკალური და არამუსიკალური წარსულიდან?
— მუსიკალური მონაცემები მართლა პატარაობიდანვე გამოვამჟღავნე. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ჩემებმა პიანინო მიყიდეს. როგორც კი სახლში შემოიტანეს ინსტრუმენტი, მივუჯექი და დავიწყე იმ მელოდიის აწყობა, რომელიც სულ მესმოდა დედისგან — „იავნანაზე“ მოგახსენებთ… მინდა საოპერო თეატრში ჩემი პირველი მისვლა გავიხსენო: პირველი ოპერა, რომელიც ვნახე, „დონ ჯოვანი“ („დონ ჟუანი“) იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი რამ იყო, სპექტაკლს აღფრთოვანებით ვადევნებდი თვალს და მახსოვს, იმ სამყარომ მაშინვე მომნუსხა…
– ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინეთ, რომ არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემებიც გაქვთ…
— კარგად მახსოვს ის დღე, როცა ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელში ერთ ახლობელ პროფესიონალს შემთხვევით შევხვდი. ჩემთან საუბრის შემდეგ რამდენიმე ფრაზის წამღერება მთხოვა და მერე მითხრა, რომ აუცილებლად უნდა მეცადა ხმის განვითარება საოპერო განხრით, საოპერო სფეროში წარმატებული კარიერა სწორედ ამ ადამიანმა მიწინასწარმეტყველა. შემდეგ კონსერვატორიაში ბატონი გოჩა ბეჟუაშვილი იყო ჩემი პედაგოგი და დღემდე ასეა…

© FB/ Sofi Koberidzeსოფი კობერიძე
სოფი კობერიძე - Sputnik საქართველო
სოფი კობერიძე

– ამის მერე თქვენი კარიერა არა მარტო პიანისტის, ვოკალისტის ხაზითაც განვითარდა, იტალიაში როგორ აღმოჩნდით?
— იტალიაში სწავლა განვაგრძე და ასე დაიწყო ჩემი კარიერა. დღეს ამ ქვეყნის ბევრ თეატრში მაქვს ნამღერი, თუმცა მათ შორის მაინც გამოვყოფდი თეატრებს ტურინში, ვენეციაში, ტრიესტში და ა.შ. იტალიის ფარგლებს გარეთ კი ნამღერი მაქვს ჩეხეთში, პოლონეთში, ავსტრიასა და გერმანიაში. რაც შეეხება რეპერტუარს, ვასრულებ მოცარტის, როსინის, ბელინის, დონიცეტისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს. მაქვს ოჯახიც, ჩემი მეუღლე მასიმილიანო ჩოსტანტინო იტალიელი გახლავთ, ისიც საოპერო მომღერალი, ტენორი და ასევე ლიბრეტისტია.

© FB/ Sofi Koberidzeსოფი კობერიძე
სოფი კობერიძე - Sputnik საქართველო
სოფი კობერიძე


– საოპერო მომღერლის ცხოვრება დაძაბული და რთულია, ფსიქოლოგიითაც ამის გამო ხომ არ დაინტერესდით?
— ჩემ თავზე ბევრს ვმუშაობ, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის დიდ ნაწილს ვუთმობ მუსიკას, სწავლას, საშემსრულებლო ტექნიკის განვითარებასა და ფსიქოლოგიურ სიმყარეს, რადგან ეს პროფესია ძლიერ ფსიქიკას მოითხოვს. ფსიქოლოგიით სერიოზულად ვარ გატაცებული, ასე ვთქვათ, თვითნასწავლი ფსიქოლოგი ვარ, დიდ ინფორმაციას ვფლობ ამ სფეროზე და, როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გამიჩნდება ხოლმე, სულ ვცდილობ ამ განხრით ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გავაღრმავო. ხანდახან მილანის უნივერსიტეტში ლექციებსაც კი ვესწრები და ჩანაწერებსაც ვაკეთებ, ბევრს ვკითხულობ. საერთოდ მენტალური დაავადებების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა.

– კიდევ ერთი საინტერესო მომენტი თქვენ ცხოვრებაში: 2011 წელს თქვენ გაიმარჯვეთ სიცილიაში ჩატარებულ სილამაზის კონკურსზე და „მის სამხრეთი იტალია“ გახდით…

— იტალიაში ახალი ჩამოსული ვიყავი, როცა რამდენიმე სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, მათგან გამოვყოფდი კონკურსს Miss Mediterraneo, რომლის  გამარჯვებულიც გავხდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ „მის იტალიის“ საკონკურსო ტურებშიც გავედი, მაგრამ თითქმის ფინალამდე მისულს უარი მითხრეს, რადგან იმ დროს იტალიის მოქალაქე ჯერ არ ვიყავი. ამის მერე შემოთავაზება ბევრი სააგენტოსგან მივიღე, ბევრ საინტერესო ფოტოგრაფთან მუშაობა მომიწია. თუმცა დროის უქონლობის გამო ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადავიდა. დღეს ჩემ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, ჩემი განვლილი გზით კმაყოფილი ვარ. ცხოვრებამ ბევრი ბედნიერი დღე და წუთი მაჩუქა. გული მარტო ერთ რამეზე მწყდება – რომ საქართველოში არ მიცნობენ…

© FB/ Sofi Koberidzeსოფი კობერიძე
სოფი კობერიძე - Sputnik საქართველო
სოფი კობერიძე
ყველა ახალი ამბავი
0