საქართველოში უკვე ჰქონდა ხუთი გამოფენა და დღეს მისი ნახატები უკვე შვეიცარიაშიც გამოიფინა. მომავალში გამოფენას პარიზშიც აპირებს. ლიკა ზენდერს თბილისში დავუკავშირდით.
– ლიკა, თქვენ თვითნასწავლი მხატვარი ხართ და, საინტერესოა, რამ მოგცათ იმპულსი, რომ ხატვა დაგეწყოთ?
— ხატვის ნიჭი — ღმერთის საჩუქარია და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ხატვას დავიწყებდი. თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ხატვის სასწავლად არსად მივლია. ერთ მშვენიერ დღეს გათენდა, თავში რაღაცამ დამარტყა და ხატვა დავიწყე… ეს იყო ზუსტად 2012 წლის ოქტომბერი. ახლა რომ ვუფიქრდები, ეს ყველაფერი ალბათ სტრესმა გამოიწვია. ჩემი განცდები სიტყვებით რომ ვერ გამოვთქვი, საკუთარ თავში ჩავიკეტე და მერე ყველაფერი ტილოზე გადმოვეცი… არ ვიცი, საქართველოში თითებით რამდენი ხატავს, მაგრამ ის ვიცი, რომ ჟენევაში ყველა გაოგნებული იყო იმით, თუ როგორ ვქმნი ნახატს თითებით…
– ალბათ ეს ბევრჯერ უკითხავთ — თქვენ თითებით ხატავთ და ფუნჯით ხატვა თუ გიცდიათ?
— ფუნჯით ხატვა ვცადე, მაგრამ ფუნჯით ის შეგრძნება და ემოცია ისე კარგად არ იგრძნობოდა, ამიტომ გადავწყვიტე თითებით მემუშავა, რამაც იმის საშუალება მომცა, რომ საღებავებსა და ტილოსთან უშუალო შეხება მქონოდა… რაც შეეხება ჟანრს, ჩემი ნახატები ნარევია, აქ არის პორტრეტი, აბსტრაქტიკა, პრიმიტივიზმი, სიურრეალიზმი და ასე შემდეგ… როცა ვხატავ, უჩვეულო გარემო ჩემთვის არ არსებობს, მთავარია, განწყობა და მუზა. დროს და გარემოს კი მნიშვნელობა მართლა არ აქვს.
– ოქტომბერში ჟენევაში გქონდათ გამოფენა…
— ჟენევაში ჩემი გამოფენა 10 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა. მიხარია, რომ მასზე მნახველი არ წყდებოდა. უამრავი ხალხი მოდიოდა სხვადასხვა ქალაქებიდან… საფრანგეთიდანაც გადმოვიდნენ იმისთვის, რომ ჩემი ნამუშევრები ენახათ. საქართველოში ხუთი პერსონალური გამოფენა მქონდა, საზღვარგარეთ – ერთი. მომავალში პარიზს ვესტუმრები. დღესდღეობით ჩემი 11 ნამუშევარი დარჩა გამოფენაზე. მომავალში ჩემი გამოფენები სხვადასხვა ქვეყანაშიც გაიმართება. სამომავლოდ კონტრაქტი გავაფორმე შვეიცარიაში და მაისში ისევ იქ წასვლა მიწევს.
– თუ გეხმარებათ ხატვა საკუთარი თავის შეცნობაში?
— ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. ვფიქრობ, ყველა ნახატში ჩემი ხასიათია აღბეჭდილი და თითოეული ნამუშევარი პერსონაჟის ისტორიას და ცხოვრებას გადმოსცემს. თუ გაღიზიანებული ვარ, ხატვა მაწყნარებს. ამჟამად ხატვით აქტიურად ვარ დაკავებული და, ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩემი პროფესიაა, ჩემი განუყოფელი მეორე მეც არის…
– ლიკა, საღებავებთან ამდენი შეხების გამო თითები არ გაგიუხეშდათ?
— თითები, რა თქმა უნდა, იწვება საღებავებისგან… ის თითები აღარ მაქვს, რაც მქონდა, მაგრამ სილამაზე და ხელოვნება ხომ მსხვერპლს მოითხოვს?..
– გვარი ზენდერი შვეიცარიულია, არა?
— დიახ, ეს მეუღლის გვარია. ჩემი მეუღლე კრისტიან ზენდერი რეჟისორ — დოკუმენტალისტი და ჟურნალისტია. კრისტიანი კარგი მეუღლე და პიროვნებაა… ჩემზე 36 წლით უფროსია… ძალიან საინტერესო ადამიანია.
– ბევრს ალბათ უკვირს, შვეიცარიაში, ამ საათივით აწყობილ ქვეყანაში რატომ ვერ გაჩერდით?
— შვეიცარიაში პირველად 2001 წლის დეკემბერში ჩავედი. შემდეგ აქ ჩამოვედით და, მახსოვს, ჩემმა მეუღლემ დამისვა კითხვა: რა ვქნათ, საქართველოში დავრჩეთ თუ შვეიცარიაში დავბრუნდეთ? მე ვუპასუხე, ჩემი ქვეყანა მირჩევნია ყველაფერს-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩვენთან უშუქობა და ყველანაირად ცუდი პირობები იყო, შვეიცარიაში მაინც ვერ გავჩერდი. რატომ?— პასუხი ბანალური, მაგრამ გულწრფელია – იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა ყველაფერს მირჩევნია…