ინოვაცია ,,Woody glasses“-გან – ხის მოდური სათვალე

© Sputnik / Denis Aslanovხის სათვალეები
ხის სათვალეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხის მასალას რომ უდიდესი ადგილი უჭირავს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, არახალია. თუმცა ზოგჯერ მისი გამოყენების ისეთ სახეებსაც წააწყდებით, აქამდე რომ არც გიფიქრიათ.

ჩვენს სტუმარს — სანდრო ხუციშვილს ხის სათვალეების შექმნის იდეა ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეშვეობით გაუჩნდა. 

პროექტზე მუშაობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. „Woody glasses“ ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს თავად ეძლევა საშუალება, თავისი სურვილით შეიქმნას სათვალის ისეთი დიზაინი, რომლის ანალოგიც არავის არ ექნება. სათვალეების შესაქმნელად ძირითადად კაკალს, ბზას და წიფელს იყენებენ.

სანდრო ხუციშვილი: იდეაზე ფიქრი დავიწყეთ მას შემდეგ, რაც გავიგეთ იმ ტექნიკის შესახებ, რაც ინოვაციების და ტექნილოგიების ლაბორატორიაში „ფაბლაბში" არსებობდა. საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდით რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. კვლევის და ანალიზის საფუძველზე მივხვდით, რომ მოთხოვნა სწორედ ამ სახის პროდუქტზე არსებობდა. ამის შემდეგ ვფიქრობდით რამდენად ნაყოფიერად შევძლებდით იდეის განხორციელებას. შემდეგ გამოცხადდა პროექტი,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, რომელიც საშუალებას გვაძლევდა ეს ტექნიკა სრულიად უფასოდ გამოგვეყენებინა. სწორედ აქედან გამომდინარე ჩაისახა ხის სათვალეების წარმოების იდეა. 

© Sputnik / Denis Aslanovხის სათვალეების დამუშავების პროცესი
ხის სათვალეების დამუშავების პროცესი - Sputnik საქართველო
ხის სათვალეების დამუშავების პროცესი

–ხის რომელი სახეობებისგან ქმნით სათვალეებს?

–ძირითადად კაკლით, ბზით და წიფელით. რა თქმა უნდა სხვა სახეობებიც არის, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა ამ სამ მასალაზე მოდის.

–ამათგან სათვალეების გასაკეთებლად ყველაზე საუკეთესო მასალა რომელია?

–ადამიანის სახეზე საუკეთესოდ, რომ გამოიკვეთოს სათვალე, ამისათვის საუკეთესო მასალა არის ბზა. ყველაზე კარგად დასამუშავებელი ხეა და ამავდროულად ძალიან ლამაზია. ბზა არის ერთადერთი ხე, რომელიც წყალში არ იძირება.

© Sputnik / Denis Aslanovლაზერული მჭრელი სათვალეებისათვის
ლაზერული მჭრელი სათვალეებისათვის - Sputnik საქართველო
ლაზერული მჭრელი სათვალეებისათვის

–რა შესაძლებლობები აქვს დანადგარს, რომლითაც ჭრით სათვალეებს?

–რაც შეეხება დანადგარს, დავწერეთ საგრანტო პროექტი. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას ჰქონდა ასეთი პროექტი „ახალგაზრდა სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა“, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მივიღეთ საგრანტო დაფინანსება 17 200 ლარის ოდენობით და შევიძინეთ ლაზერული მჭრელი, რომელიც არის ერთ–ერთ ყველაზე ძლიერი საქართველოში და აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები.

–როცა ხე ამ დანაგდარში ხვდება ამის შემდეგ რა ეტაპებს გადის სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს?

–როცა მომხმარებელი ჩვენთან მოდის, პირველი ეტაპი არის დიზაინის შერჩევა, ჩვენს დიზაინერთან ერთად ხდება სათვალის დიზაინის შერჩევა. შემდეგ იჭრება ნატურალურ ხეზე, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მუშავდება ხელით. ამის შემდეგ ხეს ეძლევა ფორმები, უკეთდება გრავირება. საბოლოო ეტაპია ლინზის ჩასმა. ნებისმიერი სახის გრავირება, ფორმები, რომელიც ეტევა სათვალის ჩარჩოზე კეთდება სურვილის მიხედვით.

© Sputnik / Denis Aslanovხის სათვალეები
ხის სათვალეები - Sputnik საქართველო
ხის სათვალეები

–შეგიძლიათ დაასახელოთ სათვალის ფასის მინიმალური და მაქსიმალურ ზღვარი?

–მინიმალური ფასი აქციის პირობების გარდა არის 175 ლარი და საშუალოდ მერყეობს 240 ლარამდე. 

–რა შემთხვევაში იზრდება სათვალის ფასი?

–გრავირების, ფაქტურის, დიზაინის სირთულის, ლინზის ხარისხის გათვალისწინებით იზრდება სათვალის ფასიც. გვქონდა სათვალე, რომელიც გავყიდეთ 270 ლარად, რადგან განსაკუთრებული დიზაინი ქონდა, გაფორმებული იყო ვერცხლის აქსესუარებით და ლინზის ხარისხიც საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 270 ლარი.

–რამდენი ადამიანი ხართ ჩართული ამ საქმიანობაში?

–ოთხი ადამიანისგან შედგება ჩვენი გუნდი. მე, დიზაინერი შოთიკო, რომელიც საკუთარი საქმის ძალიან კარგი პროფესიონალია, მეორე შოთიკო, რომელიც უშუალოდ ხეზე მუშაობს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, სათვალეს საბოლოო სახეს სწორედ ის აძლევს და ზუკა, რომელიც ტექნიკურ პროცესებს, ლიჯისტიკას, მომარაგებას უძღვება. 

© Sputnik / Denis Aslanovხის სათვალეები
ხის სათვალეები  - Sputnik საქართველო
ხის სათვალეები
 

–წარმოიდგენდით, რომ,,Woody glasses“ ასეთ წარმატებული იქნებოდა?

–კი წარმოვიდგენდი, რადგან სტარტ–აფებზე მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვიცი, როცა რაღაცას იწყებ, თუ რეალურად არ ხედავ შორეულ პერსპექტივაში, რომ ამ სტარტ–აფს განვითარება ექნება, ხელი არ უნდა მოკიდო. როცა ჩვენ ეს სტარტ–აფი დავიწყეთ ვიცოდით, რომ აუცილებლად გამოგვივიდოდა.

–რამდენად რთული იყო პირველი ნაბიჯები, რომ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებულიყავით?

–რომ გითხრათ ქართული ბაზარი გაჯერებულია მსგავსი ინოვაციური პროდუქტებით, არ ვიქნები მართალი. თუმცა ამ ბოლო პერიოდში მკვიდრდება ტენდენცია, რომ ახალგაზრდები ქმნიან რაღაც ღირებულს, უნდათ საკუთარი საქმიანობის დაწყება. მხარდაჭერაც მეტია სახელმწიფო სექტორის მხრიდან, ამიტომ ადამიანს, რომელსაც არ ეზარება მუშაობა, უამრავი შესაძლებლობა აქვს აკეთოს საქმე. ამ ეტაპზე ჩვენ განვითარების გზას ვადგავართ. რეალურად ქართულ ბაზარზე დამკვიდრება გარკვეულწილად რთულია, რადგან მომხმარებლები ცოტა სენსიტიურები არიან ფასის მიმართ. როცა მსგავს პროდუქტს ქმნი, სიფრთხილე გმართებს, საქართველოში არ იცი აუდიტორიისგან რას უნდა ელოდო, რადგან რთულად ეგუებიან სიახლეებს და შესაბამისად რთულია დატესტო შენი სიახლე საქართველოში. 

© Sputnik / Denis Aslanovხის სათვალეები
ხის სათვალეები - Sputnik საქართველო
ხის სათვალეები

–საზღვარგარეთ თუ გიცდიათ სათვალეების გატანა?

–საზღვარგარეთ პირველი პარტია გავაგზავნეთ ბარსელონაში. შემოთავაზებები გვაქვს პოლონეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და იმედი მაქვს ამ ბაზარსაც დავაკმაყოფილებთ.

–თქვენი აზრით რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო?

–ჩემი აზრით წარმატების მისაღწევად, რამე განსაკუთრებული უნარები არ არის საჭირო. ყველაზე მთავარი არის მონდომება და შრომისმოყვარეობა. ეს ორი კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა არის კიდევ ძალიან  ბევრი შემადგენელი კომპონენტი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ შერჩეული გუნდი, დაგეგმილი მენეჯმენტი, სწორედ შერჩეული პროდუქტი. ჩემთვის ჩემი გუნდი არის ყველაფერი, პირველ რიგში ჩემი წარმატების საწინდარი. 

–სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

–სამომავლიდ კიდევ ერთი დანადგარის შეძენას ვგეგმავთ და ველოდებით საგრანტო პროექტებს, ასევე ცოტა ხანში გადავალთ აქსესუარების სხვა ტიპებზეც, რადგან ამ ლაზერს ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს. ამ შესაძლებლობებს ეტაპობრივად ავითვისებთ, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი მაინც ხის სათვალეები იქნება.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0