"ცენტრ პოინტის" აჭარის ფილიალის ყოფილმა დირექტორმა ბრალი აღიარა

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო და მართლმსაჯულება
სასამართლო და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი მინდელმა დანაშაული აღიარა და, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობიდან 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, რომელიც მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

პროცესზე დაიკითხა „ცენტრ პოინტის“ აჭარის ფილიალის ყოფილი დირექტორი ირაკლი მინდელი, რომელმაც დანაშაული აღიარა და, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის წინასწარი პატიმრობიდან 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

„მიუხედავად იმისა, რომ გამათავისუფლეს, ჩემი საქმე არ დამთავრებულა. ვინაიდან საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან. ვაღიარე ჩემი წილი პასუხისმგებლობა გარკვეულ დარღვევებზე, რაზეც პროკურატურა დავობს,“ — აღნიშნა გათავისუფლების შემდეგ ირაკლი მინდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამართალდამცველებმა ირაკლი მინდელი 2016 წლის ივლისში დააკავეს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ირაკლი მინდელმა ფილიალის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, 2006 წლის 28 ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არამიზნობრივად გაფლანგა შპს „ცენტრ–პოინტ აჭარის“ მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი თანხა 15 984 829 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ირაკლი მინდელმა შპს „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში მიითვისა მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა — 1 657 959 ლარი.

„ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. კომპანიის მოქმედებების შედეგად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 6000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევს თავს დაზარალებულად.

ყველა ახალი ამბავი
0