საღამო, რომელიც ბალერინა ტატა ჯაშმა გახსნა, ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. პოდიუმზე ჯერ ლიკა ყაზბეგის სააგენტოს უმცროსი ასაკის მოდელები წარდგნენ, სწორედ მათ გადასცეს ესტაფეტა წარმატებულ ქალებს, რომლებსაც დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა.
მოტოციკლიდან პოდიუმამდე
ნანა მამუკაშვილი – ბაიკერი და მთელ ამიერკავკასიაში „სასწრაფო დახმარების“ მანქანის ერთადერთი მძღოლია. ის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მონაწილე გახდა პროექტისა „წარმატებული ქალი პოდიუმზე“, რომელიც თბილისში მეცხრედ ჩატარდა.
ნანამ, რომელიც ასევე საქართველოს ბაიკერთა ფედერაციის პრეზიდენტია, განაცხადა, რომ მისთვის მოტოციკლის უკანა ბორბალზე ტარება უფრო მარტივია, ვიდრე პოდიუმზე გამოსვლა. თუმცა ის მაინც დათანხმდა პროექტში მონაწილეობას, რასაც არ ნანობს, რადგან ბევრი რამ ისწავლა.
„ვცდილობდი ჯარისკაცივით ან მამაკაცივით არ მევლო. ძალიან გავერთე, ბევრი პოზიტივი მივიღე. ძალიან საპასუხისმგებლო და რთული სამუშაო მაქვს. პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა სტერეოტიპებს ვარღვევ და „სასწრაფო დახმარების“ მძღოლი ვარ. ექიმი პაციენტზე აგებს პასუხს, მე კი პასუხს ვაგებ ექიმზე, პაციენტზე, მანქანაზე და ჩემ თავზეც. როდესაც 24 საათი საჭესთან ხარ, არ გძინავს — ეს ძალზე რთულია. ასეთი საღამოები და პროექტები განტვირთვის საშუალებას იძლევა“, — აღნიშნა მამუკაშვილმა.
პოდიუმზე 20 წლის შემდეგ
საღამოს კიდევ ერთი კაშკაშა მონაწილე მაღალი მოდის ფრანგული სახლის Nina Ricci-ის ყოფილი მოდელი ნინა რუხაძე გახდა, რომელიც პოდიუმზე უკანასკნელად 20 წლის წინ გავიდა. რუხაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელი იყო, რომელთანაც მსოფლიო დონის მოდის სახლმა კონტრაქტი გააფორმა. ორი წლის მანძილზე ის პარიზისა და ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ პოდიუმებზე მუშაობდა.
„პოდიუმზე 20 წელი არ ვმდგარვარ. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმზე მუშაობის გამოცდილება მაქვს, სხვებზე მეტად ვნერვიულობდი. მადლობა ლიკას ამ დღისთვის, მისი წყალობით ძველი დრო გავიხსენე“, — ამბობს რუხაძე.
გარდასახვის პროცესი
პროექტის ყველა მონაწილე რამდენიმე კვირის მანძილზე ნამდვილი მოდელის ცხოვრებით ცხოვრობდა: პოდიუმზე მუშაობის ტექნიკას სწავლობდნენ, ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდნენ, ქართველი დიზაინერების სამოსს ირგებდნენ.
„ეს ყველაფერი ქალებს მოტივაციას აძლევს უფრო მოვლილი და წარმატებული იყვნენ. კარგად რომ გამოიყურებოდე, ამისთვის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. ეს პროექტი იმის დადასტურებაა, რომ ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ქალი ძალიან ლამაზი შეიძლება იყოს“, — ამბობს პროექტის მონაწილე, PR-მენეჯერი მარიამ ჯორბენაძე.
ყველა მონაწილემ დიზაინერების მაკა ნაცვლიშვილისა და მანანა მანიას საღამოს კაბებით და ბეწვეულით შემოსილმა გაიარა.
„ყველა ქალში არის იმის სურვილი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიაროს პოდიუმზე და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო“, — განაცხადა ბიზნეს-ლედიმ მაია უგრეხელიძემ.
პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ უბრალო იდეით დაიწყო და სურვილით, რომ რაღაც ახალი გაკეთებულიყო, ენახათ – რამდენად გაამართლებდა ეს პროექტი და, წარმატების შემთხვევაში, ტრადიციულიც გამხდარიყო.
პროექტი მოსწონთ და ყოველ წელს მოუთმენლად ელიან, ყოველ წელს სხვადასხვა მონაწილეებია, რადგან ყაზბეგს ერთი მკაცრი პირობა აქვს — წარმატებულები ყოველთვის გახდებიან, პროექტის მოდელები კი მხოლოდ ერთხელ.
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმებია: ასაკი 30 წელზე მეტი, კარგი გარეგნობა და საკუთარ პროფესიაში მიღწეული წარმატებები.