თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა, რომელსაც ფრანგული ჟურნალი France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს, იუწყება Р-Спорт ფრანგული გამოცემის ვებ-გვერდზე განთავსებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით.
თავად რონალდუ პრემიის გადაცემის ცერემონიას ვერ დაესწრო, ვინაიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც იაპონიაში უნდა ჩატარდეს.
Le vainqueur du Ballon d'Or France Football 2016: CRISTIANO RONALDO #ballondor pic.twitter.com/IP5J2s7pqk
— France Football (@francefootball) 12 декабря 2016 г.
31 წლის ფეხბურთელისთვის ეს მეოთხე „ოქროს ბურთია“ — ორი France Football-ის ვერსიით (2008 და 2016), ორიც France Football-ისა და ფიფას ვერსიით (2013 და 2014).
რეიტინგში მეორე ადგილზე არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც უკვე ხუთჯერ აქვს მიღებული „ოქროს ბურთი“; მესამე პოზიცია კი საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდ ანტუან გრიზმანს ერგო, რომელსაც აღნიშნული პრემია არასდროს მიუღია.
ხმათა რაოდენობით რონალდუმ თითქმის ორჯერ გაუსწრო მესის – 745 ქულა 316-ის წინააღმდეგ.
„ოქროს ბურთი“, როგორც ჯილდო ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელს, France Football-მა 1956 წელს დააარსა. 2010 წელს ფიფამ და France Football-მა განაცხადეს, რომ აერთიანებდნენ ჯილდოებს — „ოქროს ბურთსა“ და „ფიფას წლის მოთამაშეს“, თუმცა ეს პარტნიორობა 2016 წლის სექტემბერში შეწყდა და მას შემდეგ „ოქროს ბურთის“ მფლობელებს კვლავ სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის საფუძველზე ავლენენ.