თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო სტამბოლის ტერაქტი და თანაგრძნობა გამოუცხადა თურქეთის მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო. საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“, — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
შეგახსენებთ: ტერაქტი სტადიონ „ვოდაფონ არენის“ მახლობლად მოხდა, სადაც აფეთქებამდე საათნახევრით ადრე დასრულდა საფეხბურთო მატჩი თურქულ გუნდებს — „ბეშიქთაშსა“ და „ბურსასპორს“ შორის. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 29 და დაშავებულია 166 ადამიანი. საქართველოს მოქალაქეები მათ შორის არ არიან.