საქართველოს ზამთრის კურორტები ტურისტებს დაგვიანებით მიიღებენ

გამოწერა
არასაკმარისი თოვლის საფარის გამო სათხილამურო სეზონი საქართველოში დეკემბრის შუა რიცხვებიდან გაიხსნება. სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულებს დასვენება ჯერჯერობით მხოლოდ ბახმაროში შეუძლიათ, თუმცა, სინოპტიკოსების დაპირების თანახმად, საქართველოში თოვლიანი ზამთარი იქნება.

საქართველოში წელს ზამთრის სეზონი წინა წლებთან შედარებით ერთი თვით გვიან დაიწყება. თუ ადრე ტურისტებსა და დამსვენებლებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე წასვლა უკვე ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეეძლოთ, 2016 წელს ეს მხოლოდ დეკემბრის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი.

ზამთრის სეზონი 2016-2017

ტურისტულ სააგენტოებში აღნიშნავენ, რომ საგზურებს ძირითადად ადგილობრივები უკვეთენ, უცხოელები უფრო იშვიათად. უცხოელი ტურისტების ნაკადი მოსალოდნელია საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოდან.

„კურორტებზე არის თოვლი, მაგრამ ისეთი არა, რომ სპორტსმენები ან ტურისტები იქ სასრიალოდ წავიდნენ“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას ტურაგენტმა ნინო ჩიკვილაძემ. 

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 10 დეკემბრიდან გაიხსნება

მისი თქმით, შარშან ტურისტები უფრო ხშირად მიმართავდნენ ტურისტულ სააგენტოებს. ქართველი ტურისტების შემთხვევაში ეს ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით აიხსნება, უცხოელები კი არასაკმარისი თოვლის გამო საქართველოში ჩამოსვლას არ ჩქარობენ.

Sputnik-ი ბაკურიანის, გუდაურის, მესტიის და გოდერძის სასტუმრო კომპლექსებს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ თოვლი დევს, მაგრამ იმ დონეს ვერ აღწევს, რომ შესაძლებელი იყოს თხილამურებზე ან სნოუბორდებზე სრიალი.

„თოვლი წამოვიდა, თუმცა მიჭირს თქმა, ისეთი თოვლი როდის გვექნება, ტურისტებმა რომ ისრიალონ. შესაძლოა, ერთ კვირაში, შესაძლოა, ორ დღეში“, – განაცხადა ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს წარმომადგენელმა.

კურორტებს შორის გარკვეული გამონაკლისია გუდაური, სადაც არსებობს ხელოვნური თოვლის დანადგარები და იქ სეზონი, თუ მანამდე საკმარისი თოვლი არ მოვიდა, 10 დეკემბერს მაინც გაიხსნება.

ბახმარო

ერთადერთი ადგილი, სადაც სრიალი უკვე შესაძლებელია — ეს ბახმაროა. თუმცა, ამ კურორტის განვითარება ახლახან დაიწყო და ზამთრის სეზონზე ტურისტთა დიდი ნაკადის მისაღებად ის მზად არ არის.

ბახმარო უფრო ზაფხულის კურორტია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მას ზამთარი-ზაფხულის კურორტად ქცევას აპირებს.

ბახმაროს კურორტი ამ სეზონზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს პირველად მიიღებს, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

ევროპის ქვეყნებიდან 60-მა სპორტსმენმა მოთხილამურემ ბახმაროში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. 

© გურიის მხარებახმარო
ბახმარო - Sputnik საქართველო
ბახმარო

ტურისტები, რომლებიც ბახმაროში ერთ კვირაში ჩამოვლენ, კურორტზე გადაადგილებას სპეციალური ტექნიკის დახმარებით შეძლებენ.

ამჟამად ბახმაროში ცხოვრება მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის გათვალისწინებულ ხის კოტეჯებში არის შესაძლებელი, თუმცა, რამდენიმე ღამის გათევა იქ ახლაც შეიძლება. მომავალში ბახმაროში აგურის კოტეჯებიც აშენდება.

ბახმაროს განვითარების გეგმაში არა მარტო ახალი სასტუმროების აშენებაა გათვალისწინებული, არამედ გაზიფიკაცია, წყალმომარაგება და გზების მშენებლობა.

კურორტის კეთილმოწყობის პროცესი უკვე დაიწყო და ბახმარო ყოველ წელს უფრო მეტად განვითარდება. ასევე იგეგმება სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მოწყობა, განაცხადა სალუქვაძემ.

„გეგმის მიხედვით, ბახმარო ისეთ კურორტად იქცევა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. აქ 7-8 თვის მანძილზე თოვლია, ასე რომ, ჩვენ განვავითარებთ ამ ადგილს, რათა ნამდვილ ზამთრის კურორტად ვაქციოთ“, — თქვა სალუქვაძემ.

გურიის გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ წელს ზაფხულის სეზონზე ბახმაროს დამსვენებელთა რეკორდული რაოდენობა ეწვია – დაახლოებით 20 ათასი. სალუქვაძე დარწმუნებულია, რომ ეს კურორტი მისი სრული მოწყობის შემდეგ ზამთარშიც ისეთივე პოპულარული გახდება.  

ზამთრის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა რამაზ ჭითანავამ Sputnik-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ზამთარი წელს ნორმის ფარგლებში იქნება. ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის, მაღალ მთაში კი დეკემბრის დასაწყისიდან თოვლი წამოვა.

„ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი 70%-ით მართლდება, მაგრამ საერთაშორისო მეტეოცენტრების დასკვნების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით მკაცრი ზამთარი იქნება ევროპის ჩრდილოეთ და შუა ნაწილებში. საქართველოში ზამთარი ნორმის ფარგლებში იქნება, ცალკეულ შემთხვევებში ნორმაზე ერთი გრადუსით უფრო თბილიც კი“, — თქვა ჭითანავამ.

ნალექების რაოდენობაც ნორმის ფარგლებში იქნება, აღნიშნა მან და დაამატა, რომ ტურისტულ სეზონს ამინდის პირობები ხელს არ შეუშლის. თოვლი საკმაოდ ბევრი იქნება.

მოემზადეთ და ჩამოდით საქართველოში. თქვენ დაუვიწყარი ზამთრის დასვენება გელით! 

© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები


ყველა ახალი ამბავი
0