თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდა, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ახორციელებს არსებული სიტუაციის მონიტორინგს. მისიის მთავარი ამოცანებია: კონფლიქტის შესაძლო განმეორების აღკვეთა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „ადმინისტრაციული საზღვრების“ ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია შედარებით სტაბილური რჩება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი ისევ მნიშვნელოვანია. სადამკვირვებლო მისიამ ნდობის აღდგენის თვალსაზრისით რამდენიმე მცირე პროექტის განხორციელება წარმატებით დაიწყო და მათ რაოდენობას მომავალში გაზრდის“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. ამ დროისთვის ის ევროკავშირის მონაწილე 28 ქვეყნის 200-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. მისიის ბიუჯეტი საქართველოში 2016 წლისთვის 18,3 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია — ეს დამკვირვებელთა შეუიარაღებელი სამოქალაქო მისიაა, რომელიც, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესებს უჭერს მხარს და დაძაბულობის შემცირებას უწყობს ხელს.