თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუმცა არჩევს, დაელოდოს დროს, როცა ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„რაც შეეხება შეხვედრებს, მეჩვენება, რომ არჩეულ პრეზიდენტს თუნდაც ადმინისტრაციის ფორმირებისა და მოვალეობის შესრულების დაწყების საშუალება უნდა მივცეთ და მერეღა ვისაუბროთ შეხვედრებზე. მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ. ჩვენი მხრიდან პრობლემები არ არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ახალი ადმინისტრაციის ფორმირების თვალსაზრისით რთული ეტაპია და სანამ ეს გაკეთდება, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ“, — განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია Nippon-სა და გაზეთ Yomiuri-სთან ინტერვიუში.
პუტინმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ დონალდ ტრამპის თეზისი „ისევ ვაქციოთ ამერიკა დიდებულ სახელმწიფოდ“ რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებას პრობლემებს არ შეუქმნის.
„რაც შეეხება არჩეულ პრეზიდენტს, მას საკუთარი ხედვები აქვს, რაც სრულიად ბუნებრივია. მის მისწრაფებას, თეზისს იმის შესახებ, რომ აშშ კვლავ დიდებულ ქვეყნად აქციოს, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ჩავწვდეთ, როგორ აპირებს ის ამ თეზისისთვის ხორცის შესხმას, თუმცა ვიტოვებთ იმედს, რომ თანამშრომლობისთვის აქ არანაირი პრობლემა არ იარსებებს“, — განაცხადა პუტინმა.