რა წავიკითხოთ ზამთრის საღამოს: ქართული რომანების ტოპ-ათეული

გამოწერა
გრძელ ზამთრის საღამოს საინტერესო წიგნი გაგილამაზებთ, რომელიც არა მარტო ცხოვრებისეულ პრობლემებს დაგავიწყებთ, არამედ ახალ შეგრძნებებს მოგანიჭებთ, გმირების საოცარ თავგადასავლებს დაგანახებთ და რაღაცას გასწავლით კიდევაც.

„Sputnik-საქართველო“ ქართველი მწერლების ყველაზე საინტერესო რომანებს წარმოგიდგენთ:

მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“

ლავრენტი ბერიას სარდაფებში დაღუპული ქართული ლიტერატურის კლასიკოსის გამორჩეული რომანი 1924 წელს დაიწერა. მოქმედება XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთსა და შვედეთში მიმდინარეობს. თაღლითი კვაჭი კვაჭანტირაძე რასპუტინის სალოცავიდან მეფის სასახლეში შეაღწევს, პირველი მსოფლიო და სამოქალაქო ომების ფრონტებზე დაჰქრის. კვაჭის დიდებისა და ეშმაკურ კომბინაციებში წარმატების გზა ლამაზმანების გულებზე და საძინებლებზე გადის, ბოლოს კი სტამბულში საერთაშორისო ბორდელის მატრონას მონობით სრულდება. შეუპოვარი გაიძვერას სახის შემქმნელს დიდი წარმატება ხვდა წილად — მისი გმირის სახელი კაზანოვას, ფიგაროსა და ოსტაპ ბენდერის მსგავსად საზოგადო გახდა.

გურამ ფანჯიკიძის „სპირალი“

ქართველი მწერლის ფანტასტიკური ჟანრის ცნობილი რომანის მთავარი გმირია ადამიანის ტვინის გადანერგვის იდეით შეპყრობილი ნიჭიერი ქირურგი ზურაბ თოდაძე. მისი აზრით, ერთი პაციენტის უნიკალურ ტვინს და სხვა ადამიანის სრულყოფილ სხეულს ადაპტაციის მერე იდეალურ ჰარმონიული პიროვნების შექმნა შეუძლია. თუმცა ოპერაცია გაუთვალისწინებელ შედეგებს გამოიწვევს.

ოტია იოსელიანის „იყო ერთი ქალი“

პოპულარული ქართველი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის რომანი, რომელიც 1970 წელს დაიბეჭდა. ამ რომანში წამოწეულია ზნეობრივი პრობლემები, რომლებიც დღესაც აქტუალურია. მისი გმირი კი, როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქართველი ქალი, შინაგანი ჰარმონიისა და მთლიანობისკენ მიისწრაფვის.

ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“

1978 წელს დაწერილ რომანში საუბარია სიკეთის, სიყვარულის და ცხოვრების აზრის ძიებაზე. წიგნის მთავარი გმირია ბაჩანა რამიშვილი. განსაკუთრებულ შარმს რომანს რბილი იუმორი ანიჭებს.

„მარადისობის კანონის“ ყველაზე ცნობილი ციტატაა: „ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე“.

ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“

1973—1975 წლებში დაწერილ ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის ეპიკურ ისტორიულ რომანში რევოლუციამდელი ქართული საზოგადოებაა აღწერილი. ქართული წარმართული მითოლოგიური გმირის თუთაშხას სახელის მატარებელი მთავარი გმირის მიზანს ბოროტების ამოძირკვა წარმოადგენს, რასაც კანონთან და სახელმწიფოსთან კონფლიქტამდე მიჰყავს და აბრაგად აქცევს. რომანი საქართველოსა და რუსეთში არაერთხელ გამოიცა და რამდენიმე ევროპულ ენაზეც ითარგმნა. 1997 წელს რომანის მოტივებზე გადაღებულია მრავალსერიანი ფილმი „დათა თუთაშხია“.

© photo: Sputnik / ფრედ გრინბერგიმწერალი ჭაბუა ამირეჯიბი
მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი - Sputnik საქართველო
მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი

ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”

1973 წელს გამოქვეყნებული რომანი მწერლის მაგიური რეალიზმის მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. რომანში სამი ათასი წლის წინანდელი ამბებია აღწერილი, როდესაც საქართველოს მიწაზე ბერძნებმა პირველად შემოაბიჯეს. მოქმედება კოლხეთის სამეფოში ხდება, მთავარი გმირები კი მეფე აიეტი, მისი ქალიშვილი მედეა და ოქროს საწმისის მაძიებელი ბერძენი იასონი არიან.

კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“

ისტორიული რომანი, რომელსაც საფუძვლად სვეტიცხოვლის მშენებლობის ისტორია დაედო. მთავარი გმირები არიან გიორგი პირველი და ტაძრის არქიტექტორი არსაკიძე. რომანი თარგმნილია ათზე მეტ ენაზე და მის მიხედვით გადაღებულია ფილმი. ამბობდნენ, რომ სტალინმა რომანი ერთ ღამეში წაიკითხა, გააღვიძა ბერია და უთხრა: „გამსახურდია გადასარევი მწერალია, რატომ არ ვიცოდი?!“ 1939 წლის 31 მარტს რომანის გამოქვეყნება მწერლის შვილის ზვიად გამსახურდიას დაბადებას დაემთხვა. მას სახელი რომანის ერთ-ერთი გმირის ზვიად სპასალარის პატივსაცემად დაერქვა.

გიორგი დანელიას „უბილეთო მგზავრი“

საკულტო ფილმების ავტორი („არ დაიდარდო“, „მიმინო“, „აფონია“, "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში",  „ქინ-ძა-ძა“ და სხვები) თავის წიგნში პატარა ისტორიებს გვიყვება, ხან ძალიან სასაცილოს, ხან – სევდიანს. მისი წიგნის წაკითხვისას შთაბეჭდილება გექმნება, რომ ავტორი შენ წინაშე ზის და თვისი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს და იმ ადამიანებს იხსენებს, რომელთა გახსენებაც ნამდვილად ღირს.

© photo: Sputnik / რატუშენკოკინორეჟისორი გიორგი დანელია
კინორეჟისორი გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი გიორგი დანელია

აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“

პოპულარული ქართველი მწერლის რომანი 90-იანი წლების საქართველოს ასახავს. მდიდარი ოჯახის შვილს გიორგის უყვარდება როსკიპი იანა. მასთან დაშორების შემდეგ თანხმდება მეგობარი გოგლიკოს წინადადებაზე და მარიხუანის გადატანისას ისინი შემთხვევით აღმოჩნდებიან ყარაბაღის ტერიტორიაზე, ხვდებიან ტყვეობაში, შემდეგ კი გარბიან. სიცოცხლის გადასარჩენად გიორგის ცხოვრებაში პირველად დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება უწევს და სასიკვდილო საშიშროებისას ის სულიერ სიმშვიდესა და თავისუფლებას გრძნობს. 2005 წელს რომანის მიხედვით რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ფილმი გადაიღეს.

ალექსანდრე ებანოიძის „ორი თვე სოფელში, ანუ ქორწინება იმერულად“

მწერლის, მთარგმნელის, სცენარისტისა და მოსკოვის ჟურნალის „დრუჟბა ნაროდოვ“ მთავარი რედაქტორის ალექსანდრე ებანოიძის სადებიუტო რომანი. ეს ბედნიერი სიყვარულის ისტორიაა. ეს ამბავი ვითარდება სოფელში. ახალგაზრდა მოქანდაკე ზაფხულში დასასვენებლად სოფელში მიდის, სადაც გაიცნობს გრძელფეხება გოგონას, რომელშიც ქალი ახლა იწყებს გაღვიძებას. 70-80-იან წლებში წიგნი ბესტსელერი გახდა, 1979 წელს კი რეჟისორმა ნელი ნენოვა-წულაიამ ამ წიგნის მიხედვით შესანიშნავი ლირიკული ფილმი „ქორწინება იმერულად“ გადაიღო.

© photo: Sputnik / ალექსეი ტიხომიროვიჟურნალის "დრუჟბა ნაროდოვ" მთავარი რედაქტორი ალექსანდრე ებანოიძე
ჟურნალის დრუჟბა ნაროდოვ მთავარი რედაქტორი ალექსანდრე ებანოიძე - Sputnik საქართველო
ჟურნალის "დრუჟბა ნაროდოვ" მთავარი რედაქტორი ალექსანდრე ებანოიძე


მასალა შედგენილია ღია წყაროების მიხედვით. ყველა რომანი, „ყარაბაღში გასეირნების“ გარდა, რუსულ ენაზეა თარგმნილი. აკა მორჩილაძის ნაწარმოები უკრაინულ ენაზეა თარგმნილი.

ყველა ახალი ამბავი
0