თურმე ისეც ხდება, რომ მხოლოდ მშობელი კი არ ცდილობს შვილის აღზრდასა და მისთვის ცხოვრების სწავლებას, არამედ პირიქით, შვილი უხსნის, რა არის მთავარი და რა — მეორეხარისხოვანი, რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე — არა, რა მეტად უნდა დაფასდეს და რა — ნაკლებად…
როგორც წესი, რაც უფრო მცირე ასაკისაა შვილი, მით უფრო ემოციურია და დასამახსოვრებელი მშობლისთვის პირმშოს მიერ ჩატარებული ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლებიც მერე აღარასდროს ავიწყდება.
ერთ მსგავს ისტორიას გიამბობთ.
სასწავლო წლის ბოლო დღე იყო. მამამ შვილის ოთახის წინ გაიარა და, მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ მის 15 წლის თავქარიან ბიჭს „ბუნაგი“ უჩვეულოდ დაესუფთავ-დაეკრიალებინა. ის კი არა, ლოგინიც კი გაესწორებინა. კაცს გული შეეკუმშა, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ბიჭი შინიდან სამუდამოდ წავიდა.
ოთახში შევიდა და გამოცარიელებულ სამუშაო მაგიდაზე ფურცელი დაინახა. „მამას“ — ეწერა ზემოდან.
კაცი მიხვდა, რომ მოლოდინი უმართლდებოდა. აკანკალებული ხელებით აიღო წერილი, გაშალა და…
„მამ,
ვიცოდი, რომ შენ და დედა სკანდალს მომიწყობდით და ამიტომ იძულებული ვარ, წერილობით შეგატყობინო, რომ სახლიდან წავედი ჩემ ახალ შეყვარებულთან ერთად. მე ის ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თქვენ კიდეც დაიწუნებდით და კიდეც შავ დღეს დამაყრიდით, რა საქმე გაქვს ამ პირსინგიან, ტატუებიან, ბაიკერის სამოსში გამოწყობილ და შენზე ბევრად უფროს დედაკაცთანო. თუმცა, საქმე მხოლოდ გრძნობებშიც არაა — სარა ორსულადაა და მე მის გვერდით უნდა ვიყო.
სხვათა შორის, ის დარწმუნებულია, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით. რატომაც არა? სარა ტყეში ცხოვრობს, ტრეილერში და უამრავი შეშაც აქვს მომარაგებული — მთელ ზამთარს გვეყოფა. ბევრი შვილი გვეყოლება და შეხმატკბილებულად ვიცხოვრებთ.
ჰო, მართლა, რაც მთავარია, სარამ ამიხსნა, რომ მარიხუანა არც ისე მავნებელია, როგორც შენ და დედა ჩამჩიჩინებდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვაშენოთ — ჩვენთვისაც და გასაყიდადაც.
პრინციპში, ამით მერე კოკაინის საყიდელი ფულის შოვნაც შეიძლება, რომელიც ასევე არ ყოფილა მავნებელი, თუ მცირე დოზებით მიიღებ. ესეც სარამ ამიხსნა.
მოკლედ, ტყეში ვიცხოვრებთ, შვილებს გავზრდით, მარიხუანას მოვწევთ და თან ვილოცებთ, რომ მეცნიერებმა შიდსის წამალი გამოიგონონ — სარა ხომ სიცოცხლეს იმსახურებს.
არ ინერვიულო, არაფერი მომივა. უკვე 15 წლისა ვარ და როგორმე მივხედავ თავს. ერთ დღესაც გესტუმრებით და შვილიშვილებს გაგაცნობთ.
მიყვარხართ შენც და დედაც.
ჯოშუა“.
კაცს თვალებში დაუბნელდა და ის იყო, უკვე გული უნდა შეღონებოდა, რომ ფურცლის მეორე მხარეს მინაწერი შენიშნა:
P.s. მამ, არ დაიჯერო, მართლა კი არ წავსულვარ შინიდან, ჯეისონთან ვარ. უბრალოდ, მინდოდა მიმეხვედრებინე, რომ არსებობს იმაზე უარესი რაღაცები, ვიდრე სკოლის წლიური ნიშნებია… ატესტატი სამზარეულოში, მაგიდაზე დაგიტოვე და ნახე. როცა დამშვიდდები, დამირეკე და მითხარი, როდის მოვიდე სახლში.
მართლა მიყვარხარ“.