თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია, სადაც სტამბოლში მომხდარ ორმაგ ტერაქტთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შეგახსენებთ: სტამბოლის ცენტრში 10 დეკემბერს ორი მძლავრი აფეთქება მოხდა. დაიღუპა 44 ადამიანი, მათ შორის, 38 პოლიციელი. ხელისუფლებამ ტერაქტის
მოწყობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დასდო ბრალი. თუმცა მოგვიანებით ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების მიმინოებმა“ აიღო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას.
მანამდე სამძიმრის წიგნში ჩანაწერი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დატოვეს.