თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს პოლიცია თურქეთის მიმართულებით სატვირთო ავტომანქანებს საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით არ ატარებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაზე დაყრდნობით.
შეზღუდვები თურქულ მხარეს არსებულ პრობლემებს უკავშირდება — სამშენებლო სამუშაოების გამო 28 ნოემბრიდან „სარფის“ საბაჟოზე ექვსიდან მხოლოდ ორი გამშვები პუნქტი მუშაობს. ამის გამო ტრაილერები დროებით ფოთშია გაჩერებული.
„ტრაილერები ჩვენ გამო არ გაჩერებულა. თურქული მხარე მათ არ ატარებს, იძულებული ვართ ფოთში მანამდე გავაჩეროთ ისინი, სანამ თურქული მხარე მათ მიღებას შეძლებს“, — განაცხადა საპატრულო სამსახურის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
ტრაილერები ფოთში გააჩერეს, რათა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე სატვირთოებმა საცობი არ შექმნან.
„პოლიცია წესრიგს იცავს. მანქანებს თანდათან უშვებენ, იმ დროს, როდესაც თურქულ მხარეს შესაძლებლობა უჩნდება“, — აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურმა მოსახლეობას წინადადებით მიმართა, ესარგებლათ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა ("კარწახი", "ვალე") საბაჟო-გამშვები პუნქტებით.
წინასწარი ინფორმაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად თურქეთს დაახლოებით ერთ წელი დასჭირდება.