ნოსტრადამუსის გოჭები თუ ჯუმანჯი?

© Photo: Public domainმიშელ ნოსტრადამუსი
მიშელ ნოსტრადამუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე საიდუმლო და მაგიური ატმოსფერო ტრიალებს. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, თუ გრძელ, შავკაპიუშონიან მოსასხამში დაგვხდებით, თანაც ზედ ამოქარგული ბაჯაღლოსფერი ვარსკვლავებით.

ახალი წელი გვიახლოვდება და, ბუნებრივია, ყველანი სამომავლო გეგმებს ვაწყობთ, თითოეულს გვაინტერესებს, რა მოელის ამ ცეცხლოვანი მამლის წელს, რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეენაცვლოს ასევე ცეცხლოვან მაიმუნს.

CC BY 2.0 / Flickr / Shadowgate / Salon De Provenceმიშელ ნოსტრადამუსი
მიშელ ნოსტრადამუსი - Sputnik საქართველო
მიშელ ნოსტრადამუსი

ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი ფრანგი ასტროლოგი, ექიმი, ფარმაცევტი და ალქიმიკოსი მიშელ დე ნოსტრდამია, ანუ ნოსტრადამუსი, რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1503 წლის 14 დეკემბერს, ხუთშაბათს, შუადღით პროვანსის ქალაქ სენ-რემიში.

მიშელის მამა ცნობილი ნოტარიუსი იყო, ხოლო დედის მხრიდან წინაპრები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული წარმატებებით მათემატიკისა და მედიცინის დარგში.
ნოსტრადამუსმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო ბაბუის (დედის მხრიდან) ჟან დე სენ-რემის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელმაც იმდენად შეაყვარა პატარა მიშელს ასტრონომია, რომ ის მთელი ღამეების განმავლობაში ვარსკვლავებიან ცას აკვირდებოდა.

© FL/ Shadowgateნოსტრადამუსის ძეგლი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ქალაქ სალონ-დე-პროვანსში
ნოსტრადამუსის ძეგლი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ქალაქ სალონ-დე-პროვანსში - Sputnik საქართველო
ნოსტრადამუსის ძეგლი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ქალაქ სალონ-დე-პროვანსში

ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ნოსტრადამუსი გაემგზავრა ავინიონში, სადაც გაიარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კურსი, მათ შორის, რიტორიკა და ფილოსოფია. 22 წლისამ ჩააბარა ევროპაში იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ მონპელიეს უნივერსიტეტში, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამედიცინო სკოლით.

აღსანიშნავია, რომ 1546 წელს ქალაქ ექსში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა და ნოსტრადამუსმა გამოიგონა წამალი მისი გავრცელების წინააღმდეგ (ეს იყო არომატული ბალახების ნაკრები, რომელიც ადამიანს პირში უნდა დაეგუბებინა, რომ სენი არ გადასდებოდა). ფართოდაა გავრცელებული ლეგენდები მის მიერ გამოგონებული სხვა სასწაულმოქმედი წამლების შესახებაც, თუმცა ჩვენამდე მოღწეულ მის რეცეპტებში მკლევარებმა და ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი ორიგინალური და ისეთი, რაც გასცდებოდა XVI საუკუნის ტრადიციული ფარმაკოლოგიის ჩარჩოებს. 

© FL/ seriykotik1970მეფე ჰენრი II
მეფე ჰენრი II - Sputnik საქართველო
მეფე ჰენრი II

1555 წელს ნოსტრადამუსი მიიწვიეს საფრანგეთის მეფე ჰენრიხ II-ის სასახლეში, სადაც ნოსტრადამუსმა მეფე გააფრთხილა, არ მიეღო მონაწილეობა რაინდთა ტურნირში. მეფემ მის წინასწარმეტყველებას ყურადღება არ მიაქცია და… 1959 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა ტურნირის დროს მიღებული ჭრილობისგან.

ამავე პერიოდში ნოსტრადამუსმა უცნობ ბერ-მონაზონ ფელიჩე პერეტის უწინასწარმეტყველა, რომ ის ოდესმე პაპი გახდებოდა. და მართლაც, 1585 წელს, უკვე ნოსტრადამუსის გარდაცვალების შემდეგ, ფელიჩე, სიქსტი V-ს სახელით, პაპის ტახტზე ავიდა.

1564 წელს ნოსტრადამუსს თავად დედოფალი ეკატერინე მედიჩი ეწვია შვილთან კარლოს IX-სთან ერთად. სხვათა შორის, მათი შეხვედრა აღბეჭდილია ფერმწერ დენი ვალვერანის ტილოზე. იმ დღეს ნოსტრადამუსმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მეფე გახდებოდა პრინცი ჰენრიხ ნავარელი, და მისი წინასწარმეტყველება კვლავ ახდა.

© FL/ bergreდედოფალი ეკატერინე მედიჩი
დედოფალი ეკატერინე მედიჩი - Sputnik საქართველო
დედოფალი ეკატერინე მედიჩი

1566 წლის 1 ივლისს ნოსტრადამუსმა განაცხადა, რომ მეორე დღის გამთენიისას გარდაიცვლებოდა. 2 ივნისს ის წამოდგა საწოლიდან, რადგან ასთმის შეტევამ შეაწუხა და… გული გაუჩერდა. შემდგომში მკლევარებმა იპოვეს მისი ჩანაწერები, სადაც 2 ივნისის გასწვრივ ნოსტრადამუსის ხელით იყო მიწერილი: „აქ კი ახლოვდება სიკვდილი“.
ნოსტრადამუსის ცხედარი სარკოფაგში მოათავსეს და ეკლესიის კედელში დაკრძალეს. საინტერესოა, რომ 1791 წელს, რევოლუციური მოვლენების დროს ერთ-ერთმა იაკობინელმა ეს ეკლესია დაწვა და ცნობილი წინასწარმეტყველის ნეშტი მიმოფანტა. მეორე დღეს ამ რევოლუციონერის გვამი ლანსონის მახლობლად იპოვეს. ასე რომ, ასრულდა ნოსტრადამუსის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომ მოკვდებოდა ის, ვინც მის საფლავს შეურაცხყოფდა.

ნოსტრადამუსს დარჩა 6 მემკვიდრე. უფროსმა ვაჟმა სეზარმა გაამართლა მამის იმედები — გახდა პროვანსის ისტორიის ავტორი, მემატიანე და თავადის წოდება მიიღო. მეორე ვაჟს, მიშელს ბრალად დასდეს გამიზნულად ხანძრის გაჩაღება და სიკვდილით დასაჯეს. მესამე ვაჟი ანდრე კაპუცინების ორდენის რიგებში შევიდა. უფროსი ქალიშვილი მადლენი ცოლად გაჰყვა ცნობილ კავალერ პოლ დე სოკენს, ანა და დიანა კი გაუთხოვრები დარჩნენ.

ისე კი, გასაკვირია, ასეთი ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა საკუთარი შვილი მიშელი მაინც რატომ არ გააფრთხილა, რომ ცეცხლს ახლოსაც არ გაკარებოდა, ან უმცროს ქალიშვილებს არ ურჩია, ცხვირები არ აებზიკათ ზედმეტად და პირველივე გამვლელს გაჰყოლოდნენ ცოლად?..

© Wikipediaნოსტრადამუსის ცენტურიები, რომლებსაც დღემდე სწავლობენ მკვლევარები
ნოსტრადამუსის ცენტურიები, რომლებსაც დღემდე სწავლობენ მკვლევარები - Sputnik საქართველო
ნოსტრადამუსის ცენტურიები, რომლებსაც დღემდე სწავლობენ მკვლევარები

ჯერ კიდევ ნოსტრადამუსის სიცოცხლეში მისი შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებით, ალმანახები და კალენდრები, რომლებშიც სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი ამინდის პროგნოზები იბეჭდებოდა. ნოსტრადამუსი ასევე ქმნიდა ასტროლოგიურ ყოველთვიურ და ყოვეწლიურ ჰოროსკოპებს. ხოლო მისი მთავარი ნაწარმოები — ცენტურიები შესულია მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში და მათ დღემდე სწავლობენ.

ისე კი, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება დაიწო იმით, რომ ის, ეწვია რა ერთ-ერთ ცნობილ, მეფის კართან დაახლოებულ პირს, ეზოში ორი გოჭი დაინახა – ერთი თეთრი, მეორე კი შავი, და განაცხადა, რომ თეთრ გოჭს შეჭამდა მგელი, ხოლო შავ გოჭს მზარეული სუფრაზე მიტანდა. მასპინძელს არ მოეწონა სტუმრის ასეთი თავდაჯერებულობა და  მზარეულს უბრძანა, თეთრი გოჭი დაეკლა. მზარეული ეზოში გავიდა, ცოტა ხანში კი დაბრუნდა და მოიტანა ტრაგიკული ამბავი, რომ თეთრი გოჭი მართლაც შეეჭამა მგელს, ამიტომ იძულებული იყო, დაეკლა შავი გოჭი. 

© FL/ Dionne Simsაფრიკული წითელი ხისგან დამზადებული მაგიური სათამაშო ჯუმანჯი
აფრიკული წითელი ხისგან დამზადებული მაგიური სათამაშო ჯუმანჯი - Sputnik საქართველო
აფრიკული წითელი ხისგან დამზადებული მაგიური სათამაშო ჯუმანჯი

ალბათ, ყველა თქვენგანი ერთხელ მაინც ყოფილა მკითხავთან ან, პირიქით, მკითხავი მოსულა. ერთ დროს თბილისში ძალიან იყო მოდაში ყავაზე მკითხაობა, ასევე სპირიტული სეანსები, მაგრამ მე ასეთი რაღაცების სულ მეშინოდა. ყავაზე მკითხაობა კი თავადაც მშვენივრად გამომდის. ჭიქაში რომ ვიხედები, ვხედავ იმას, რაც მინდა — მთავარია ფანტაზია გქონდეს — და მშვენიერ ხასიათზე ვდგები.

რაც შეეხება ასტროლოგიურ პროგნოზებს, სამწუხაროდ, ადამიანები მათ ხშირად ვკითხულობთ. რას იზამ, სული წინ გვისწრებს და აქ კი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათი ავტორი იყოს კეთილისმსურველი ადამიანი.

მაგალითად, მოსკოვში ცნობილი ასტროლოგები არიან ცოლი და ქმარი გლობები. მათ რომ მოუსმინო, მეორე დილით გაღვიძება არ მოგინდება. სამაგიეროდ ჟურნალში „7 დღე“ ისეთი ოპტიმისტური ჰოროსკოპები იბეჭდებოდა, რომ წავიკითხავდი, სულ ხტუნვა-ხტუნვით მივრბოდი სამსახურში. არადა, რამხელა მნიშვნელობა აქვს განწყობას?!

სხვათა შორის, მკითხაობისთვის, ნოსტრადამუსის გოჭებისა არ იყოს, იყენებენ თეთრ მამლებსაც, თუთიყუშებსაც და კატებსაც. ქათმებს რაც შეეხება, ვიცი, რომ იღებენ საკენკს, აწყობენ პატარა გროვებად და თითოეულს აწერენ ასოებს. მერე კი აკვირდებიან მამლის მარშრუტს. თანაც, აუცილებელია, მამალს კლანჭები დაჭრილი ჰქონდეს — ეტყობა იმისთვის, რომ ფეხი ბალახზე არ წამოედოს და გრამატიკული შეცდომა არ დაუშვას.

ყველას გემახსოვრებათ, ბოშა ქალები რომ დადიოდნენ და თუთიყუშებით მკითხაობდნენ, რომლებიც ნისკარტით წვრილად დამრგვალებულ ფურცლებს გვაწვდიდნენ — ყველა ტექსტში თბილისურ-ბოშური აქცენტი ჭარბობდა.

აი, კატებს რაც შეეხება, თურმე მათ თათებზე მკითხაობენ, მაგრამ ძალიან რთულია და ვერაფერი გავუგე.

მართალი რომ გითხრათ, ძალიან მაინტერესებს მკითხაობა ჯუმანჯიზე. ეს არის სამაგიდო თამაში, რომელიც აფრიკული წითელი ხისგან არის დამზადებული. კოლოფში მაგიური ბურთი და სათამაშო ველია. აგორებ ბურთს და გამოდის სხვადასხვა ფიგურები, თანაც აფრიკული ტამტამების ფონზე.

სამწუხაროდ, ჩემი ეს ოცნება პრაქტიკულად შეუსრულებადია, რადგან კომპანია Industrial Light & Magic и Amalgamated Dynamics-მა ჯუმანჯის ძალიან შეზღუდული რაოდენობა გამოუშვა და კოლექციონერებმა მთლიანად დაიტაცეს.

ასე რომ, ისევ ვენდობი საკუთარ ინტუიციას, და მართლა მჯერა, რომ საკუთარ ბედს ადამიანი თავად ქმნის. ხოლო თუ მის ირგვლივ კეთილი, მყუდრო და თბილი აურაა, ყველაფერი კარგად იქნება!

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სასიამოვნო მოულოდნელობით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0