თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „იდუმალი სტუმრის“ პროექტის ფარგლებში კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ გასულ ზაფხულთან შედარებით ტურისტულ ობიექტებში მომსახურება გაუმჯობესდა.
10%-ით გაიზარდა რეგიონში საუკეთესო და 11%-ით კარგი სერვისის მქონე სასტუმროების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე სასტუმროების რიცხვს, ის წინა წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული.
ზოგადად, მომსახურების ხარისხი სასტუმროებში 7%-ით, მარკეტინგი 13%-ით, ხოლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა 14%-ითაა გაუმჯობესებული.
5%-ითაა გაზრდილი აჭარაში საუკეთესო და 17%-ით კარგი სერვისის მქონე კვების ობიექტების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე კვების ობიექტებს მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული.
კონფლიქტური სიტუაციების მართვის მენეჯმენტი ზოგადად, რესტორნებსა და კაფეებში 13%-ითაა გაუმჯობესებული. რასაც ვერ ვიტყვით პერსონალის მომსახურების კულტურაზე, რომელიც წინა წელთან შედარებით 1 % —თაა შემცირებული.
2016 წელს სერვისის კვლევა150 ტურისტულ ობიექტში განხორციელდა, მათ შორის 90 სასტუმროსა და 60 კვების ობიექტში.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტ „იდუმალი სტუმრის“ პროექტს ტურისტული ობიექტების ხარისხის დონის გაუმჯობესების მიზნით 2014 წლიდან ახორციელებს. ამ მიზნით რეგიონში ორი პროექტი ხორციელდება: „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი“.
ამ წლის ივნისში აჭარაში პირველი ტურისტული ობიექტები გაჩნდა, რომელთაც გააჩნიათ ხარისხის სერტიფიკატი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ხარისხის სერტიფიკატი 18-მა ობიექტმა მიიღო.