ქირურგია იყო ჩემთვის დიდი ტანჯვაც და უდიდესი ბედნიერებაც...

© photo: Sputnik / Макс Альперт / გადასვლა მედიაბანკშისაბჭოთა ქირურგი, აკადემიკოსი, უკრაინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი, ნიკოლი ამოსოვი.
საბჭოთა ქირურგი, აკადემიკოსი, უკრაინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი, ნიკოლი ამოსოვი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, იმედია, ყველა მაპატიებს, თუ ამ ჩვენი აივნიდან ხმამაღლა განვაცხადებ, რომ მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და საჭირო პროფესია — ექიმის პროფესიაა.

ამ დილით კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს განვლილ ცხოვრებას, რომლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არაერთხელ მომიწია შეხვედრა ექიმებთან. თუმცა ამ შეხვედრებს შორის ერთხელ 34-წლიანი შესვენებაც კი იყო. მაგრამ მახსოვს ყველა ჩემი ექიმი, სათითაოდ, ჩემი პირველი პედიატრიდან, განუმეორებელი დავით კვიტაიშვილიდან დაწყებული. როგორ შეიძლება არ გახსოვდეს ის ადამიანი, ვინც როდესაც ყველაზე ძალიან გიჭირს და გჭირდება, დახმარების ხელს გიწვდის, ღამეებს ათენებს შენს პალატასთან, გამხნევებს და გიხანგრძლივებს ამ შესანიშნავ სამყაროში ყოფნის წუთებს, დღეებსა და წლებს…

ზოგიერთი ექიმი ისეთი მყავდა, რომ ავადმყოფობაც კი მიხაროდა. აბა, როგორ არ გავიხსენო დიდი ვოვა ბურაკოვსკი, ლეო ბოკერია, ნოდარ ყიფშიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ვახტანგ (ღუტუ) ქავთარაძე, ამირან რევიშვილი, ნუგზარ ტატიშვილი, სიმონ ხეჩინაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი… მე ასე ვფიქრობ, რომ როგორც ნამდვილი პოეტი ვერ გახდები, მხოლოდ რითმის გრძნობა თუ გაქვს, ასევე ნამდვილი ექიმი ვერ გახდები, თუ მხოლოდ ანატომია და სხვა მეცნიერებები გაქვს ნასწავლი და დაბადებით ექიმი არ ხარ.

© photo: Sputnik / Макс Альперт / გადასვლა მედიაბანკშიქირურგი ნიკოლაი ამოსოვი კოლეგებთან ერთად ოპერაციის წინ.
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი კოლეგებთან ერთად ოპერაციის წინ. - Sputnik საქართველო
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი კოლეგებთან ერთად ოპერაციის წინ.

დღეს კი ჩვენი აივნის სტუმარია სწორედ ასეთი ადამიანი — ექიმი დაბადებიდან და ღმერთისგან, ლეგენდარული ქირურგი, აკადემიკოსი, ყველა არსებული რეგალიის მფლობელი, ამასთანავე საერთოდ სხვანაირად და გლობალურად მოაზროვნე კაცი, რომელიც უკრაინაში უდიდეს პიროვნებათა („უკრაინის სიამაყე“) შორის იაროსლავ ბრძენის შემდეგ მეორე ადგილზეა დასახელებული — ნიკოლაი ამოსოვი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1913 წლის 6 დეკემბერს.

ნიკოლაი ამოსოვს უწოდებენ ადამიან—ლეგენდას. ის დაიბადა ქალაქ ჩერეპოვეცში. დედამისი იყო ცნობილი მეანი, თანაც, ცნობილი არა მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმით, არამედ იმითაც, რომ იმ უმძიმეს წლებში კატეგორიულ უარს ამბობდა პაციენტებისგან ნებისმიერი, უმნიშვნელო საჩუქრის მიღებაზეც კი, და ეს მისი ოჯახის ცხოვრების პრინციპიც გახდა. ნიკოლაი ამოსოვის კლინიკაში ყოველთვის ეკიდა მისი ხელით დაწერილი წერილი (არავის რომ არ ჰგონებოდა, რომ ეს ადმინისტრაციის მიერ იყო დაწერილი) – „ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, არ მომიტანოთ ტყუილად საჩუქრები, ყვავილებიც კი. ჩემთვის მთავარია თქვენი ყურადღება. დიდი მადლობა. ნ. ამოსოვი“.

© photo: Sputnik / Макс Альперт / გადასვლა მედიაბანკშიქირურგი ნიკოლაი ამოსოვი ოპერაციის დროს.
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი ოპერაციის დროს. - Sputnik საქართველო
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი ოპერაციის დროს.

იმის გამო, რომ ამოსოვის ბიძა „ხალხის მტრად“ იყო შერაცხული, ნიკოლაიმ თავიდან ვერ აიხდინა სურვილი და ვერ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. მან სწავლა დაიწყო ტექნიკუმში, პარალელურად კი ელექტროსადგურში მუშაობდა. მხოლოდ 3 წლის მერე გაბედა და შეიტანა საბუთები არხანგელსკის სამედიცინო ინსტიტუტში, თანაც პარალელურად ჩააბარა გამოცდები დაუსწრებელ ინდუსტრიულ ინსტიტუტშიც. მან ეს ორივე ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა და შემდგომში თავისი ტექნიკური ცოდნა წარმატებით გამოიყენა უნიკალური სამედიცინო აპარატურის შექმნაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს ამოსოვი ხელმძღვანელობდა პატარა, 5-კაციან საველე ჰოსპიტალს, რომელმაც დახმარება გაუწია 40 ათას მეომარს. იმ დროს მან 4 ათასამდე ოპერაცია ჩაატარა. საინტერესოა, რომ ნიკოლაი ამოსოვმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გადაწყვიტა მედიცინიდან წასვლა, როდესაც გარდაეცვალა დაჭრილი, რომელსაც ნოვოკაინისადმი ალერგია აღმოაჩნდა. ამოსოვის კოლეგები იხსენებდნენ, რომ ის რამდენიმე საათის განმავლობაში იმეორებდა – ამ ბიჭს მტერი ვერ მოერია და მე მოვკალიო. მაგრამ მან სძლია საკუთარ თავს, დაბრუნდა საოპერაციო მაგიდასთან და ამის შემდეგ არც ერთხელ აღარ გამოუჩენია სისუსტე.

ნიკოლაი ამოსოვის მეგობარი ექიმები და პაციენტები იხსენებენ, რომ ის ყველა პაციენტს ეპყრობოდა როგორც საკუთარ უახლოეს ნათესავს და მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც მის წარმოშობას, არც მდგომარეობას და, მით უმეტეს, არც იმას, მდიდარი იყო ის თუ არა. ერთხელ ამოსოვმა თქვა: „ქირურგს არასდროს არ უნდა აერიოს ერთმანეთში ოპერაცია და ფული. ის ყოველთვის უნდა იყოს უანგარო იდეალისტი. სამწუხაროდ, ბევრი ამაზე კისერს იტეხს. მე, საბედნიეროდ, ამ გამოცდას გავუძელი“.

ამოსოვმა ომის დროს გამოიგონა სახსრებზე ოპერაციების ახალი მეთოდი, რომელმაც საშუალება მისცა, გადაერჩინა ისეთი დაჭრილები, რომლებიც ადრე სეფსისისგან იღუპებოდნენ. მან გადაწყვიტა დისერტაციის დაცვა და 1943 წელს რამდენიმე დღით ჩავიდა მოსკოვში. მაგრამ დისერტაცია დაუწუნეს მხოლოდ იმის გამო, რომ ხელნაწერი იყო… ის დაბრუნდა ფრონტზე, შექმნა გულ-მკერდის არეში დაჭრის დროს მკურნალობის ახალი მეთოდები და 8 სამეცნიერო შრომა დაწერა. ამოსოვმა ომი შორეულ აღმოსავლეთში დაასრულა. ომის შემდეგ დაბრუნდა მოსკოვში, სადაც სკლიფოსოვსკის სახელობის კლინიკის მთავარი ქირურგის სერგეი იუდინის მიწვევით მუშაობა დაიწყო მოსკოვის ამ ყველაზე ცნობილ საავადმყოფოში, თუმცა… არა ექიმად, არამედ ინჟინრად. ის არემონტებდა სამედიცინო აპარატურას და ადგენდა საავადმყოფოს სამუშაო განრიგს. შემდეგ ამოსოვი იხსენებდა, რომ, მართალია, მას სკალპელი არ ანდეს, მაგრამ ის იმდენი უნიკალური ოპერაციის თვითმხილველი იყო, რომ ეს მისთვის შესანიშნავი პრაქტიკა გახდა.

© photo: Sputnik / Макс Альперт / გადასვლა მედიაბანკშიქირურგი ნიკოლაი ამოსოვი მუშაობის პროცესში
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი მუშაობის პროცესში - Sputnik საქართველო
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი მუშაობის პროცესში

ცოტა ხანში სერგეი იუდინს ბრალი შპიონაჟში დასდეს. ამოსოვი კი სამუშაოდ ქალაქ ბრიანსკში გადავიდა, სადაც შეისწავლა ფილტვების რეზექციისადმი ახალი მიდგომები აბსცესების, ჭლექისა და სიმსივნეების დროს. 1951 წელს ის მოხსენებით გამოვიდა კიევის ტუბერკულიოზის ინსტიტუტში, რომლის დირექტორი ალექსანდრ მამოლატი იმდენად გააოცა მისმა შედეგებმა, რომ მან ამოსოვს შესთავაზა, სათავეში ჩასდგომოდა გულ-მკერდის ქირურგიის კლინიკას. 1953 წელს ამოსოვმა სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა. 

1955 წელს ნიკოლაი ამოსოვმა დაიწყო ოპერაციები გულზე. ის ცდილობდა დახმარებოდა გულის მანკით მძიმედ დაავადებულ ბავშვებს. 

თავის წიგნში „აზრები და გული“ ამოსოვი წერს: „ყველაზე დიდი გამოცდა და განცდაა მუშაობა ბავშვებთან. როდესაც მე მათ ოპერაციისთვის ვამზადებ, ვცდილობ მათთან ახლო კონტაქტში არ შევიდე, რომ ემოციებმა არ მძლიოს და ყურადღება გადამაქვს მხოლოდ მათ გულ-მკერდზე. მხოლოდ მერე, ოპერაციის დროს მაქვს საშუალება გამოვიჩინო მათდამი უსაზღვრო სიყვარული, იქ უკვე მაქვს ამის უფლება“.

1957 წელს ამოსოვი იმყოფებოდა სამედიცინო კონგრესზე მექსიკაში, სადაც პირველად დაესწრო გულის ოპერაციას ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატით. ოპერაციას ასევე სხვა აკადემიკოსებიც დაესწრნენ, მაგრამ მხოლოდ ამოსოვმა დახარჯა მთელი სამივლინებო თანხა იმისთვის, რომ შეეძინა პლასტიკური მილები, რომელთა დახმარებით შემდეგ საკუთარი აპარატი შექმნა.

© photo: Sputnik / Макс Альперт / გადასვლა მედიაბანკშიქირურგი ნიკოლაი ამოსოვი ოპერაციის დროს.
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი ოპერაციის დროს. - Sputnik საქართველო
ქირურგი ნიკოლაი ამოსოვი ოპერაციის დროს.

პირველი წარმატებული ოპერაცია საკუთარი სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებით ამოსოვმა 1960 წელს ჩაატარა, ხოლო 1962 წელს მან შექმნა გულის განსაკუთრებული, უნიკალური ხელოვნური სარქველები, რამაც მომავალში უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ყველაზე უცნაური კი, იცით, რა არის? ამოსოვმა თავად ხუთი ოპერაცია გადაიტანა გულზე. საქმე ისაა, რომ მიუხედავად თავისი მკაცრი, ასკეტური იერისა და იმისა, რომ ის სულ ფორმაში იყო (სხვათა შორის, ამტკიცებდა, რომ ქირურგი უნდა იყოს ძლიერი და ძალიან გამხდარი), მას სინამდვილეში სუსტი გული ჰქონდა და ერთ-ერთი პატარა პაციენტის გარდაცვალების შემდეგ ის კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდა. მაგრამ ამოსოვი ამავდროულად მებრძოლიც იყო და მან გამოიგონა ახალგაზრდობის შენარჩუნების საკუთარი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებდა სწორ კვებასა და ფიზიკურ დატვირთვას. ყოველ დილით დარბოდა 5 კილომეტრს, 45 წუთი ვარჯიშობდა ჰანტელებით და იცოცხლა 88 წელი, 88 ლამაზი და ღირსეული წელიწადი, რომლის უდიდეს ნაწილის მანძილზე ადამიანებსა და საყვარელ საქმეს ემსახურებოდა.

მინდა შემოგთავაზოთ მის მიერ ჩამოყალიბებული სულ რამდენიმე წესი, რომელთა შესრულება სულაც არ არის ძნელი, უბრალოდ, ცოტა დისციპლინაა საჭირო:

1. ყოველდღიურად თქვენ მოციონში უნდა შედიოდეს — ცხიმიანი საკვები მინიმალური რაოდენობით, აუცილებლად 300 გრამამდე ხილი და ბოსტნეული. ადამიანის წონა მაქსიმუმ უნდა იყოს სიმაღლეს მინუს 100 ერთეული.

2. აუცილებელია ყოველდღიური 20-წუთიანი ვარჯიშები. ეს განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის.

3. (ამოსოვის აზრით, ყველაზე რთული) უნდა ისწავლო საკუთარ თავზე ბატონობა, ანუ საკუთარი თავის ხელში აყვანა. საუკეთესო მეთოდია – მოეშვა და სწორად ისუნთქო. ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ დეპრესიის მოსახსნელად ჩხუბი და ცუდი ქცევები მისთვის გამორიცხული უნდა იყოს.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ ყველას, ჩემი თავი კი გავახარო: დიდი ქირურგის და პროფესიონალის ნიკოლაი ამოსოვოს შეფასებით, ადამიანი ახალგაზრდაა 60 წლის ასაკამდე და ამ ზღვარის ზემოთ გადატანაც შესაძლებელია, თუ მივხედავთ და პატივს ვცემთ საკუთარ თავს.

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ჯანმრთელ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0