თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში მე-19 საუკუნის დაზიანებული შენობის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ოთხსართულიანი სახლის ერთ-ერთმა ბინადარმა დიმიტრი ილიენკომ „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კედლის ჩამონგრევის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ საჭირო გახდა ათი ოჯახის ევაკუაცია და ისინი, ადგილობრივი ხელისუფლების თანხებით, სასტუმროებში გადაანაწილეს.
„შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ამის გამო ჩვენით არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, რადგან ამის ნებას მერია არ გვაძლევდა. საუბარი იყო გასამაგრებელ სამუშაოებზე, თუმცა ჩვენ პირობები არ გვაწყობდა. მაგრამ ახლა ასეთი ფაქტი მოხდა და ამჟამად უკვე ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ილიენკომ.
სასტუმროებში დროებით განთავსებულ ოჯახებს დასაქირავებლად ბინების მოძებნა შესთავაზეს. რაიონული გამგეობა მზადაა, ამისთვის ოჯახზე თვეში 300-დან 400 ლარამდე თანხა გაიღოს.
„შენობის აღდგენაზე თანახმა არ ვართ, რადგან ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება აღადგინო ან გაამაგრო შენობა, რომელსაც საძირკველიც არა აქვს. მოვითხოვთ, რომ სახლს მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რის შემდეგაც უკვე შეიძლება ინვესტორი გამოჩნდეს“, — აღნიშნა ილიენკომ.
სახლში, რომელიც 1890 წელს არის აშენებული, 22 ოჯახი ცხოვრობდა.
კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ სახლის ბინადრებს აქამდე ვერ დაეხმარა, რადგან მათ ერთმანეთში მოთხოვნები ვერ შეათანხმეს.
„მცხოვრებლების ნაწილს სურს დეველოპერის მოზიდვა, მეორე ნაწილს — შენობის რეაბილიტაცია… იმისთვის, რომ პრობლემა გადაწყდეს, აუცილებელია, რომ ამხანაგობის წევრები შეჯერდნენ, მოგვმართონ და ჩვენ დავეხმარებით როგორც კულტურული ნაწილის რეაბილიტაციაში, ასევე დეველოპერის გამოჩენის შემთხვევაში, ყველანაირ სამართლებრივ და სხვა სახის კონსულტაციებს გავუწევთ, თუ როგორ შეიძლება ამ ძეგლის ადაპტირება“, — განაცხადა კოპალეიშვილმა.