თბილისი, 7 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარი ავიაკატასტროფის გამო პაკისტანელ ხალხს მიუსამძიმრა.
ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 47 ადამიანი იმყოფებოდა, პაკისტანის ქალაქ ჰაველიანთან ახლოს კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ირგვლივ ხეები გაანადგურა. თვითმფრინავი ქალაქ ჩიტრალიდან ისლამაბადში მიფრინავდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელი გულით თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანელ ხალხსა და მთავრობას მომხდარის გამო. გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში“, — წერს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი შეიძლება ძრავის გაუმართაობა იყოს.