თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ გაუხარდა საქართველოს კულტურისა და უფლის მადიდებელი ხალხის დანახვა, იუწყება Vatican Radio.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 30 სექტემბერს ეწვია. იგი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, შემდეგ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესა ჩაატარა.
„არასდროს მეგონა, რომ საქართველოში ვიპოვიდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, იესო ქრისტეს მადიდებელი ადამიანები, რადგან ეს ქრისტიანი მოსახლეობაა. ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო“, — განაცხადა რომის პაპმა.
„მივხვდი, რომ იქ უფლის ადამიანია“, — თქვა პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ.
რომის პაპმა ეს შთაბეჭდილებები ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუზიარა, რომლებიც ვატიკანში სპეციალურად პონტიფიკოსისთვის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობის მოსახსენებლად ჩავიდნენ.