ქართველი მეფეების უნიკალური სამოსი პირველად ხელოვნების სასახლეში გამოიფინა

© Sputnik / Levan Avlabreliთეკლე დედოფლის სამოსი
თეკლე დედოფლის სამოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამ კოსტიუმებისა, დარბაზში წარმოდგენილია მარგალიტებითა და ოქრომკედით გაფორმებული მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი.

ქართველი სამეფო ოჯახების ხუთი ეროვნული სამოსი გამოიფინა 5 დეკემბერს ხელოვნების სასახლის ახალ საგამოფენო დარბაზში. „ქართული ეროვნული სამოსი“ ამიერიდან მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს და დამთვალიერებელს მისი ნახვის საშუალება ექნება სხვა უნიკალურ საგანძურთან ერთად. 

ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ექსპონატების აღდგენაზე პროფესიონალი რესტავრატორები ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროსა და ვერცხლის დეტალების აღდგენა. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დააბრუნეს. 

© Sputnik / Levan Avlabreliთამარის სამოსზე დამაგრებულია 3621 მარგალიტი
თამარის სამოსზე დამაგრებულია 3621 მარგალიტი - Sputnik საქართველო
თამარის სამოსზე დამაგრებულია 3621 მარგალიტი

ნათია ქულუაშვილი (რესტავრატორი):

„ქსოვილების აღდგენაზე ორი რესტავრატორი ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობდით. აღდგენილია თამარ მეფის, ლუარსაბ მეფის, თეკლე დედოფლის კოსტიუმი, ქართველი თავადის კაბა და ბატონიშვილის კოსტიუმი. სამოსზე გამოყენებულია ოქრო, ვერცხლი, მარგალიტები, იაგუნდი, ლალი, ძვირფასი და კეთილშობილი ქვებით დამშვენებული ნატიფი ხელოვნების ნიმუშები. თითოეული ნიმუში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თამარ მეფის საზეიმო სამოსი. იგი წარმოადგენს უნიკალურ ხელოვნების ნიმუშს, რომელზეც დამაგრებულია 3621 მარგალიტი, 154 მოოქროვილი და 158 ვერცხლის ბალთა. კოსტიუმი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ვარძიის ფრესკის მიხედვით შექმნა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა სოლიკო ვირსალაძემ. 

© Sputnik / Levan Avlabreliთეკლე დედოფლის სამოსი
თეკლე დედოფლის სამოსი - Sputnik საქართველო
თეკლე დედოფლის სამოსი

რესტავრაციის დროს აღდგა თეკლე დედოფლის კოსტიუმიც. უნიკალური ექსპონატი, რომელიც XIX საუკუნეში შეიკერა და საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის საკუთრება იყო, განადგურების წინაშე იდგა. რესტავრაციის დროს გამაგრდა მისი ქსოვილის საფუძველი და დამაგრდა 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი. ასეთი კაბები XIX საუკუნის რუსეთის იმპერიაში მაღალი წოდების ქალბატონებისთვის იკერებოდა. მაგალითად, მსგავსი ორნამენტებით დამშვენებული სამოსი ეცვათ მე–20 საუკუნის დასაწყისის ორ ცნობილ ქართველ მანდილოსანს მერი შერვაშიძეს და აგრაფინა ჯაფარიძეს.  

© Sputnik / Levan Avlabreliთავადის კაბის ქამარი
თავადის კაბის ქამარი - Sputnik საქართველო
თავადის კაბის ქამარი

ნათია ქულუაშვილი: „ზოგადად თითოეულ კოსტიუმზე მუშაობა რთული და საპასუხისმგებლო იყო. უნდა შგვენარჩუნებინა ძველი არსებული სახე და დაკარგული დეტალებიც აღგვედგინა. კოსტიუმები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ქსოვილს ჰქონდა მექანიკური დაზიანებები, ნახევები, იყო გაცრეცილი. გარდა ამისა ზოგი ადგილი მთლიანად იყო ამოგლეჯილი. ყველაზე რთული მაინც თეკლე დედოფლის კოსტიუმზე მუშაობა იყო, რადგან ძალიან დაზიანებული იყო. სავარაუდოდ, ყველაზე ძველი სწორედ მისი სამოსია“.

ლუარსაბ მეფის სამოსის შეკერვის დროს გამოყენებულია ძვირფასი სპარსული ფარჩა. გულისპირი, სავარაუდოდ, XVIII საუკუნით თარიღდება. ასევე ძველია სამხრეული. სამოსი შემკულია 1692 მარგალიტით, სამხრეულის გასაფორმებლად გამოყენებულია შავი, ვარდისფერი, თეთრი და ოქროსფერი მარგალიტები. ძალიან მნიშვნელოვანია სახელოებზე დამაგრებული დიდი ზომის ე.წ ანდალუსიური მარგალიტები, რომელიც საქართველოში VIII საუკუნიდან ვრცელდება. ლუარსაბის კაბას 13-გრამიანი მოოქროვილი ვერცხლის გულსაკიდი ამშვენებს. 

© Sputnik / Levan Avlabreliნაქარგებს შორის ჩამაგრებულია 1048 მარგალიტი
ნაქარგებს შორის ჩამაგრებულია 1048 მარგალიტი - Sputnik საქართველო
ნაქარგებს შორის ჩამაგრებულია 1048 მარგალიტი

გარდა ამ კოსტიუმებისა, დარბაზში წარმოდგენილია მარგალიტებითა და ოქრომკედით გაფორმებული მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი. გაფორმების დროს XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა.  

© Sputnik / Levan Avlabreliბატონიშვილის სამოსის სახელო
ბატონიშვილის სამოსის სახელო - Sputnik საქართველო
ბატონიშვილის სამოსის სახელო

ეროვნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა უზრუნველყო. ძვირფასი საგანძურის ექსპონირებისთვის საგანგებოდ მომზადდა საგამოფენო დარბაზი, სადაც კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით დამონტაჟდა თანამედროვე განათება, მომზადდა სპეციალური ვიტრინები და კლიმატ-კონტროლის აპარატები. უნიკალური ექსპონატების ნახვა საგამოფენო დღეებში 17:00-დან 20:00 სთ-მდეა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0