გურიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ცხოვრებაც, ალბათ, იმ ნაცნობი თემის გაგრძელებაა, რასაც „გურულები ამერიკაში“ ჰქვია.
დღეს ფილადელფიაში ცხოვრობს და მკლავჭიდსა და ბოდიბილდინგში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია.
მისი წარმატებული სპორტული კარიერის ქრონიკა ასეთია: 2005 წლიდან აშშ-ის ბევრი პრესტიჟული შეჯიბრების გამარჯვებულია. 2005 წელსვე გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ერთადერთი ქართველია, ვინც ამ სახეობაში ასეთი მასშტაბით ჩატარებულ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. 2007 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატზე "სტრონგ მენ" პირველი ადგილი აიღო. 2008 წელს მესამე ადგილი მოიპოვა. 2009 წელს იაგო ინწკირველმა მკლავჭიდში წლის საუკეთესო მკლავჭიდელის ტიტული მიიღო. 2012 წელს ბოდიბილდინგში პირველი ადგილი დაიკავა. ამერიკაში დიდი ხანია „ყველაზე ძლიერი მამაკაცის“ ტიტული მიანიჭეს. ამას გარდა იაგო მღერის და ლექსებსა და სიმღერებსაც წერს.
– იაგო, საუბარი შორიდან მინდა დავიწყოთ – ძლიერი კაცის კოდი ბავშვობიდან ჩაგიდეს მშობლებმა?
— რა გითხრათ… გურიაში დავიბადე და გავიზარდე, ასე რომ, ასი პროცენტით გურული ვარ. ბახმაროში ჟანგბადით სავსე ჰაერია. ჟანგბადი კი, ხომ იცით, ტვინს და კუნთებს კვებავს. ჩემი სიძლიერე კი გენეტიკურია, ძალა მამაჩემის მხრიდან მომდევს, დიდი ზომითა და ძლიერი ტანით თანატოლებისგან ბავშობიდანვე გამოვირჩეოდი. სპორტით სკოლის ასაკიდან დავინტერესდი და ვარჯიშიც მაშინ დავიწყე. 15 წლიდან სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთე. არჩევანის გაკეთება თავიდან გამიჭირდა, ვფიქრობდი, რა მიმართულებას გავყოლოდი… ოლიმპიური სახეობა რომ ამერჩია, თუნდაც ჭიდაობა, საქართველოს დიდ შედეგებს მოვუტანდი. თუმცა შემდეგ აზრი შევიცვალე და ჩემი ინტერესები უფრო არაოლიმპიური სახეობებისკენ გადაიხარა: კულტურიზმი, მკლავჭიდი, ბოდიბილდინგი — სპორტის ამ სახეობებში კარგი შედეგი რომ აჩვენო, ფიზიკურ მონაცემებზე მეტად დიდი ფანატიზმი და შრომა სჭირდება. მეც დაუზოგავად ვვარჯიშობდი და ნელ-ნელა ვიხვეწებოდი, ვსწავლობდი და ბევრს ვკითხულობდი – სწორად როგორ მევარჯიშა.
– თქვენ მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შესული ერთადერთი ქართველი ხართ და აშშ-ის ჩემპიონატი ორჯერ მოიგეთ.
— ამერიკაში აქტიური სპორტული ცხოვრება 2005 წლიდან დავიწყე. მსოფლიო ჩემპიონატზე მომიწია იმის დამტკიცება, რომ ეს მე შემიძლია. შეჯიბრება ან ჩემპიონატი ის ადგილი და მომენტია, როცა შენი სიტყვა უნდა თქვა, აჩვენო, რა შეგიძლია. მე ეს შევძელი. დარბაზში ვარჯიშის დროს არასოდეს მიცდია, თავი გამომეჩინა, რომ ყველაზე ძლიერი ვარ. ჩემი აზრით, ეს არცაა საჭირო. მე ხომ ჩემი სიამოვნებისთვის ვვარჯიშობ. ჩემთვის სარკეა მოტივაციის მომცემი, როცა სარკეში იხედები და ხედავ, სად რომელი კუნთი გაკლია და ასე შემდეგ, უფრო მეტის მიღწევის სურვილი გიჩნდება.
– ის ფაქტი, რომ სხვადასხვა შეჯიბრში ერთნაირად წარმატებული ხართ, ამერიკელებს, ალბათ, აკვირვებს?
— ერთ ასეთ ამბავს მოგიყვებით: როცა 2009 წელს განმეორებით ვესტუმრე ატლანტა–სიტის, ამჯერად მკლავჭიდში მონაწილეობისთვის, ნაცნობი მსაჯები შემხვდნენ. ერთ მონაწილეს გაუკვირდა – შენ ხან მკლავჭიდზე გამოდიხარ, ხან სტრონგმენზეო, მე ვუთხარი, არ გაგიკვირდეს, ცურვაზეც რომ მნახო, იმიტომ რომ ცურვითაც კარგად ვცურავ–მეთქი. როცა ამას ველაპარაკებოდი, გულში ვფიქრობდი, ახლა ამან რომ იცოდეს პახმელიაზე ვარ, მთლად გაგიჟდება-მეთქი. საბოლოოდ შეჯიბრზე Best armwrister-2009 საპატიო ადგილი დავიკავე. 2011 წელს ბოდიბილდინგში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი მოვიპოვე. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, მისთვის თავი უნდა გადადო. მზადებას მხოლოდ 3 თვე დავუმატე და ბუნებრივ პირობებში რაც შევძელი, ესეც წარმოუდგენელი იყო. 150 კგ ვიყავი და შეჯიბრზე 120 კგ-მდე გამოვედი. 2013 წელს ბოდიბილდინგში შტატების ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედი, თუმცა ტრავმები მქონდა, რასაც დღემდე ვირჩენ. ამის გამო ჰოსპიტალშიც ვიწექი. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჯანმრთელად ვარ.
– შეგიძლიათ მითხრათ, როგორია ყველაზე ძლიერი მამაკაცის სუსტი მხარე?
— ვფიქრობ, სუსტი მხარე ყველა ადამიანს აქვს. ჩემი სუსტი მხარე, გამოგიტყდებით და, საპირისპირო სქესის არსებები არიან. ეს რომ არა, ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი, ყველა საქმე ხომ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს?..
– ერთი ჩემპიონატის წინ, თურმე, გზაში დაიკარგეთ, ხიფათიანი ადამიანი ხართ?
— თავგადასავლების მაძიებელი არ ვარ, თუმცა მართლა მქონია შემთხვევები, როცა სახიფათო და სასაცილო სიტუაციებში აღმოვჩენილვარ. ერთხელ ატლანტა–სიტიში მივდიოდით და მანქანა შუა გზაზე გაგვიჩერდა. ერთ ადგილზე დიდი ხანი ვიდექით, მანქანა იშვიათად თუ ჩაგვიქროლებდა. ბოლოს პოლიცია მოგვადგა და დახმარება გაგვიწია. სანამ არ დარწმუნდა ჩვენ კარგად ყოფნასა და სიფხიზლეში, მანამდე გვანათა სახეში ფანარი, მერე ცალ ფეხზეც დაგვაყენა… 2008 წელს კი ასეთი ამბავი შემემთხვა: შეჯიბზე წასული დავიკარგე. გზა ამებნა და ამასობაში ბენზინიც გამითავდა. მთელი ღამე გაურკვეველ ადგილზე მანქანაში გავათენე. დილით დაღლილ-დაქანცულმა, როგორც იქნა, მივაგენი იმ ადგილს, სადაც შეჯიბრი ტარდებოდა. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მონაწილეობის მიღება აღარ მინდოდა, მაგრამ ბოლო წუთებში თავში რაღაცამ დამარტყა და ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება–მეთქი და ტანისამოსის გამოცვლა დავიწყე. ჩემ თავზე გავბრაზდი, მართალია, გამოუძინებელი ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავს არ მივეცი იმის უფლება, რომ უკან დამეხია. ასეთ დაღლილს თავიდან სიმძიმეებთან ჭიდილი გამიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი და მესამე ადგილს დავჯერდი. თუმცა ქვების აწევაში ლიდერი მაინც მე ვიყავი, რადგან 200 კგ-იანი ქვის აწევა მოვახერხე.
– როგორია თქვენი არასპორტული დღე, რითი ერთობით და ისვენებთ?
— ფილადელფიაში ვცხოვრობ და ვცდილობ, ჩემი ცხოვრების ყოველი ჩვეულებრივი დღე ლამაზად გავატარო. დასვენების დღეებს ან მეგობრებთან ვატარებ, ან ქალაქგარეთ გავდივარ და ვცდილობ, ყველა რიგითი პრობლემა, რაც ემიგრანტულ ცხოვრებას ახლავს, დავივიწყო. აქ ყველას ერთნაირი საზრუნავი აქვს – სამშობლო, ოჯახი, ახლობლები.
– რომელი ქართული თვისებები გეხმარებათ იმაში, რომ ამერიკის „სტრონგ მენი", ანუ ძლიერი მამაკაცი იყოთ?
— ბრძოლისუნარიანობაში ყოველთვის მეხმარება ქართული სულისკვეთება, კიდევ გულშემატკივრობაც დიდ ძალას მაძლევს. საკმარისია, ერთხელ მაინც ჩამესმას ყურში "საქართვეელოოო" და მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო!..