თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე ლიტვაში დააკავეს. ის ექსტრადიციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ლიტვური მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„დაკავება განხორციელდა“, — განაცხადა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გედრიუს მიშუტისმა, იუწყება სააგენტო BNS.
მიშუტისმა ასევე განაცხადა, რომ გასულ შაბათს, მას შემდეგ, რაც მაისურაძე კიევიდან ვილნიუსში ჩაფრინდა, ის ლიტველმა მებაჟეებმა ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის ინიციატივით იყო გაცემული.
როგორც პორტალი Delfi აღნიშნავს, ვილნიუსის საოლქო სასამართლომ კვირას ეჭვმიტანილის ათი დღით დაკავების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
პორტალის მონაცემებით, რუსეთმა მაისურაძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილი.