– თიკა, მართალია, რომ ბათუმელი ბავშვები ისე გიყურებენ, როგორც თოვლის ბებიას, რომელიც მათ სურვილებს ასრულებს?
— სხვათა შორის, შარშან ერთი პროექტის დროს „წლის თოვლის ბებოდ“ მაღიარეს. მართალი ხართ, ისინი ჩვეულებრივ ადამიანად არ აღმიქვამენ, როგორც ფერიას, ისე მიყურებენ…
– თავიდან საქმიანობა ორგანიზაციის გარეშე დაიწყეთ, უბრალოდ, თქვენი სახელით აკეთებდით კეთილ საქმეს, ასეა?
— დიახ, ბათუმში სამი წლის წინ ჩამოვედი და მაშინვე დავიწყე, ასე ვთქვათ, მსუბუქი ქველმოქმედება – ერთი ადამიანის, მეორის, მესამის დახმარება, თავიდან ოჯახებს ვეხმარებოდი. ამ სიარულის დროს აღმოვაჩინე ბავშვები, რომლებიც უკიდურეს დღეში იყვნენ და მათ მიმართ ცალკეული სახის ქველმოქმედება წამოვიწყე, ამგვარად შეიკრა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან მძიმე სოციუმი, გარკვეული პრობლემები და რაღაცის დეფიციტს განიცდიდნენ. საზოგადოების ჩართვით მათი დახმარება დავიწყე. დღეს, მართალია, არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ფონდის სახით ვმუშაობთ. ეს ორგანიზაცია უკვე სამი წელია, რაც ოფიციალურად მოქმედია. ერთ დღეს გადავწყვიტე იმ ბავშვების ერთად შეკვრა, ამისთვის ფართის ძიება და პარალელურად ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე ფიქრიც დავიწყე. როცა დავარეგისტრირე, საქმე ყოველგვარი გრანტისა და ფინანსების გარეშე დავიწყე. თავიდან ცალკეული შემოწირულობები შემოდიოდა მეზღვაურებისგან, რომლებიც დღემდე გვეხმარებიან. ფონდსაც იმიტომ ჰქვია „იალქანი“.
– ბათუმში აბაშიძეების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას მთელი საქართველო გამოეხმაურა და, როგორც ვიცი, აქაც თქვენ იაქტიურეთ…
— აბაშიძეების ტყუპების ისტორიამ ყველა ააღელვა. ალბათ იცით ეს ამბავი – ტყუპებს არასწორი ოპერაციის შედეგად დედა გარდაეცვალათ, ის 32 წლის იყო. ოჯახში ტყუპი ბიჭი და 3 წლის გოგონა დედის გარეშე დარჩნენ. მამამ, რომელიც აბსოლუტურად გაშეშებული და მხრებჩამოყრილი იყო, არ იცოდა რა ექნა… ეს ქალბატონი რეანიმაციაში იწვა ისე, რომ არავინ დახმარებია. უშუალოდ ჩემი ჩარევის შედეგად საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მივიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახში გაზი შევუყვანეთ, გამათბობელი ვუყიდეთ, შუქისა და გაზის ერთი წლის ვაუჩერი მივეცით, სასაფლაო გავუკეთეთ. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო გააერთიანა. საიდან აღარ მირეკავდნენ, უცხოეთიდანაც ქართველი ემიგრანტები, 9 000 დოლარამდე თანხა ხელზე მივეცით.
– ოფიციალური უწყებები თუ იჩენენ ყურადღებას თქვენი საქმიანობის მიმართ?
— ბათუმის მერიაში ბევრჯერ შევიტანეთ განცხადება დაფინანსებაზე, თუნდაც კომუნალური გადასახადების შესახებ. სამი წლის განმავლობაში 400-მდე წერილი მაინც გვაქვს შეტანილი, მაგრამ პასუხი არასოდეს მიგვიღია. ჩვენ საკვებს 14 ოჯახს ვაწვდით. წელს ერთი კომპანია შეგვეხმიანა, რომელმაც 30 ბავშვზე აიღო პასუხისმგებლობა. სასტუმრო „ნეო გრანტს“ ყოველდღე მოაქვს ცხელი კერძები. 150 უკიდურესად გაჭირვებული ბავშვი გვყავს, ვმუშაობთ ისეთ კონტინგენტთან, რომელსაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ჰქვია. ამის გარდა 15 აბიტურიენტს ვეხმარებით, შარშან 6 აბიტურიენტი უფასოდ მოვამზადეთ და, მინდა გითხრათ, რომ იმ ბავშვებმა ჩააბარეს. მეორე პროექტიც გვაქვს – „იკითხე წიგნი“, სადაც უნივერსიტეტის ლექტორი დადის და ამ ბავშვებს სრულიად უფასოდ ამეცადინებს. მოკლედ, ჩვენ ვართ მატარებელი, ვინც ამ ვაგონებში ისვამს ამ ბავშვებს, მიჰყავს გარკვეულ ეტაპამდე და მერე ჩამოსვამს, მერე ისევ აიყვანს და ასე…
– ალბათ მთავარია, „ორთქლმავალს“ ენთუზიაზმისა და კეთილი ადამიანების სახით საწვავი არ გამოელიოს…
— დიახ, ჩვენც სწორედ ასე ვართ და იმედით ვუყურებთ კეთილ ადამიანებს. საზოგადოების მხარდაჭერა გვინდა. ბათუმში მერიის სოციალური დახმარების უფროსმა აღიარა, მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ასე მასშტაბურად მუშაობს, ჩვენთან არ არსებობსო… ამას წინათ გერმანელი ჟურნალისტები გვყავდა. მთელი კვირა გვამოწმებდნენ, გაოცებული იყვნენ, ნუთუ შესაძლებელია ამდენი საქმის შიშველი ხელებით კეთებაო?!. რა ვიცი, ფაქტია, რომ რაღაცას ვახერხებთ, მაგრამ საზოგადოების ყურადღებასაც ვითხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგნენ, რომ ვისაც დახმარება მართლა ძალიან სჭირდება, ხელი გავუმართოთ.
– დიდი მადლობა საუბრისთვის და „იალქანს“ ზურგის ქარს ვუსურვებთ.