თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
გამოძიების მონაცემებით ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები დამნაშავის კუთვნილი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით – „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“, რაც თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.