გელათის მონასტერში გადაუღებელმა წვიმებმა ფრესკები დააზიანა

გამოწერა
ძლიერი წვიმისა და თოვის შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა და ფრესკების ნაწილი დააზიანა.

თბილისი, 14 დეკემბერი— Sputnik. გადაუღებელი წვიმების შედეგად 11 დეკემბრის ღამეს გელათის ტაძრის მკლავების საბჭოთადროინდელი და მოძველებული  გადახურვიდან წყალმა გაჟონა, რამაც ფრესკების გარკვეული ნაწილი დააზიანა, აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელოსნებმა ტაძრის სახურავის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე დღესვე დაიწყეს და ორ დღეში დაასრულეს. შესაბამისად, ნაგებობაში წყლის ჩასვლის საშიშროება ამ ეტაპზე აღარ დგას.

გელათის სამონასტრო კომპლექსის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაზიანებული კომპლექსის სახურავის სრული რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის ისედაც იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს პროცესი უფრო ადრე, გაზაფხულზე დაიწყება.

UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესული შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრის, XII საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამორჩეული პროექტია, რომელსაც UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მიერ მაღალი შეფასება აქვს მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0