თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ახალი სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო კოდექსი და ამით ახალი საკანონმდებლო ბაზა შევქმნათ, განაცხადა სამართლის დოქტორმა ვენედი ბენიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომლის სახელწოდებაც იყო „საქართველოს სასამართლო რეფორმა: გამოცდილება და გამოწვევები“.
საქართველოს საკანონმდებლო ბაზა 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდშია მიღებული, მაგრამ 2004 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა დამნაშავეობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. სწორედ ამ ფონზე განიცადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა მასშტაბური ცვლილებები. ის საკმაოდ გამკაცრდა.
სააკაშვილის პრეზიდენტობისას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც მიიღეს, რომელიც მოსამართლეს განაჩენის სახით პირობითი სასჯელის დადგენას უკრძალავს, თუ პროკურორი მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებს.
„ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ანუ ის რეფორმები, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოს განხორციელდა (მხედველობაში მაქვს კანონმდებლობის დახვეწა) და რომელიც თავდაყირა დადგა წინა ხელისუფლების პირობებში, რის გამოც გაუგებარი კანონმდებლობა მივიღეთ. ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ვერ სარგებლობენ მისით და მათი უფლებები დაცული არ არის. ამიტომ, როცა რეფორმებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა“, — განაცხადა ვენედი ბენიძემ.
ბენიძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა აბაკელიაც ეთანხმება, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ არასრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა — ეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მემკვიდრეობაა.
„რეფორმა, როგორც ასეთი, ნიშნავს სრულად გადახედვას, ყველაფრის განხილვას, იმის მიღებას, რაც მისაღებია და იმის დამატებას, რაც არ ყოფილა… (სააკაშვილის მთავრობის) ოცნება ნორმალური სამართლებრივი ბაზის შექმნა და დეფინიციების ფორმირება კი არ იყო, არამედ მათი ოცნება იყო, თავი მოეწონებინათ მსოფლიოს წინაშე. აქ კი ადამიანები უკიდურესობაში ჩაყარეს“, — განაცხადა აბაკელიამ.
იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელ ქართულ კანონმდებლობას სრულყოფილებამდე ბევრი უკლია, დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე, სამართლის დოქტორი, ადვოკატი გიორგი ქოიავაც საუბრობს.
„რისთვის არსებობს კანონი? იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოიყენოს. ასე არაა? დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია ამის შესაძლებლობა, ვინაიდან, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც დღეს იყენებენ სამართალდამცველი სტრუქტურები და სასამართლო, ძალიან შორსაა სრულყოფილებისგან“, — განმარტა ქოიავამ.
აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, დაიწყოს ქვეყნის სამართლებრივი ბაზის სრულყოფაზე მუშაობა. მთავრობა ამ პროცესში იურისტ-სამართალმცოდნეების, შემოქმედებითი და სამეცნიერო სფეროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას გეგმავს.
უფრო მეტიც, ხელისუფლება სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნას აპირებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს.