თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. Salio-ს ფსევდონიმით ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ამერიკული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა.
სიმღერის კონკურსი მერილენდის შტატის ქალაქ კატონსვილში მდებარე ხმის ჩამწერი სტუდიის SongBuilder Studios მიერ გამოცხადდა, რომელშიც უამრავმა მუსიკოსმა და შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. სტუდიის მფლობელები არიან სტივენ ჯოზეფ ანტონელი და ნეიტ ლანზინო.
„მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ და სულშიჩამწვდომ ხმას ყურადღება მაშინვე მივაქციეთ. იმაზე ამაღელვებელი არაფერია, როგორც ასეთ ნიჭიერ არტისტთან მუშაობა“, – ნათქვამია SongBuilder Studios განცხადებაში.
სალომე კორკოტაშვილმა ამერიკულ ჟიურის განსახილველად თავისი საავტორო სიმღერა Wayside წარუდგინა (სადებიუტო ალბომიდან Lost World).
ამ კომპოზიციაზე გადაღებულია ვიდეოკლიპიც, რომელშიც სალომე გზისპირა კაფეს ოფიციანტის როლშია. კლიპის პრემიერა ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი საქართველოში შედგა. მისი რეჟისორი იუგო მორისია. ვიდეო ერთ გრძელ კადრად არის გადაღებული.
პრიზის სახით ქართველმა მომღერალმა სტუდიაში SongBuilder Studios სიმღერის ჩაწერის შესაძლებლობა მიიღო. კომპოზიცია აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ასამდე რადიოსადგურის ეთერში გავა.
სხვადასხვა წლებში SongBuilder Studios-თან ისეთი ვარსკვლავები მუშაობდნენ, როგორებიც არიან მაილი საირუსი, ბრიუს სპრინგსტინი და როკ-ჯგუფი The Smashing Pumpkins.
სალომე კორკოტაშვილი პოპისა და ნეოსოულის სტილში მღერის. სწავლობდა ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, საქართველოში „ევროვიზია-2008“-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, 2016 წელს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა.
მას შემდეგ, რაც სალომე მეორედ გათხოვდა ბრიტანელ პროფესორსა და ლიტერატორზე რიჩარდ ჰოვარდზე, გოგონა ლონდონში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იქ ქმნის.