„სპარტაკმა“ ლორიას, ოქრიაშვილმა კი „ტერეკს“ ვერ გაუტანა

გამოწერა
„კრილია სოვეტოვმა“, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, „კრასნოდარმა“ კი, რომელშიც ოქრიაშვილი თამაშობს, „ზენიტზე“ გამარჯვების შემდეგ გროზნოში წააგო.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და „კრილია სოვეტოვის“ ძირითადმა მეკარემ გიორგი ლორიამ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში ყველა ბურთი მოიგერია, მისმა კლუბმა კი რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგის მე-16 ტურში საშინაო მატჩის დროს „სპარტაკი“ გაანადგურა ანგარიშით 4:0. შეხვედრის დროს ლორიამ ხუთი საგოლე დარტყმა წარმატებით მოიგერია.

მანამდე, მე-15 ტურში „კრილიამ“ ტომსკის კლუბი „ტომი“ გაანადგურა ანგარიშით 3:0. 

ბოლო ორი გამარჯვების შემდეგ სამარის კლუბმა 14 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგაში ზამთრის პაუზის წინ დასკვნით მატჩში „კრილია სოვეტოვი“ გასვლაზე „კრასნოდარს“ ეთამაშება.

თავის მხრივ „კრასნოდარმა“, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, მე-16 ტურში გასვლაზე „ტერეკთან“ წააგო ანგარიშით 1:2.  

ოქრიაშვილი, რომელიც წინა ტურის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი გახდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა ამჟამად თავი ვერაფრით გამოიჩინა. მთელი მატჩის განმავლობაში ის მეტოქის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.

ამ წაგებამ „კრასნოდარი“ ევროთასების ზონიდან ამოაგდო. 2016 წლის ბოლო მატჩის წინ სამხრეთელების აქტივში 27 ქულაა და მათ სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილი უჭირავთ.

ყველა ახალი ამბავი
0