თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას გადარჩენის ფონდი, რომელსაც მილიარდერები და მილიონერები თავისი ქონების 10%-ს შესწირავენ.
ასეთ მეთოდს სთავაზობს ნათელაშვილი საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ამჟამად კურსი 2,5738 ლარია 1 აშშ დოლარზე.
„შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია გადარჩენის ფონდის შექმნა, სადაც ყველა მილიარდერი, მილიონერი შეიტანს თავისი ქონების 10 პროცენტს, რითიც გადარჩება და გამყარდება ეროვნული ვალუტა ლარი. თითოეულ გაჭირვებულ ადამიანს კი კონკრეტული დახმარება ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ქაოსი თვით ამ ხელისუფლებას შეიწირავს“, — განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ნათელაშვილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, რომელმაც შექმნა დღევანდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და რომელსაც ამ პარტიის ოპონენტები ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებენ.
ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა ორი წლის წინ დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში პირველად გადალახა ფსიქოლოგიური ზღვარი — 2,5 ლარი 1 აშშ დოლარზე.