ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ზოგჯერ ძალზე რთულია, იმდენად რთული, რომ ტკივილის გარდა არაფერი მოაქვს. მაგრამ ეს სიყვარულის ბრალი კი არ არის, არამედ „არასწორი“ მამაკაცისა.
არადა ქალს ხშირად უგონოდ უყვარდება და „მისი უძირო თვალების“ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. ოღონდ რომ ჰკითხოთ, რა იზიდავს იმ კონკრეტულ მამაკაცში, ვერაფრით გაგცემთ დალაგებულ და მკაფიო პასუხს.
და ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზუსტად რა გვაგიჟებს კაცებში, ქალებმა მაინც და მაინც კარგად არ ვიცით. ის კი არა, ხან ისეც ხდება, რომ ერთი და იმავე ტიპის მამაკაცი გვიყვარდება და საბოლოოდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ერთსა და იმავე შედეგს ვიღებთ. არადა, არჩევანი ჩვენზეა. უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უფრო მეტსა და უკეთესს ვიმსახურებთ და თავი უნდა ავარიდოთ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც ჩვენი ღირსი არ არიან.
ამიტომაც გაგაცნობთ მამაკაცების 7 ტიპს, რომლებსაც უკანმოუხედავად უნდა გაექცეთ:
1. გამოსასწორებელი კაცი
ასეთ ტიპს პოტენციალი აქვს. თქვენ ამას ხედავთ და იცით – ცოტა სიყვარული და ზრუნვა ამ პოტენციალს ხორცს შეასხამს.
ასეთი კაცი შესაძლოა ვერც საქმეს უმკლავდებოდეს და ვერც სიგარეტისა თუ ალკოჰოლის სურვილს სძლევდეს, ამბიცია არ ჰყოფნიდეს, ზარმაციც იყოს, მაგრამ თქვენ რატომღაც მაინც და მაინც მის გვერდით გინდათ ყოფნა. გსურთ ყველაფერი მასში ჩადოთ და ისეთი კაცი „გამოძერწოთ“, როგორზეც ოცნებობთ.
მაგრამ აქედან არაფერი გამოვა! იმიტომ რომ, რამდენიც უნდა ეცადოთ, ის არ შეიცვლება, სანამ თავად არ მოინდომებს, ანუ მზად არ იქნება. ამიტომ თუ კაცი უკვე არ არის ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ, უბრალოდ გაუშვით და მოძებნეთ სხვა — ის, ვინც ახლა იქნება თქვენთვის იდეალური და არა მომავალში, ისიც, სავარაუდოდ.
2. კაცი, რომელსაც არ უყვარს გულწრფელი საუბრები
ასეთ ტიპს არ შეუძლია გრძნობებისა და ემოციების გაზიარება. შინ დაბრუნებას აგვიანებს, მაგრამ აზრადაც არ მოსდის, დაგირეკოთ და გაგაფრთხილოთ. შესაძლოა რამდენიმე დღით ისე „დაიკარგოს“, რომ ერთი სიტყვაც არ მოგწეროთ. და ეს იმიტომ, რომ მისთვის თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანი არ არის.
თუ ამას ისიც ემატება, რომ უბრალო თემებზეც კი ეზარება თქვენთან ლაპარაკი, დაუყოვნებლივ გაექეცით!
3. მექალთანე
ასეთ ტიპს შესაძლოა მართლაც უყვარდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ პარალელურად კიდევ რამდენიმე ქალი ეყვარება. შესაძლოა არაჩვეულებრივი სექსი გქონდეთ, მაგრამ სხვა ქალებთანაც არანაკლებ სიამოვნებას მიიღებს. და ეს იმიტომ, რომ სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლია.
თქვენ არასდროს იქნებით მისთვის ერთადერთი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — ეს მრავალფეროვნებაა და მონოგამიურ ურთიერთობებს არ სცნობს.
მაშ, რა დაგრჩენიათ მასთან?!
4. საკუთარ თავში გაურკვეველი
ასეთი კაცები იოლად უყვარდებათ. ცოტათი დაბნეულ-დაკარგულია და ამიტომ იდუმალი და ამოუცნობი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის გამუდმებით ინტერესდება თქვენი აზრით და ამით თქვენს ეგოს, ასე ვთქვათ, ანებივრებს. ამბობს, რომ უნდა ერთი, მაგრამ რეალურად აკეთებს მეორეს.
გავა დრო და ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ ძალიან დაიღალეთ იმაზე ფიქრით, რა სურს მას. იცოდეთ, სანამ ასეთი ტიპი თავად არ გაერკვევა საკუთარ თავში, როგორც არ უნდა მოინდომოთ, ბედნიერს მაინც ვერ გახდით.
5. უბრალოდ, მონადირე
ასეთებს ურთიერთობის დასაწყისი მოსწონთ: ფლირტი, ცდუნების მცდელობა, პრანჭიობის პერიოდი… მაგრამ როგორც კი თქვენს ყურადღებას დაიმსახურებს, ლოგინში შეგითრევთ და ყველაფერს მიიღებს, რაც სურდა, მაშინვე განზე ცქერას დაიწყებს და თავს აგარიდებთ. აღარც ზარებზე გიპასუხებთ და აღარც მესიჯებზე, მკვეთრად გაწყვეტს ურთიერთობას.
მორჩა! ნადირობა დასრულებულია და თქვენ უკვე აღარ ხართ მისთვის საინტერესო.
6. მარად მწუხარე
ასეთ ტიპს ან ბავშვობაში აქვს გადატანილი რაღაც ტრავმა, ან მოზრდილობისას მიიღო დარტყმა სიყვარულისგან, ან კიდევ რაღაც სხვა ტრაგედია გადახდა. ამიტომ საკუთარი თავისგან მსხვერპლი შექმნა და ახლა გამუდმებით და ყველას აცოდებს თავს.
თან ისიც ხიბლავთ, რომ საჭირონი არიან მისთვის.
მაგრამ, გირჩევთ ფრთხილად იყოთ ასეთ კაცთან, ვინაიდან მარტივად შეიძლება ემოციურ ვამპირად მოგევლინოთ და მთელი ენერგია გამოგწოვოთ. ასეთთან ჯობს უბრალოდ იმეგობროთ და უფლება მისცეთ, თავად გაუმკლავდეს საკუთარ პრობლემებს.
7. ნარცისი-მანიპულატორი
ეს ყველაზე სახიფათო ტიპია. ტონობით ქარიზმასა და მომხიბლაობას ფლობს, განსაკუთრებით, თავიდან. იცის, როგორ აცდუნოს ქალი და მას სწორედ იმას ეუბნება, რისი მოსმენაც სურს.
მიუხედავად უამრავი საგანგაშო სიგნალისა, ქალები მაინც ისე ეტანებიან ასეთ კაცებს, როგორც ფარვანები სანთლის ალს.
ასეთს შესაძლოა კიდეც უყვარდეთ, მაგრამ საკუთარი თავი უფრო ეყვარება. თანაგრძნობის უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული. და თუ მასში ოდნავი ეჭვი მაინც შეგეპარათ, აუცილებლად გაიძულებთ დაიჯეროთ, რომ ეს თქვენ ხართ „ისტერიჩკა“, ეჭვის ბუდე და პარანოიკი.
ამიტომ, თავპირისმტვრევით გაიქეცით ასეთი კაცისგან, როგორ ძლიერადაც უნდა გიყვარდეთ იგი!