თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მდინარე რიონი, რომელიც გუშინ კალაპოტიდან გადმოვიდა, სოფელ პატარა ფოთის მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
ნაპირიდან გადმოსულმა რიონმა, რომლის წყლის დონემაც ძლიერი წვიმების გამო აიწია, სოფელ პატარა ფოთში 30-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო დატბორა. გარდა ამისა, არსებობდა ახლომდებარე სხვა სოფლების დატბორვის საშიშროებაც.
„ამ დროისთვის რიონზე სიტუაცია ნორმალურია. შესაბამისმა სამსახურებმა წყალგამყოფ ნაგებობაზე ექვსი ფარის გახსნა მოახერხეს, რამაც წყლის დონის ერთი მეტრით დაწევა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც დაკვირვებას ახორციელებენ და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება მოხდება. ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს“, — განაცხადა ფოთის ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ.
კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა ორშაბათს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში და ქალაქ სამტრედიაშიც დატბორა გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობა დამცავი ჯებირების აგებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, მსგავსი სიტუაცია ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ მეორდება.