თბილისი, 9 დეკემბერი– Sputnik. სანქტ-პეტერბურგში 15 დეკემბერს გაიხსნება საიუველირო ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით „მზიანი საქართველო სტუმრად ზამთრის სანქტ-პეტერბურგთან“.
ექსპოზიციაზე, რომელიც 2017 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება, თავის ნაკეთობებს ქართველი ოსტატები ანა ჯანუკაშვილი და მარინა ნაცვლიშვილი წარადგენენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელთნაკეთი გულსაბნევები, ბეჭდები, სამაჯურები, საყურეები და საკინძეები, დაწერა ჯანუკაშვილმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ჯანუკაშვილი ბრენდი Januka-ს ავტორია, ის ვერცხლზე ტიხრული მინანქრის ტექნიკით შესრულებულ 180 ნაკეთობას გამოფენს. ნაცვლიშვილი 40 ორიგინალურ ნაკეთობას წარადგენს. ეს იქნება ვერცხლი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით.
ქართველ იუველირებთან პირადად შეხვედრის საშუალება გამოფენის სტუმრებს 16 დეკემბერს ექნებათ.
სანქტ-პეტერბურგში მარინა ნაცვლიშვილთან ერთად მისი მეუღლე, ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძეც გაემგზავრება.